Accessibility links

logo-print

საპარლამენტო კომიტეტებისა და სამინისტროების ურთიერთობა


მართალია, საპარლამენტო არჩევნების პროცედურა ბოლომდე არ ამოწურულა, მაგრამ პრესაში უკვე ქვეყნდება იმ ადამიანების სავარაუდო სია, რომლებიც პარლამენტის კომიტეტებს უხელმძღვანელებენ.

იმის შემდეგ, რაც ქვეყანას ახალი პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი ჰყავს, საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, როგორ გადანაწილდება საპარლამენტო თანამდებობები. თუმცა პარლამენტის და მთავრობის სწორი ურთიერთობა დიდწილად განსაზღვრავს სახელმწიფოს განვითარების ტემპს და შინაარსს.

გასულ წლებში საპარლამენტო არჩევნები ან ემთხვეოდა საპრეზიდენტო არჩევნებს, ან დროში უსწრებდა მას. შესაბამისად, ჯერ პარლამენტი იკრიბებოდა, ფრაქციებსა და კომიტეტებს აყალიბებდა, მათ თავმჯდომარეებს ირჩევდა, ხოლო მოგვიანებით მთავრობას ამტკიცებდა.

ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდა. იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა საპარლამენტოს დაასწრო, აღმასრულებელი ხელისუფლება უკვე სრულად დაკომპლექტებულია და მხოლოდ ამის შემდეგ დგება დღის წესრიგში საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატურების შერჩევის საკითხი.

თითოეული მინისტრი, ალბათ, დაინტერესებულია, პარლამენტში შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარედ ისეთი ადამიანი დაინიშნოს, ვინც მის ხედვას იზიარებს და ვისთან თანამშრომლობაც მოსახერხებელია. ან, შესაძლოა, ახალგაზრდა მინისტრები ჯერ ბოლომდე ვერც აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია სამინისტროებისა და საპარლამენტო კომიტეტების შეთანხმებული საქმიანობა ახლა, მოცემულ პოლიტიკურ მომენტში.

ხელისუფლებას გასატარებელი აქვს რთული რეფორმები. მას განსაკუთრებით სჭირდება ნდობა და მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ამ ამოცანის შესასრულებლად გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი: მოქალაქე უნდა გრძნობდეს ხელისუფლების ერთიან პოზიციას, აწონ-დაწონილ პოლიტიკას ნებისმიერ სფეროსა და დარგში. თანაც, მოქალაქე საკუთარ თავს განვითარების პროცესის თანამონაწილედ უნდა აღიქვამდეს. საამისოდ კი ყველაზე ნაცადი და შედეგიანი გზა რეფორმის გეგმების თუ მისი მიმდინარეობის ხშირი საჯარო განხილვაა.

პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა ხდებოდეს ხელისუფლების პოზიციათა შეჯერება, რთულ საკითხებზე მსჯელობა და ერთიანი ხედვის საბოლოო ჩამოყალიბება. საზოგადოების თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია მისი ოჯახის მომავალი, რაც უშუალოდ უკავშირდება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელისუფლებამ უახლოეს კვირებსა და თვეებში უნდა მიიღოს. მაგალითისთვის საგადასახადო კოდექსის დასახელებაც კმარა. თუ ყველასთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა სამინისტროების ჩაკეტილ კაბინეტებში, ხოლო საპარლამენტო განხილვების შედეგები ამ გადაწყვეტილებებში არ აისახა, ადრე თუ გვიან, ქვეყანაში სერიოზული პრობლემა შეიქმნება. პრობლემა მხოლოდ მოქალაქის ჩართულობის და თანაგანცდის ხარისხი არ არის. პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან უნდა მიიღოს კანონპროექტები, განიხილოს და დაამტკიცოს ისინი. თუ მთავრობასა და პარლამენტში ერთიანი ხედვა ვერ ჩამოყალიბდა რეფორმების სტრატეგიასა, ვადებსა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, თავად რეფორმა დაზარალდება.

ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს საპარლამენტო კომიტეტებსა და შესაბამის სამინისტროებს შორის, როგორც წესი, თანხმობა სუფევდა. საქმე ისაა, რომ პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში ვერ ერეოდა, რადგან ვერც დარგობრივი სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა და ვერც კონტროლში. ერთიც და მეორეც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებად რჩებოდა. საპარლამენტო თანამდებობის პირებს ისღა შეეძლოთ, რომ ნებაყოფლობით გამოეცხადებინათ მხარდაჭერა მთავრობისთვის და, რიგ შემთხვევებში, ამის სანაცვლოდ პირადი სარგებელი მიეღოთ.

ერთადერთი ფაქტი, როდესაც საპარლამენტო კომიტეტი და სამინისტრო ერთმანეთს პრინციპულად დაუპირისპირდა, განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ხანგრძლივი კონფლიქტი იყო ვასილ მაღლაფერიძისა და ალექსანდრე კარტოზიას შორის. ცხადია, გამარჯვება მინისტრს დარჩა: მან პარლამენტში ყველა კენჭისყრა მოიგო, რადგან მხარს პრეზიდენტი უმაგრებდა. მაშინ ორაზროვან კონტექსტში ბევრჯერ ახსენეს რეფორმისთვის განკუთვნილი 60 მილიონიც. მაგრამ ბევრი ადამიანი გაოცებული დარჩა, როდესაც მოგვიანებით კარტოზიამ თავის სავარაუდო შემცვლელებს შორის ყველაზე ღირსეულ კანდიდატად სწორედ მაღლაფერიძე დაასახელა. ეს კულუარული, მაგრამ გადამოწმებული ინფორმაციაა. ორი ადამიანი ვერ შეთანხმდა, მაგრამ არც გარიგდა. მათი კონფლიქტი გაცილებით სასარგებლო იყო საზოგადოებისთვის, ვიდრე სხვების შეხმატკბილება.

სახელმწიფოს განვითარების ახალი ეტაპი მოითხოვს არა გარიგებას ან კონფლიქტს, არამედ გააზრებულ თანხმობას. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის მხოლოდ ასეთი ურთიერთობა იქნება იმის გარანტი, რომ სახელმწიფო კონსტიტუციის შესაბამისად იმართება. ამიტომ, თუკი ის პირები, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიას გეგმავენ, ადეკვატურად არ შეაფასებენ კომიტეტების მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ მომენტში და კომიტეტის თავმჯდომარეებს სხვა კრიტერიუმით შეარჩევენ, ამით დათვურ სამსახურს გაუწევენ სახელმწიფოსაც და ხელისუფლებასაც.
XS
SM
MD
LG