Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაიწყო საპროტესტო აქციები ედუარდ შევარდნაძის რეზიდენციის წინ?


17 აპრილს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ კულ ჩანდრა გაუტამიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს

გაეროს მრჩევლის პოსტი შესთავაზა. ამ წინადადებაზე ედუარდ შევარდნაძის სიტყვიერი თანხმობიდან მეორე დღესვე კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის წინ, იქ, სადაც ექს-პრეზიდენტის სახლი მდებარეობს, საპროტესტო აქციები დაიწყო. რას მოითხოვენ საპროტესტო აქციის მონაწილენი და როდემდე გაგრძელდება მათი აქცია?

[ისმის აქციის ხმა]

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ასეთი შეძახილები უკვე მეორე დღეა, რაც კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის წინ, ედუარდ შევარდნაძის სახლის მახლობლად, ისმის. მიტინგის ორგანიზატორის, ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივის, მანანა არჩვაძე- გამსახურდიას განცხადებით, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს:

[მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხმა] "ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მოვითხოვთ, რომ გაიცეს სანქცია ქალაქიდან გაუსვლელობის შესახებ და დადგეს მისი ბრალეულობის საკითხი."

მანანა არჩვაძე-გამსახურდია შევარდნაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ადრეც მოითხოვდა. ექს-პრეზიდენტის ქალაქიდან გაუსვლელობის სანქციის გაცემის მოთხოვნა კი ძველ მოთხოვნებს მას შემდეგ დაემატა, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ედუარდ შევარდნაძეს გაეროს მრჩევლის პოსტი შესთავაზა.

17 აპრილს საქართველოში ვიზიტად მყოფმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ კულ ჩანდრა გაუტამიმ ედუარდ შევარდნაძე მოინახულა და, გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის დავალებით, მიწვევა გადასცა.

"გაეროს სხვადასხვა კომიტეტებს ძალიან სჭირდებათ ასეთი ავტორიტეტული და გამოცდილი ადამიანის რჩევები. გაეროში ძალიან მოხარული იქნებიან, თუ თქვენ ამ წინადადებას დასთანხმდებითო", - აღნიშნა შეხვედრაზე გაეროს წარმომადგენელმა.

ასეთი პოზიციის გამო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც უპირისპირდება შევარდნაძის სახლის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორი მანანა-არჩვაძე გამსახურდია:

[მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხმა] "თუ გაეროს მისიის მთავარი მიზანი ის არის, რომ შეიფაროს ტერორისტები, მაშინ საერთაშორისო ტერორიზმს რატომ ებრძვიან? ფორმალურად? ეს ყველაფერი ფორმალურად არის? ჩვენ გაეროს მისიასაც ასევე ავუკრძალავთ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, თუ იგი კვლავ ჩაერევა და გააგრძელებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას."

ამ საპროტესტო აქციებს და ედუარდ შევარდნაძის მრჩევლად მიწვევის გამო ამტყდარ აჟიოტაჟს საქართველოში გაეროს კოორდინატორი ლანს კლარკი დიპლომატიურად გამოეხმაურა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაეროს მრჩევლებს რჩევების მიწოდება შეუძლიათ როგორც ტელეფონით, ასევე წერილობითი ფორმით. უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ ბატონი ედუარდ შევარდნაძე მოხარული იქნება გაეროსთან ამ ფორმით ითანამშრომლოს.

ამასვე ადასტურებს ედუარდ შევარდნაძეც, რომელმაც ჯერ კიდევ საპროტესტო აქციების დაწყებამდე განაცხადა, რომ გაეროსთან საქართველოდან ითანამშრომლებს.
XS
SM
MD
LG