Accessibility links

რა შეთანხმება დაიდო ფალუჯაში შეტაკებების შესაწყვეტად?


ფალუჯაში დაძაბულობა განიმუხტა. მას შემდეგ, რაც ერაყის ამ ქალაქიდან რამდენიმე კვირის მანძილზე არ წყდებოდა ცნობები ძალადობის აქტების შესახებ, ორშაბათს ცნობილი გახდა,

რომ შეერთებული შტატებისა და ერაყელების წარმომადგენლებმა სამდღიანი მოლაპარაკების შემდეგ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმება ეხება წინასწარ გეგმას ფალუჯაში მხარეებს შორის ცეცხლის შესაწყვეტად. ეს მხარეები არიან ამერიკული კოალიციის ჯარისკაცები, რომელთაც ფალუჯა ალყაში ჰყავთ მოქცეული და ფალუჯაში მყოფი მეამბოხეები. ამერიკელი სამხედროები, მათი ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, მზად არიან ქალაქზე იერიშები შეწყვიტონ, თუ მეამბოხეები იარაღს დაჰყრიან.
[დან სენორის ხმა] "მხარეები შეთანხმდნენ, მოქალაქეებსა და დაჯგუფებებს მიმართონ მოწოდებით, დაუყოვნებლივ ჩააბარონ უკანონოდ მოპოვებული იარაღი. ასეთ იარაღად ითვლება ჭურვები, ავტომატური იარაღი, სნაიპერის თოფი, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, საზენიტო რაკეტები და ტყვია-წამალი. ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს, თავიდან აიცილებს ბრალდებას იარაღის უკანონოდ ფლობის გამო", ასე განმარტა ერაყელი მეამბოხეებისათვის წაყენებული მოთხოვნები ამერიკული კოალიციის პრეს-მდივანმა დან სენორმა. სანაცვლოდ, მისივე თქმით, ყოველ დღე 50 ერაყულ ოჯახს დართავენ ფალუჯაში დაბრუნების ნებას (საქმე ის არის, რომ ბრძოლების გამო ქალაქიდან ათასობით ადამიანია გაქცეული) და ავადმყოფ თუ დაჭრილ ერაყელებს ისევ ეძლევათ საავადმყოფოებში მისვლის უფლება.

მეტად საყურადღებოა ერაყში კოალიციის სამხედრო ოპერაციის სარდლობის წარმომადგენლის, ბრიგადის გენერალ მარკ კიმიტის განცხადებაც: მისი თქმით, ამერიკელი ჯარსიკაცები იერიშებს განაახლებენ, თუ ფალუჯაში მეამბოხეებმა შეთმანხებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შეასრულეს.

ჩვენი კორესპონდენტის, რონ სინოვიცის ინფორმაციით, ამჟამად ფალუჯაში შედარებით მშვიდი ვითარებაა - უცხოელ ჯარისკაცებზე თავდასხმებმა ბოლო ორი დღის მანძილზე საგრძნობლად იკლო, თუმცა არ შემწყდარა.

ამასობაში, ფალუჯიდან ბრძოლების გამო გაქცეული მშვიდობიანი მოსახლეობა, ყოველ შემთხვევაში მისი ნაწილი, ისვე შინისაკენ დაიძრა. ფალუჯას მიაშურეს ერაყელმა პოლიციელებმაც - სწორედ მათ ევალებათ ფალუჯაში მეამბოხეებისაგან იარაღის ჩაბარება. ქალაქის მახლობლად, ამერიკულ ბაზაზე მყოფ ერთ-ერთ ერაყელ პოლიციელს გამოელაპარაკა საინფორმაციო სააგენტო რეიტერსის კორესპონდენტი: [ერაყელი პოლიციელის ხმა] "პოლიციელები ქალაქში შესასვლელად ემზადებიან და იღებენ ზომებს საიმისოდ, რომ ფალუჯაში ოჯახებიც დაბრუნდნენ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პრობლემები არ არის".

მაგრამ პრობლემები შეიძლება უკავშირდებოდეს მეამბოხეების მიერ იარაღის ჩაბარებას. ლონდონში მოღვაწე პოლიტოლოგი იან კემპი ასეთ ვარაუდს გამოთქვამს: [კემპის ხმა] "ძნელი წარმოსადგენია, გასამხედროებულმა ჯგუფებმა საერთოდ ჩააბარონ თავიანთი იარაღი. ამ ჯგუფებისათვის ისეთი არაფერი შეუთავაზებიათ, რაც განიარაღების ინტერესს გააჩენდა. ამიტომ, სამხედრო მოქმედების განახლებით მუქარა მათ განიარაღებას ვერ აიძულებს".

გარდა ამისა, განაგრძობს იან კემპი, მეამბოხეების ნაწილი რომ განიარაღდეს კიდეც, საერთაშორისო კოალიციას გაუჭირდება იმის დადგენა, რამდენი იარაღი დარჩა ამოსაღები... [კემპის ხმა] "კოალიციის წინაშე მდგომი ერთ-ერთი სირთულე ის არის, რომ მას წარმოდგენა არა აქვს ამოსაღები იარაღის რაოდენობაზე. სადამ ჰუსეინის რეჟიმის წლებში იარაღი, განსაკუთრებით მსუბუქი იარაღი, ფართოდ იყო გავრცელებული. სანამ იარაღი ბევრსა აქვს გადამალული, უშიშროების ძალებს საფრთხე არ მოაკლდებათ".

დაბოლოს, იან კემპის ხელთ არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არიან ფალუჯაში მებრძოლი მეამბოხეები. [კემპის ხმა] "საერთაშორისო კოალიციის დაზვერვის ინფორმაციით, მეამბოხეებს შორის უცხოელი მებრძოლებიც არიან, მაგრამ ოპოზიციის ბირთვს ერაყის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები შეადგენენ. ისინი ერაყის არმიაში არიან გაწვრთნილი. ამ ინფორმაციას ადასტურებს იარაღი, ტაქტიკა, რომელსაც მეამბოხეები იყენებენ".

იან კემპის ამ შეფასებას ეთანხმება ჰახემ ჰასანი - სუნიტი მუსლიმანი პოლიტიკოსი, რომელიც ფალუჯაში გამართულ მოლაპარაკებებში ერაყის მმართველის საბჭოს სახელით მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG