Accessibility links

logo-print

გენერალი რომან დუმბაძე - მოღალატე ოფიცერი თუ განტევების ვაცი?


საქართველოში დღეს ყველას პირზე აკერია გენერალ რომან დუმბაძის სახელი.

თავდაცვის სამინისტროს 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურმა ჩოლოქის ინციდენტის დროს ქვედანაყოფი მთავარსარდლის დაქვემდებარებიდან გამოიყვანა და დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ ღალატის გამო ახალგაზრდა გენერალი თანამდებობიდან გადააყენა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი მას რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში განმდგარ გენერალს სამაგალითო დასჯით დაემუქრა. მაგრამ ვინ არის გენერალი დუმბაძე - მოღალატე თუ განტევების ვაცი ცენტრსა და რეგიონს შორის წამოჭრილ დაპირისპირებაში?

40 წლის გენერალი რომან დუმბაძე ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ოდესმე მას ქვეყნის მიმართ ღალატს დააბრალებდნენ და შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვდნენ. 12 წლის წინ, როდესაც აფხაზეთში საომარი კონფლიქტი დაიწყო, რომან დუმბაძემ სპეციალური ქვედანაყოფი ჩამოაყალიბა და, მიუხედავად ასლან აბაშიძის წინააღმდეგობისა, 140 კაცით სოხუმში ჩავიდა. ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში გენერალ დუმბაძის პირადი მეთაური იყო, იხსენებს, რომ აჭარის ქვედანაყოფი ოჩამჩირეში საკმაოდ მიზანდასახულად მოქმედებდა:

[კობა კობალაძის ხმა] "ოჩამჩირის მიმართულებაზე ეგ[რომან დუმბაძე] ხელმძღვანელობდა აჭარის შემადგენლობას, ვინც მანდ იყო - ერთ ასეულს. ნორმალურად მოღვაწეობდა და ნორმალურად ასრულებდა ამოცანებს. იმ პერიოდში ყველა გამოირჩეოდა რაღაცით."(სტილი დაცულია)


მაგრამ 16 მარტს ჩოლოქის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გენერალ რომან დუმბაძის ერთგულება პირველად და საბედისწეროდ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ინციდენტის ღამეს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გენერალმა უღალატა მხედრულ ფიცს, გამოვიდა ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებიდან, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბრიგადის პირადი შემადგენლობა უმაღლესი მთავარსარდლის კორტეჟის ბლოკირებაში ღებულობდა მონაწილეობას.

ცხადია, ცენტრიდან რეაგირებამ არ დააყოვნა. როგორც რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა გივი იუკურიძემ განაცხადა, რომან დუმბაძის საქმე გარკვეულია:

[გივი იუკურიძის ხმა] "დიდი ხანია გარკვეულია. პრეზიდენტის - უფრო სწორად, მინისტრის -ბრძანებულებით, გათავისუფლებულია თანამდებობიდან და პრეზიდენტმა დაითხოვა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, რამდენადაც მახსოვს."

მაგრამ საზოგადოებისათვის გაურკვეველია, თუ როგორ იქცა აფხაზეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გენერალი - მოღალატედ. ან როგორი იყო ჩოლოქის ინციდენტის დროს ხარისხი ლოიალობისა რეგიონში დისლოცირებული შინაგანი ჯარების და საზღვრის დაცვის ქვედანაყოფთა მეთაურებისა, რომლებიც ასევე ექვემდებარებიან ცენტრალურ ხელისუფლებას?
თავად რომან დუმბაძე ჟურნალისტებთან საუბარს გაურბის. ცხადია, რატომაც: როცა მოღალატედ გაცხადებენ, ჟურნალისტის ყოველი შეკითხვა გამომძიებლის დაკითხვას ემსგავსება. თუმცა რადიო "თავისუფლებას" გენერალი დუმბაძე პარასკევს თავად დაუკავშირდა საკუთარი მოსაზრების დასაფიქსირებლად:

[რომან დუმბაძის ხმა] "როცა დაიწყეს ლაპარაკი, რომ ჯარი გაიყვანაო და ასე შემდეგ, მე დავუკავშირდი[შტაბს თბილისში] და ვინც მირეკავდა, ვაცნობე, რომ არავითარი ჯარის გაყვანა არ არის და ჯარი ადგიზლეა-მეთქი. ხოდა, პრეზიდენტს ვინ აძლევდა ინფორმაციას, მე არ ვიცი. საიდან ღებულობდა პრეზიდენტი ინფორმაციას, რომ მე ჯარი მყავდა გაყვანილი... მანდ ხო არიან ის ადამიანები, ვინც მიმატოვა და წამოვიდა. აი, ალაპარაკონ ისინი და ვინმე თუ იტყვის, რომ მე ჯარისკაცები გავიყვანე, მე ვაღიარებ თავს სამშობლოს მოღალატედ. მაგრამ არავის არ მივცემ უფლებას, რომ მართლა რომ სამშობლოს მოყვარული კაცი ვარ და მოღალატედ გამომაცხადონ."[სტილი დაცულია]

გენერალი დუმბაძე აცხადებს, რომ ცენტრსა და აჭარას შორის დაპირისპირებით იგი ორ ცეცხლს შორის მოექცა:

[რომან დუმბაძის ხმა] " კობა, აი, შენ წარმოიდგინე, მე რომ მანდ ვიყო ახლა, სხვანაირად მომნათლავენ და აქ რომ ვიყო, მაგენი სხვანაირად მნათლავენ და ასე მიდის ჩემი ბედი."(სტილი დაცულია)

გენერალ რომან დუმბაძესთან ოცწლიანი მეგობრობა აკავშირებს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, პარლამენტარ გია ყარყარაშვილს, რომელმაც თავის დროზე საკუთარ ტყავზე გამოსცადა პოლიტიკური კონიუნქტურის მთელი სუსხი. 1995 წლის შემოდგომაზე, მინისტრობის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ყარყარაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რამაც იგი ინვალიდის ეტლს სამუდამოდ მიაჯაჭვა. მანამდე კი ქართულმა პრესამ, პოლიტიკოსების ზეწოლით, გამოაქვეყნა ცილისმწამებლური სტატია, თითქოს ყარყარაშვილმა 70 ათას დოლარად ჩააბარა რუსებს სოხუმი. ყარყარაშვილი მიიჩნევს, რომ გენერალი დუმბაძე პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლია და არა მოღალატე:

[გია ყარყარაშვილის ხმა] "მე მიმაჩნია, რომ რომან დუმბაძე არის დღევანდელი პოლიტიკური ვითარების მსხვერპლი. მას არანაირი დაუმორჩილებლობა არ გამოუცხადებია. მაგრამ მას არ ეყო იმის უნარი, რომ ეთქვა, მე ვტოვებ ყველაფერს - იმ ამაგს, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასდო აჭარაში დისლოცირებულ ნაწილს, რომ თავის ქვეყნისათვის ემსახურა, ვტოვებ ყველაფერს - ოჯახს, ახლობლებს და გამოვდივარ. აი, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის მისი დანაშაული."(სტილი დაცულია)

მაგრამ იმისთვის, რომ პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლად არ იქცეს, სამხედროსთვის არსებობს ერთი ჯავშანი - ყოველთვის შეასრულო ბრძანება და სამხედრო წესდება. მაგრამ ქართული საჯარისო წესდება, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს ისეთ არატიპიურ ვითარებას, როგორიც დღეს ცენტრსა და აჭარის რეგიონს შორის შეიქმნა. თუ უღალატებ ასლან აბაშიძეს, შენ მიგეტევება ყოველგვარი ცოდვა, რაც აქამდე გქონია. მაგრამ თუ აღმოჩნდები ნეიტრალური და, მით უფრო, აბაშიძის კლანის გვერდით, მაშინ წარსული გმირობა და კეთილი სახელი შენ ვეღარ გიხსნის მოღალატის იარლიყისაგან. გენერალმა დუმბაძემ იძულებითი არჩევანი გააკეთა და მას ახლა მხოლოდ ისტორიის სამსჯავროს სამართლიანობის იმედიღა რჩება.
XS
SM
MD
LG