Accessibility links

logo-print

თბილისის მერის თანამდებობაზე ვანო ზოდელავა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა


თბილისს ახალი მერი ჰყავს: ორშაბათს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ამ თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილის დანიშვნის შესახებ.

ერთი სიტყვით, 19 აპრილიდან ზურაბ ჭიაბერაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღარ არის. მას თბილისის მერის საპასუხისმგებლო პოსტი ჩააბარეს და დედაქალაქის რიგი პრობლემების გადაჭრისთვის ექვსი თვის ვადა მისცეს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება კომისიის მდივანს დიმიტრი ქიტოშვილს დაევალა, ცესკოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი კი თბილისის მერი გახდა. ის 31 წლისაა. არის ფილოსოფოსი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა გამოცემებში, მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც, იყო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, შემდეგ - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ამიერიდან კი თბილისის მერია. ოთარ ლითანიშვილი, კოტე გაბაშვილი, ნიკო ლეკიშვილი, ბადრი შოშიტაიშვილი, ვანო ზოდელავა - ეს პირები იდგნენ ბოლო 10 წლის მანძილზე თბილისის მერიის სათავეებთან. მომდევნო ზურაბ ჭიაბერაშვილია. მას, როგორც რიგით თბილისელს, თბილისის ყოფილი მმართველების ხელში დაგროვილი მრავალი პრობლემა აწუხებს:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "ყველაზე მეტად თვალშისაცემი არის გზების და ტრანსპორტის პრობლემა, უკანონო მშენებლობები - ქალაქმა დაკარგა იერ-სახე. არ უნდა დავივიწყოთ სოციალურად დაუცველთა პრობლემები. თბილისის გარეუბნები."

თბილისის ახალი მერი ფიქრობს, რომ მთელი ამ პრობლემების მოგვარება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწორი მიმართულებით წავა ქვეყნის მართვა, თუმცა იმასაც ამბობს, რომ რიგი პრობლემების გადაჭრა არსებული რესურსებითაც შეიძლება. თბილისს, ახალ მერთან ერთად, ახალი პრემიერიც ჰყავს - ბიძინა ბრეგაძე. ისიც ახალგაზრდა კადრია. მერსაც და პრემიერსაც პრეზიდენტმა გამოსაცდელად 6 თვე მისცა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ექვსი თვის თავზე ქალაქს უნდა დაეტყოს თქვენი ხელი. ახალგაზრდების დანიშვნა სარისკოა, მაგრამ მე თქვენი იმედი მაქვს."

როგორ აპირებს ახალი მერი პრეზიდენტის იმედების გამართლებას, ანუ რა იქნება მისი პირველი ნაბიჯი მერიაში?

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "პირველად რასაც გავაკეთებთ, იქნება კორუფციასთან ბრძოლა მერიის სტრუქტურებში. ყველა სამსახურის უფროსს და მათ მოადგილეებს მოუწევთ თანამდებობებიდან წასვლა, თუმცა პატიოსან კადრებს, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ."

როგორც ჩანს, თბილისის მერიაში სერიოზული საკადრო წმენდა დაიწყება. თბილისის ახალ ხელმძღვანელობას პრეზიდენტმა გზების შეკეთების დაწყება, თბილისის ქუჩებში ახალი შუქნიშნების დამონტაჟება, დედაქალაქის დასუფთავება და კიდევ სხვა ბევრი რამ დაავალა.
XS
SM
MD
LG