Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდულ პროგრამაში არაერთხელ შევხებივართ სხვადასხვა


ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდულ პროგრამაში არაერთხელ შევხებივართ სხვადასხვა

ახალგაზრდული ჯგუფის საქველმოქმედო საქმიანობას. დღესაც ერთ ასეთ ინიციატივაზე მოგითხრობთ, სახელდობრ, სტუდენტთა ორგანიზაცია "შემოქმედებითი სალონის" აქციაზე, რომლის მიზანიც ტაშისკარის ბავშვთა სახლის შემწეობა გახლდათ. აქცია ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში გაიმართა. გადაცემის მეორე ნაწილში კი გავესაუბრებით შოთა ხიზანიშვილსა და გიორგი კანდელაკს: პირველი საქართველოს უშიშროების სამინისტროს ომბუდსმენია, მეორემ კი, შესაძლოა, მუშაობა დაიწყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში. საერთო კი ისა აქვთ, რომ ორივე მოძრაობა "კმარას" წევრი იყო. მეამბოხეობიდან სახელმწიფო მოხელეობამდე - ეს იქნება ჩვენი საუბრის თემა. მანამდე კი ეკა წამალაშვილს მოვუსმინოთ, რომელიც სტუდენტთა საქველმოქმედო აქციაზე მივიდა.

ეკა წამალაშვილი:

15 აპრილს ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ მდებარე ბაღს მაშინ ვესტუმრე, როცა სტუდენტები, "შემოქმედებითი სალონის" წევრები, იქაურობას საქველმოქმედო აქციის გასახსნელად ამზადებდნენ. სახელდახელოდ დამზადებულ დახლებზე გამოფენილი იყო "შემოქმედებითი სალონისთვის" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ შეწირული წიგნები, სხვადასხვა პირების შემოწირულობები - სათამაშოები, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნახატები, მათ მიერვე მოხატული თასები და ასე შემდეგ. აქციის ორგანიზატორები - მათ შორის, მთავარი ორგანიზატორი ხათუნა შიუკაშვილი (ის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტია და, ამავე დროს, "შემოქმედებითი სალონის" ხელმძღვანელი) -ელოდებოდნენ, როდის დაიწყებოდა ცნობილ ადამიანთა მიერ მათთვის შემოწირული ნივთების გაყიდვა.

[ხათუნა შიუკაშვილის ხმა] "ახლა იქნება ცნობილი ადამიანების ნივთების გაყიდვა. ოტია იოსელიანი დაგვპირდა, რომ ჩამოვა და ველოდებით, - გასაყიდად უნდა ჩამოგვიტანოს თავისი ქუდი და ყალიონი; ნონა გაფრინდაშვილმაც მოგვცა ჯილდო, რომელიც სადღაც მიიღო. ვახუშტი კოტეტიშვილმა - წიგნი და კალამი, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა ნათია ზამბახიძემ - თავისი ვერცხლის ყელსაბამი. ჩვენთვის სულ ერთია, ვინ შემოგვწირავს, - მთავარია, კეთილმა ხალხმა ეს გააკეთოს. "

ხათუნას მიერ ნახსენები ცნობილი ადამიანების ნივთები და ფოტოები გაიყიდა. მყიდველებს შორის ყველაზე აქტიურები უცხოელები იყვნენ. სტუდენტთა მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციაზე "მაღალნი ამა ქვეყნისანი" არ მისულან, თუმცა მათი ფოტოები გაიყიდა და ამით ტაშისკარის ბავშვთა სახლის ბინადრების დასახმარებელ ფონდს რაღაც შეემატა. სტუდენტების საქველმოქმედო აქცია თეატრალური ინსტიტუტის ფოლკლორულმა გუნდმა გაახალისა, იქვე საკუთარი ლექსები წაიკითხეს ახალგაზრდა პოეტებმა. პოლიტ- და ბიზნესელიტის მიერ გამოვლენილი გულგრილობის მიუხედავად ( მისი წარმომადგენლები აქციაზე მიწვეულები იყვნენ), მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა გასახარებლად გარკვეული თანხა შეგროვდა. სტუდენტთა "შემოქმედებით სალონს" ტაშისკარის ბავშვთა სახლში საჩუქრების ჩატანაში თბილისის მერია დაეხმარება. ტაშისკარის ბავშვთა სახლში "შემოქმედებითი სალონის" წევრები ამ ცოტა ხნის წინ იყვნენ და საკუთარი თვალით ნახეს იქაური პატარების უმძიმესი მდგომარეობა. მათთვის დახმარების გაწევის სურვილიც მაშინ დაიბადა. როგორც ხათუნა შიუკაშვილი ამბობს, თბილისში მცხოვრებ ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს პოლიტიკოსები არჩევნების წინ მაინც მიაკითხავენ ხოლმე, ისიც - სათავისოდ. თბილისს გარეთ მყოფები კი - მათ შორის, ტაშისკარელები - არავის ახსოვს. ხათუნა და მისი მეგობრები ტაშისკარელ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს სულ მალე საქველმოქმედო აქციაზე შეგროვილი ფულით ნაყიდ საჩუქრებს ჩაუტანენ.

[ხათუნა შიუკაშვილის ხმა] "ბავშვებთან რეალურად მივა ეს თანხა. ბავშვებისთვის გვინდა ვიყიდოთ საჩუქრები, თოჯინები. მათ თოჯინები არ უნახავთ. მე ვიყავი ჩასული ტაშისკარში, კამფეტები ჩავუტანე და, როცა დავარიგე და მეტი აღარ დამრჩა, ერთ ბავშვს ჩემს ჩანთაზე მიმაგრებული სათამაშო მოვუგლიჯე და მივეცი. ისე გაუხარდა, ვერაფერი ვერ მითხრა და გაიქცა. ცუდად გავხდი."

ხათუნა შიუკაშვილს ყველაზე გაჭირვებულებისთვის დახმარების გაწევის სურვილმა უკარნახა ანალოგიური სურვილის მქონე აქტიური სტუდენტები შეეკრიბა და პატარა საქველმოქმედო ორგანიზაცია ჩამოეყალიბებინა. ერთ მშვენიერ დღეს ის მიხვდა, რა მოსაწყენია, როცა ყველა პოლიტიკაზე ლაპარაკობს, და გადაწყვიტა რეალური საქმისთვის მოეკიდა ხელი:

[ხათუნა შიუკაშვილის ხმა] " მომწყინდა მე ეს პოლიტიკანობა. ისიც მეყოფა, რომ პოლიტიკოსები ლაპარაკობენ სახარჯო სიტყვებით, ამ სახარჯო სიტყვებით აპურებენ ხალხს და მარად მშივრებს ამყოფებენ. ვიფიქრე გამეკეთებინა ისეთი პროექტი, რომ ახალგაზრდობა ჩამერთო რეალურ საქმეში, დავხმარებოდი მათ სიყვარულის და გულისხმიერების გამოვლენაში, სხვისი გასაჭირის გაზიარებაში."

ასე შეიქმნა "შემოქმედებითი სალონი". მისი ოფისი თბილისში, შიო მღვიმელის 7-ში, ხათუნას მიერ თავისთვის ნაქირავები 2 ოთახიანი ბინის ერთ ოთახშია განთავსებული. ხათუნა გორიდანაა. ის და მისი მეგობრები შემდგომ საქველმოქმედო აქციას ყველაზე გაჭირვებული სტუდენტების დასახმარებლად ჩაატარებენ.

დათო პაიჭაძე:

შეგახსენებთ, თქვენ უსმენთ ახალგაზრდულ პროგრამას. ახლა ქველმოქმედებიდან სხვა სფეროში - სახელმწიფო სამსახურში გადავინაცვლოთ და ვნახოთ, როგორ უყურებენ და ესწრაფვიან მას ყოფილი მეამბოხეები. საამისოდ ჩვენ მოძრაობა "კმარას" ოდინდელ აქტივისტებს, შოთა ხიზანიშვილსა და გიორგი კანდელაკს, გავესაუბრებით.

[ინტერვიუ შოთა ხიზანიშვილთან და გიორგი კანდელაკთან]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG