Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნიანგები" უკრაინიდან


20 აპრილს უკრაინის ოდესის პორტიდან გეზს აიღებს გემი, რომელმაც სატრანსპორტო ძალებისათვის სამი, ე.წ., "ნიანგის" ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი უნდა ჩამოიტანოს.

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლები საბრძოლო ტექნიკის მიღებას მოუთმენლად ელიან, რადგან 5 წლის წინ გასარემონტებლად წაღებული ტექნიკის დაბრუნების იმედი ქართულ მხარეს თითქმის გადაწურული ჰქონდა. რა დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს სამხედრო ვერტმფრენების რემონტი და რას შესძენ საჰაერო "ნიანგები" ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას?

საქართველოს სამხედრო ავიაცია, რომლის პერსპექტივა ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილ ოფიცრებშიც კი დიდ ეჭვს ბადებდა, ნელ-ნელა დაკარგულ პოზიციებს იბრუნებს და რეალურ სამხედრო სახეობად ყალიბდება. ყველაფერი კი 3 მარტს ერთი სასწავლო ფრენის შემდეგ დაიწყო, როდესაც საქართველოს სამხედრო ავიაციის კუთვნილ სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის კაბინაში მეორე პილოტის ადგილი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიკავა. ნახევარსაათიანი ფრენის შემდეგ მიწაზე დაშვებულ მთავარსარდალს მფრინავებმა უკრაინაში 5 წლის წინ, მისი წინამორბედის დროს, სარემონტოდ გაგზავნილი და თანხის გადაუხდელობის გამო, ფაქტობრივად, "პატიმრობაში" მყოფი სამხედრო ვერტმფრენების ბედი შეახსენეს. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, ამ ტიპის საბრძოლო ვერტმფრენების გარეშე საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო პოტენციალი მნიშვნელოვნად იყო დაკნინებული.

[ამირან სალუქვაძის ხმა] "ეს არის მი-24 ტიპის მოიერიშე საბრძოლო შვეულმფრენები - 3 ერთეული; ასევე 2 ერთეული მი-14 ტიპის შვეულმფრენია. ეს არის საზღვაო ვარიანტი მოიერიშე შვეულმფრენების. ეს საფრენი საშუალება, ძირითადად, გამოიყენება სახმელეთო ძალების საავიაციო მხარდაჭერისათვის და შეუძლიათ ასევე ცალკე ოპერაციების ჩატარებაც. ეს ვერტმფრენები, სუ-25-თან ერთად, საგრძნობლად გაზრდის ჩვენს საბრძოლო პოტენციალს."

ხუთივე ეს ვერტმფრენი, ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, 20 აპრილს ოდესის პორტზე სატრანსპორტო გემზე დაიტვირთება და სულ მალე გეზს საქართველოსკენ აიღებს. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, არც საქართველოს სამხედრო უწყების წევრები და არც საქართველოს საელჩო უკრაინაში არ ასახელებენ ზუსტ თარიღს, თუ როდის შეივსება საქართველოს სამხედრო ავიაციის პარკი კაპიტალურად გარემონტებული მი -24 ტიპის ვერტმფრენებით, რომლებსაც, გარეგნული მსგავსების გამო, "ნიანგის" სახელით იცნობენ. სამაგიეროდ, აბსოლუტურად გამჭვირვალეა იმ თანხის ოდენობა, რაც საქართველოს მხარემ უკრაინელ სპეციალისტებს რემონტის საფასურად გადაუხადა. 5-ვე საბრძოლო შვეულმფრენის რემონტი საქართველოს ბიუჯეტს 3 მილიონი დოლარი დაუჯდა. თუმცა ქვეყნის საბრძოლო პოტენციალი და მისი პრესტიჟი გაცილებით ძვირად ფასობს. თანაც, როგორც გენერალი სალუქვაძე აცხადებს, გაჩნდა იმედი, რომ სამხედრო ავიაცია წელში გაიმართება.

[ამირან სალუქვაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია

აი, ასე იქცა სამხედრო პროფესიით საზღვრის დამცველი საქართველოს პრეზიდენტი სამხედრო ავიაციის მფარველად. სააკაშვილმა, ჩანს, კარგად იცის, რომ საქართველოს სამხედრო ძლიერებისათვის საჭიროა არა მხოლოდ რკინის გული, არამედ ფრთები, რასაც მით უფრო ძლიერ გაშლის სამხედრო-საჰაერო ფლოტი, რაც უფრო ბევრი ფული იქნება ქვეყნის ხაზინაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG