Accessibility links

logo-print

იარაღის ემბარგო ევროკავშირისა და ჩინეთის პარტნიორულ თანამშრომლობას ართულებს


ევროკომისიის პრეზიდენტი რომანო პროდი

გასულ კვირაში ჩინეთს სტუმრობდა. პროდი ევროკავშირის მაღალი რანგის პირველი აღმასრულებელი ლიდერია, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. ევროკომისიის პრეზიდენტი შეხვდა და ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს. ფართო იყო საუბრების თემათა სპექტრი. თუმცა, მხარეები პრაქტიკულად არ შეხებიან პეკინისათვის ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს. ეს საკითხი გახლავთ ევროკავშირის მიერ ჩინეთთან იარაღით ვაჭრობაზე დაწესებული ემბარგო და მისი გაუქმების პერსპექტივები. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში "ახალი ევროპა".

ევროპის კავშირის ურთიერთობა ჩინეთთან საკმაოდ არეულია. უკანასკნელ ხანს ვითარება შედარებით დათბა. ბლოკმა ჩინეთი თავის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროებში.

გასულ კვირაში, პეკინში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტს რომანო პროდის ჩინეთის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაუშურებია. პეკინი მან საგანგებოდ შეაქო იმისთვის, რომ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებისას იგი სხვა მხარეთა პოზიციებსაც ანგარიშს უწევდა. მულტილატერალიზმის პრინციპი ევროკავშირის საკვანძო ღირებულებად ითვლება და ხშირად იგი აშკარად ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების ერთპიროვნულ, იზოლირებულ მოქმედებებს; ზოგჯერ საკვანძო საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებებშიც.

პროდიმ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ ღრმავდება ევროკავშირისა და ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები და რომ ჩინეთი მონაწილეობს ევროკავშირის კოსმოსურ პროექტ "გალილეოში".

მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ევროკომისიის პრეზიდენტი უძლური აღმოჩნდა, ჩინეთს იმ კონკრეტული საკითხის მოგვარებაში დახმარებოდა, რომელიც პეკინს განსაკუთრებით აღელვებს. ეს არის იარაღის ემბარგო, რომელიც ევროკავშირმა ჩინეთს 1989 წელს, ტიანანმენის მოედანზე მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეთა დახვრეტის გამო დაუწესა.

პეკინში ვიზიტის დროს პროდიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ საკითხს განიხილავენ. რომ, თავის მხრივ, ევროკავშირს დამოუკიდებლად ამ პრობლემის მოგვარების უფლება არ აქვს.

პროდის პრესმდივნის, რეიო კემპინენის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას ევროკავშირის ქვეყნები ჩინეთში დემოკრატიის მშენებლობის მდგომარეობით იმსჯელებენ. შესაბამისად, ემბარგოს საკითხის მოგვარებისას ბევრი იქნება დამოკიდებული თავად ჩინეთზე, რომელსაც ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და გამოსწორება ევალება.

[კემპინენის ხმა] "პროდიმ ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე უთხრა ჩინეთის მხარეს - როგორც პრემიერ-მინისტრს, ისე პრეზიდენტს, რომ თუ ჩინეთი ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომავალში დადებით ნაბიჯებს გადადგამს, ევროპის კავშირისთვის ეს პოზიტიური ნიშანი იქნება. ანუ ჩინეთის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ევროკავშირის ქვეყნებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება."

თუმცა ევროპის კავშირის ოფიციალური პირები მაინც აღნიშნავენ, რომ ბლოკის შიგნით ემბარგოს საკითხზე დებატები საკმაოდ რთული და კომპლექსურია.

ემბარგოს მოხსნის წინადადებით პირველად საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობები გამოვიდნენ. ერთიც და მეორეც სერიოზულად იყო დაინტერესებული, საკუთარი იარაღის ინდუსტრიისთვის ჩინეთში ფართო ბაზარი გაეხსნათ.

ევროკავშირის ერთ-ერთი ანონიმი წყაროს თქმით, იარაღზე დაწესებული ემბარგოს პრობლემას ჩინეთი უკვე დიდ სიმბოლურ მნიშვნელობასაც ანიჭებს. პეკინი აღნიშნავს, რომ ემბარგო ევროკავშირთან მისი სტრატეგიული პარტნიორობის ატმოსფეროს საგრძნობლად აფუჭებს.

პროდის პრესმდივნის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩინეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა სწორედ იმ ფაქტს გაუსვეს ხაზი, რომ ემბარგომ თავისთავად დიდი ხანია აზრი დაკარგა.

[კემპინენის ხმა] "თავის მხრივ, ჩინელებმა აღნიშნეს, რომ იარაღით ვაჭრობაზე ემბარგოს არსებობისთვის პირობები ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ არსებობს. შესაბამისად, მათი სურვილია, რომ ემბარგო დროულად მოიხსნას."

ჩინეთისათვის იარაღზე დაწესებული ემბარგოს გაუქმების საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იანვარში განიხილეს. მას შემდეგ პრაქტიკულად აღარაფერი გაკეთებულა. გერმანიამ უარი თქვა, ამ მიმართულებით გამწევი ძალა ყოფილიყო. თავის მხრივ, ბრიტანეთიც ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლის ქვეშ მოექცა. ვაშინგტონი დღემდე ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ჩინეთში ვითარება არ გამოსწორებულა. ბოლო დროს ვაშინგტონმა დამატებითი პრობლემაც წამოჭრა. მისი აზრით, ჩინეთისათვის ემბარგოს მოხსნა ტაივანის უსაფრთხოებაზე უარყოფითად იმოქმედებს.

სხვათა შორის, გასულ კვირაში ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ "ამნესტი ინტერნეშენალმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფო ემბარგოს გვერდის ავლით უკვე რამდენიმე წელია ჩინეთში იარაღს ყიდის.

დებატები გრძელდება და ევროკავშირის წყაროების ინფორმაციით, დებატებს ართულებს ბლოკის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს პოზიცია. ისინი ამტკიცებენ, რომ ემბარგოს აუცილებლობა აღარ არსებობს. ანუ ევროკავშირს შეუძლია იხელმძღვანელოს თავისი "სამოქმედო კოდით", რომელიც შესაძლებელს ხდის იმის კონტროლს, რომ იარაღი რეპრესიული რეჟიმების ქვეყნებში არ გაიყიდოს.

ოფიციალური პირების თქმით, ევროკავშირმა გადაწყვეტილება ემბარგოს საკითხზე სასურველია მიმდინარე წლის ივნისამდე, ირლანდიის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე მიიღოს. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირ-ჩინეთის სამიტი, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს, უფრო პროდუქტიული იქნება.
XS
SM
MD
LG