Accessibility links

logo-print

დუმბაძე ორი - ცენტრალური ხელისუფლება დაუმორჩილებლობისათვის აჭარის კიდევ ერთ მაღალჩინოსანს სთხოვს პასუხს


საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს, აჭარის ავტონომიის ცალკეულ ხელმძღვანელ პირებზე ზეწოლითა და მათთვის პირადი პასუხისმგებლობის შეხსენებით,

დაასუსტოს ასლან აბაშიძის მმართველობა. სამშაბათს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კატეგორიულად მოსთხოვა ბათუმის სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის უფროსობას, შეასრულოს ბრძანება და გადმოსცეს ცენტრალურ ხელისუფლებას უკანონო პატიმრობაში მყოფი პირები. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში განმეორდეს ისტორია გენერალ რომან დუმბაძისა, რომელმაც, ქვეყნის მთავარსარდლის ბრძანების მიუხედავად, თანამდებობა არ დატოვა და 25-ე ბრიგადა ასლან აბაშიძეს დაუქვემდებარა.


საქართველოსა და აჭარის ხელისუფალთა დაპირისპირება სულ უფრო მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც ფორმალურად ცენტრალური უწყების დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ირიცხებიან, მაგრამ რეალურად ასლან აბაშიძის ბრძანებებს ემორჩილებიან. 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის მაგალითი, ამ მხრივ, სიმპტომატურია. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გენერალ რომან დუმბაძეს, რომელმაც ორშაბათს საჯარო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, მოღალატეს უწოდებს და სამარცხვინო ბოძზე გაკვრით ემუქრება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "აჭარა არავისთვის არ გვიჩუქებია. ეს არის ჩემი ხალხი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი მხარდამჭერები. და ვერც ერთი კრიმინალი ვერ შეძლებს გატეხოს ქართული სახელმწიფოს მტკიცე ნება, რომ საქართველო იყოს ერთიანი და ხორციელდებოდეს ერთიანი საკანონმდებლო რეჟიმი. მოღალატეები დაისჯებიან უმკაცრესად."

ეს განცხადება სამშაბათს საქართველოს პერზიდენტმა სწორედ 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის იმ ოფიცრების წინაშე გააკეთა, რომლებმაც შეინარჩუნეს ლოიალობა ცენტრის მიმართ და თბილისში ჩამოვიდნენ. სწორედ ეს 25 სამხედრო მოსამსახურე დაიწყებს ახალი ბრიგადის ფორმირებას ალექსეევკის ბაზაზე. საქართველოს პრეზიდენტის ერთგული ოფიცრები ფიქრობენ, რომ მათ სულ მალე ცენტრალური ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი სხვა მათივე ყოფილი თანამებრძოლებიც შემოუერთდებიან:

[სამხედროების ხმა] "ჩვენს გვერდით იქნება სულ მალე ყველა, იგენიც ვინც დარჩა იქ. პრეზიდენტის გევრდით ვართ ყველა, მის გვერდით ვართ და ვემორჩილებით პრეზიდენტს."(სტილი დაცულია)

რაც შეეხება ასლან აბაშიძესა და მის ტერიტორიაზე მყოფ 25-ე მოტომსროლელ ბრიგადას, გენერალმა რომან დუმბაძემ ერთგულება კი დაუმტკიცა ასლან აბაშიძეს, მაგრამ ამ ნაბიჯით ძალაუნებურად წააქეზა ავტონომიის ხელისუფლება გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მას სერიოზულად დაუკარგავს მომხრეებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ: თუ ასლან აბაშიძე დაიქვემდებარებს 25-ე მოტომსროლელ ბრიგადას, ეს იქნება კიდევ ერთი ისეთი ფუნქციის უზურპირება, რაც აღემატება ავტონომიის ხელმძღვანელის უფლებამოსილებას; ხოლო თუ ასლან აბაშიძე არ წავა ცენტრთან გამწვავებაზე და ბრიგადაში სტატუს-კვოს აღადგენს, მაშინ რომან დუმბაძის სახით დაკარგავს ერთგულ თანამებრძოლს და ამ პროცესს ვეღარ შეაჩერებს - მით უფრო, რომ ცენტრი აჭარის ავტონომიის ცალკეულ ხელმძღვანელ პირებზე ზეწოლით განაგრძობს ასლან აბაშიძის მმართველობის დასუსტებას. სამშაბათს იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა კატეგორიულად მოსთხოვა ბათუმის მე-3 იზოლატორის უფროს თემურ რუხაძეს, არ შეუშალონ ხელი იმ ხუთი პატიმრის გადმოყვანას თბილისში, რომლებიც, პოლიტიკური მოტივით, 9 წელია იმყოფებიან ბათუმის იზოლატორში. თემურ რუხაძე, ისევე როგორც ორი კვირის წინ გენერალი რომან დუმბაძე, მძიმე არჩევანის წინაშე დგას.
XS
SM
MD
LG