Accessibility links

შეირყა თუ არა ერაყში მოქმედი ''მოსურნეთა კოალიციის'' სიმტკიცე მისი რიგებიდან ესპანეთის გასვლის შემდეგ?


ესპანეთის გადაწყვეტილებამ, თავისი ჯარი გაიყვანოს ერაყიდან, ვაშინგტონის უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა

ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ ერაყიდინ ესპანელი ჯარისკაცების გაყვანის შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ ამ ერთი თვის წინათ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ისაუბრა, ცოტა ვინმე თუ ელოდა, რომ შესაბამის განკარგულებას იგი პრემიერ-მინისტრის მოვალეობათა შესრულების დაწყებისთანავე გასცემდა. არადა, ზუსტად ასე მოხდა: პარასკევს ესპანელ სოციალისტთა ლიდერი პარლამენტმა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაამტკიცა; შაბათს ესპანეთის მეფემ, ხუან კარლოსმა, იგი პრემიერ-მინისტრად აკურთხა, ხოლო კვირას ახალმა პრემიერმა ასეთი განცხადება გააკეთა:

[ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს ხმა] "დღეს დილით, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრი თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა, მე მას მივეცი მითითება, ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რათა ესპანელი ჯარისკაცები ერაყიდან რაც შეიძლება მალე და უსაფრთხოების პირობათა მაქსიმალურად დაცვით დაბრუნდნენ სამშობლოში."

საპატერო იმთავითვე აცხადებდა, რომ ესპანელ ჯარისკაცებს ერაყში მხოლოდ იმ პირობით დატოვებდა, თუ ამ ქვეყნის აღდგენის საქმეში წამყვანი როლი გაეროს გადაეცემოდა. ამ პირობის შესრულების ვადად იგი 30 ივნისს ასახელებდა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მოთხოვნის შესრულების იმედი მას ახლავე გადაეწურა, რაკი თავის თავდაცვის მინისტრს უკვე უბრძანა, ჯარების გამოყვანაზე ზრუნვა დაიწყოს.

სამშაბათს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც, საფიქრებელია, არაერთი საყვედურის მოსმენა მოუწევს ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელ კოლინ პაუელისგან და, განსაკუთრებით, სახელმწიფო უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ ბუშის მრჩეველ კონდოლიზა რაისისგან. "განსაკუთრებით" იმიტომ, რომ რაისი ბუშის გარემოცვის იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ერაყში სამხედრო კამპანიის დაწყებას აქტიურად უჭერდა მხარს და არც ვაშინგტონის ერთპიროვნულ აქციებს ერიდებოდა.

მაგრამ მადრიდის მისამართით საყვედურები სხვაგანაც გაისმის, და თან არა მარტო ევროპასა და ამერიკაში. მაგალითად, ორშაბათს ამ საკითხზე თავისი მოსაზრება გამოთქვა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ ჰაუარდმა, რომლის თქმით, ესპანეთის გადაწყვეტილება მხოლოდ წააქეზებს იმ ხალხს, ვისაც არ სურს ერაყში თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

[ჯონ ჰაუარდის ხმა] "ყოველთვის, როცა ქვეყანა რთულ ვითარებაში უკან დახევას ამჯობინებს, ძალა ემატებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს სირთულე შექმნეს."

ჯონ ჰაუარდის ეს ნათქვამი უსაფუძვლო რომ არ არის, თავად მეამბოხე ერაყელთა რეაქციითაც დასტურდება. წმიდა ქალაქ ნაჯაფში, სადაც განსაკუთრებით მწვავეა დაპირისპირება კოალიციის ჯარებსა და რადიკალი სასულიერო პირის, მოყტადა სადრის მომხრეთა შეიარაღებულ შენაერთებს შორის, ამ უკანასკნელის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელიც ერაყელებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ესპანელი ჯარისკაცების უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში. ამავე განცხადებაში კოალიციის წევრი სხვა ქვეყნების მთავრობათა მისამართით გამოთქმულია მოწოდება, მიბაძონ ესპანეთის მაგალითს და შეწყვიტონ ერაყის ოკუპაცია.

როცა კონდოლიზა რაისს ჰკითხეს, რამდენად რეალურია საშიშროება, რომ ესპანეთის მაგალითს კოალიციის სხვა წევრებმა მიბაძონ, პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა: "ვიცი, რომ არის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც აპირებენ, აწონ-დაწონონ და შეაფასონ ერაყში დარჩენასთან დაკავშირებული რისკი. მაგრამ ჩვენ იქ ქმედითუნარიანი და ძლიერი კოალიცია გვყავსო."

რაც შეეხება მიმომხილველებს, ისინი არ გამორიცხავენ, რომ ერაყიდან წასულთა რიგებს მალე, შესაძლოა, სხვებიც შეუერთდნენ. წასვლის პოტენციურ კანდიდატად ყველაზე ხშირად პოლონეთს ასახელებენ.
XS
SM
MD
LG