Accessibility links

logo-print

რა ინფორმაციას აქვეყნებს რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რა ინფორმაციას აქვეყნებს რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იქნება ეს კორუფციაში ეჭვმიტანილ პირთა დაკავება თუ აჭარის კრიზისი.



15 აპრილის "ნეზავისიმაია გაზეტას" თქმით, "დანაშაულობის პრეზუმპცია საქართველოში ლამის ნორმად იქცევა, ხოლო ამასწინანდელი "ვარდების რევოლუცია" სულ უფრო მოგვაგონებს თავის წინამორბედ "ოქტომბრის რევოლუციას".

გაზეთი წერს: "ხელმძღვანელობენ რა მხოლოდ და მხოლოდ "რევოლუციური მიზანშეწონილობით", საქართველოში უკვე კარგა ხანია დასტებად "აჰყავთ" ოდესღაც მიუკარებელი ჩინოვნიკები დამხობილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გუნდიდან...ხოლო თუ ისინი ხაზინაში გარკვეულ თანხას გადაიხდიან, მათ ათავისუფლებენ. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ფული მიმართული იქნება სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად - პენსიებისა და შემწეობების ხაზით არსებული დავალიანებების დასაფარავად, საბიუჯეტო ხელფასების გასაცემად."


როგორც იურისტმა დავით უსუფაშვილმა გაზეთს განუცხადა, "ხელისუფლება მეტ დროს უნდა უთმობდეს თავისი მოქმედებების იურიდიულ ბაზას." მისი თქმით,"მართალია, ამ მომენტისთვის ეს ფული ბიუჯეტში ირიცხება, მაგრამ მისი სტატუსი განსაზღვრული არ არის, რადგან დროებით გათავისუფლებულ ჩინოვნიკთაგან არც ერთმა არ აღიარა თავისი დანაშაული."

ამასთან, უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოები "გარკვეულ შეცდომებს" უშვებენ თანამდებობის პირთა დაკავებისას - ამ დროს აშკარად იკვეთება ადამიანის უფლებათა დარღვევები.
"დაკავების საშუალებათა და მეთოდების შერჩევა ყოველთვის როდი შეესაბამება აუცილობლობას", - ამბობს უსუფაშვილი.

რაც შეეხება აჭარის კრიზისთან დაკავშირებულ წერილებს: 15 აპრილის გაზეთ "ნოვიე იზვესტიას" თქმით, "კრიზისი აჭარაში მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიძლიოს მშვიდობიანად, თუ ასლან აბაშიძე კომპრომისზე წავა."

პოლიტოლოგმა გიორგი ხუციშვილმა გაზეთს განუცხადა, რომ "თუ აჭარაში დაცული იქნება ბალანსი ცენტრალურ და რეგიონალურ ხელისუფლებებს შორის, მაშინ აბაშიძეზე ზეწოლა არ განხორციელდება."

მეტიც, გიორგი ხუციშვილის აზრით, "თუ აბაშიძე ცენტრალურ ხელისუფლებას დაუთმობს კონტროლს ნავთობის ტერმინალზე, ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე, მაშინ მას საერთოდ არ ექნება პრობლემები."

20 აპრილის გაზეთ "ნოვიე იზვესტიას" აზრით, "ის, რაც ბოლო დროს აჭარის გარშემო ხდება, სხვა არაფერია, თუ არა სიგიჟე." გაზეთის თქმით, "პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თავის მთავარ ამოცანად ქვეყნის გამთლიანება დაისახა, წესრიგის დამყარება იმ რეგიონიდან დაიწყო, რომელსაც არასოდეს განუცხადებია საქართველოსგან თავისი დამოუკიდებლობის შესახებ."

გაზეთი წერს:"მცდელობამ იმისა, რომ აჭარის ხელმძღვანელობა იძულებული გაეხადათ თბილისის სურვილის მიხედვით ემოქმედა, ცენტრიდან მიღებული ნებისმიერი მითითების შესრულებაზე უარის თქმა გამოიწვია.
თბილისში აპირებენ აჭარის უზენაესი საბჭოს დათხოვნას, აჭარის ავტონომიის მეთაურის უმუშევრად დატოვებასა და რეგიონალური არჩევნების თარიღის დანიშვნას. თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა "ნოვიე იზვესტიას" განუცხადა, რომ "ავტონომიაზე ესოდენ სწრაფი შეტევის განხორციელების სურვილი ნამდვილად არ წაადგება ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობის გაუმჯობესებას და მხოლოდ გააღრმავებს კონფრონტაციას."
XS
SM
MD
LG