Accessibility links

საბავშვო კომპოზიტორის იუბილე


მუსიკის მოყვარულები მერი დავითაშვილს იუბილეს ულოცავენ

- ღვაწლმოსილ კომპოზიტორს, საბავშვო მუსიკის პროპაგანდისტს, საქართველოს სახალხო არტისტს 13 მარტს 80 წელი შეუსრულდა. იყო დრო, როცა მერი დავითაშვილის სიმღერები ქართველმა ბავშვებმა ზეპირად იცოდნენ. მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო პოპულარული ანსამბლის, "მზიურის" რეპერტუარს. "გოგონა-პიონერების" ანსამბლის წევრები დღეს ესტრადის ვარსკვლავები გახდნენ. მაგრამ მერი დავითაშვილის სიმღერებს, როგორც წესი, ნოსტალგიურ მუსიკალურ კლიპებში ასრულებენ. ფირფიტებს, ქართული საბავშვო მუსიკის კლასიკოსის ჩანაწერებით, მხოლოდ კოლექციონერებთან თუ მიაგნებთ. დღეს მინდა სწორედ მერი დავითაშვილის სიმღერები გაგახსენოთ.

ანდრია ბალანჩივაძის მოწაფეს, თბილისის კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტის პედაგოგს, საბავშვო ოპერების, სიმფონიური პოემების, საფორტეპიანო პიესების ავტორს მერი დავითაშვილს საზოგადოება უფრო მეტად ქართული-საბჭოთა შლიაგერებით იცნობს - საბავშვო-პიონერული შლიაგერებით, რომელშიც კომუნისტური მარშირება ჰარმონიულად უკავშირდება ეროვნულ მოტივებს. ამიტომაცაა, რომ მერი დავითაშვილის მუსიკას არასდროს ჰქონია პრობლემები საბჭოთა ეპოქაში - იდეოლოგიურად სიმარტივე გამართლებული იყო... გამართლებული იყო "ფსიქოლოგიურადაც" - ბავშვებს ამ სიმღერების მელოდია ადვილად ამახსოვრდებოდათ... ხოლო ფოლკლორული მოტივების ოსტატური დამუშავება, კომპოზიტორს იმის გარანტიას აძლევდა, რომ ქართველი პიონერები ამ სიმღერებს არა მარტო ადვილად გაითავისებდნენ, არამედ შეიყვარებდნენ კიდეც.

[ხმა. მუსიკა: მარში]

საქართველოში პროფესიული სამუსიკო სწავლება კარგა ხნის მანძილზე მხოლოდ დასავლეთევროპულ მუსიკალურ მასალას ეყრდნობოდა. გასაბჭოების შემდეგ ქართულ მუსიკალურ სკოლებში პოპულარული გახადეს რუსი-საბჭოთა კომპოზიტორების პიესები, რომელსაც წლების მანძილზე აზეპირებდნენ ქართველ ბავშვებს. მუსიკა ადამიანის ცნობიერების გარდაქმნის ერთ-ერთი საშუალება აღმოჩნდა. მუსიკალური ნაწარმოებების ისეთი კომპონენტებით, როგორიცაა ფრაზირება, ნიუანსი, პედალიზაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ ფორმასა და შინაარსზე, წარმატებით "ამუშავებდნენ" ბავშვებს. მიზანი ერთი იყო - საბჭოური რიტმებით მომავალი თაობის ცნობიერების გაჟღენთა. მაგრამ ქართველი კომპოზიტორები ამ იდეოლოგიურ დაკვეთას არ დამორჩილდნენ. საბავშვო მუსიკის სფეროში თავიდანვე დაიწყეს მუშაობა ანდრია ბალანჩივაძემ, სულხან ნასიძემ, სულხან ცინცაძემ, ალექსანდრე შავერზაშვილმა, ნოდარ მამისაშვილმა, ნოდარ გაბუნიამ...პრაქტიკულად ყველამ... შედეგმაც არ დააყოვნა. ყოფილ საბჭოთა სივრცეში საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა საბავშვო მუსიკალური ლიტერატურის სიმდიდრით. თუმცა ამ მუსიკოსებს შორის მერი დავითაშვილი ერთადერთია, რომელსაც ნამდვილად შეიძლება ეწოდოს "საბავშვო კომპოზიტორი" - მხატვრულობისა და სიმარტივის ერთიანობის განსაკუთრებულმა გრძნობამ მერი დავითაშვილი იმდენად პოპულარული გახადა, რომ 50-იან, 60-იან წლებში ეკრანებზე, ფაქტობრივად, არ გამოსულა ქართული საბავშვო ფილმი, ტიტრებში მერი დავითაშვილის სახელი რომ არ ყოფილიყო მითითებული. უამრავი ბავშვი ფორტეპიანოზე დაკვრას სწორედ მერი დავითაშვილის საფორტეპიანო პიესების კრებულით იწყებდა. ბავშვებმა იცოდნენ, რომ ამ ხალასი და უშუალო საფორტეპიანო პიესების ავტორს დაწერილი ჰქონდა მუსიკა მულტიპლიკაციური ფილმებისთვის: "მტრობა", "ჩხიკვთა ქორწილი", "წუნა და წუწუნა", მანანას სიმღერა ამავე სახელწოდების ფილმიდან, "ეს საწყალი კურდღელი", რომელსაც ქართველ ბავშვებს ლამის დაბადებიდან ასწავლიდნენ.

[სიმღერა. "მზიური"]

და მაინც, მერი დავითაშვილის სახელი საქართველოს ფარგლებს მხოლოდ 70-იან წლებში გასცდა, როცა თბილისში, პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ბაზაზე, პირველი საბჭოთა სასკოლო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "მზიური" შეიქმნა. თანაც, გოგონების ანსამბლი. გოგონები მღეროდნენ ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ... იაპონურ სიმღერებსაც. და, რაც მთავარია, ოთხ ხმაში მღეროდნენ. 1976 წელს "მზიური" კომკავშირის პრემიით დააჯილდოვეს. ანსამბლი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ყოველწლიურად ქართულ სკოლებში გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფები იქმნებოდა. ქართული-საბჭოთა კულტურის სპეციალისტებისთვის ეგრეთ წოდებულ "ზასტოის ეპოქაში" გოგონების ანსამბლების პოპულარობა ჯერჯერობით აუხსნელ ფენომენად რჩება. აუხსნელია მერი დავითაშვილის სიმღერების პოპულარობაც, იმ სიმღერებისა, რომელსაც "მზიურის" გოგონები მღეროდნენ. ამ მარტივ მელოდიებში მერი დავითაშვილი უარს ამბობს ფოლკლორული მასალის პრიმიტიულ გადმოტანა-დამუშავებაზე, თუმცა, ფაქტია, რომ ბავშვთა შემოქმედებითი მონაცემების სტიმულირება და განვითარება მერი დავითაშვილის მუსიკაში სწორედ ხალხური სიმღერების საფუძველზე ხდება. მერი დავითაშვილის მუსიკა, როგორც წესი, ადვილად ემორჩილება იმპროვიზაციას. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით კი, გოგონებში იმპროვიზაციის მიმართ მიდრეკილება მეტია, ვიდრე ბიჭებში... ყველაფერი ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ 70-იან წლებში მერი დავითაშვილის მარტივი მელოდიების პოპულარობა, პირველ რიგში, თავისუფლების ნოსტალგიამ განაპირობა; ხალხს მოსწონდა, როცა ნაცნობი მელოდია განსხვავებულად სრულდებოდა. მარშებითა და მწყობრი რიტმებით შენიღბული სიმღერა არც კომუნისტური კულტურის იდეოლოგებს აღიზიანებდათ - ბავშვს ხომ ყველაფერი ეპატიებოდა, თუნდაც - საბჭოთა ხანაში.

[მუსიკა]

80-იანი წლების დასაწყისში ჩვენში ვითარება ძირეულად შეიცვალა. "ცივი ომის" ეპოქა საბავშვო თვითმოქმედების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაშიც აისახა. იმხანად საქართველოს ტელევიზიის საბავშვო რედაქციას ცენტრალური კომიტეტიდან პირდაპირ მიუთითეს, რომ ბავშვებმა აღარ იმღერონ უცხოური სიმღერები, არ გამოჩნდნენ ტელეეკრანზე მაისურით, რომელსაც უცხოური წარწერა ექნებოდა. მაგრამ "მზიურს" ვერაფერი მოუხერხეს. ვერც მერი დავითაშვილის სიმღერებს, რომელშიც მარშირება კი არა, უფრო მარშირების მიმართ ირონია იგრძნობოდა. უფრო მეტიც, 1981 წელს მერი დავითაშვილი რუსთაველის პრემიის ლაურეატი გახდა.

კომუნიზმის დამხობის შემდეგ "მზიურის" სოლისტებიც გაიზარდნენ და მერი დავითაშვილის საბავშვო-პიონერულ სიმღერებსაც ნაკლებად მღეროდნენ ჩვენში. მაგრამ ქართული საბავშვო მუსიკის კლასიკოსი მუშაობას აგრძელებდა - 1996 წელს მან დაასრულა მუშაობა კონცერტზე ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, პირველი მუსიკოსი იყო, რომელიც იაკობ გოგებაშვილის პრემიით დაჯილდოვდა. თუმცა მერი დავითაშვილის სიმღერებს ქართველი ბავშვები დღეს იშვიათად მღერიან. ბავშვების შემოქმედებითი სტიმულირება დღეს აღარაა აქტუალური.
XS
SM
MD
LG