Accessibility links

ორი ქალი მსოფლიოს ჩერნობილსა და ჩერნობილის მსხვერპლს შეახსენებს


გასულ კვირაში უკრაინაში

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი რეაქტორი დაიხურა - დროებით, თან მხოლოდ იმის გამო, რომ გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში, ანუ როცა თბილა, ენერგია დაიზოგოს. ამ ცნობაში განსაკუთრებული, შესაძლოა, არაფერი იყოს, მაგრამ მან მაინც მიიპყრო ყურადღება - უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ხსენებისას ხომ ყველას ჩერნობილის კატასტროფა ახსენდება. მითუმეტეს ახლა, როცა სულ რამდენიმე დღე რჩება 26 აპრილამდე - ანუ დღემდე, როცა 1986 წელს მსოფლიოში უმძიმესი ბირთვული ავარია მოხდა.

ჩერნობილზე ქალთა შესახებ გადაცემაში საუბარი გადავწყვიტეთ ერთი ფილმის გამო, რომელსაც წელს მეტად პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა: ეს გახლავთ დოკუმენტური ფილმი "ჩერნობილის გული" და მისი რეჟისორი ქალია - მერიენ დე ლეო. ასევე ქალი ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, რომლის საქმიანობასაც ფილმი ეძღვნება.

მაგრამ ვიდრე მათზე გიამბობდეთ, ჩერნობილის კატასტროფასთან დაკავშირებული რამდენიმე ფაქტი გავიხსენოთ: 1986 წლის 26 აპრილს, ანუ 18 წლის წინ აფეთქება მოხდა ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც კიევის ჩრდილოეთით, ბელორუსიის საზღვრიდან 12 კილომეტრში მდებარეობს; ადგილზე დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი; მიმდებარე ტერიტორიაზე მკვეთრად მომატებული რადიაციის გამო აუცილებელი გახდა ათი ათასობით ადამიანის ევაკუაცია; დღემდე გადაკეტილია 30თკილომეტრიანი რადიუსის ზონა. უკრაინის გარდა კატასტროფა უშუალოდ შეეხო რუსეთსა და ბელორუსიას, და მათ დღემდე ეხება - ჩერნობილის ტრაგედია ისტორიის კუთვნილება არ არის! უშუალოდ აფეთქების შემდეგ დაღუპულებსა და დაავადებულებზე რომ აღარაფერი ითქვას, მომდევნო წლებში დაბადებულთა შორის განსაკუთრებით მაღალია მძიმედ დაავადებულების რიცხვი.

[როშის ხმა] "გაეროს მონაცემებით, ჩერნობილის კატასტროფის შედეგები ამ სამ ქვეყანაში 9 მილიონ ადამიანს ეხება. საერთოდ, რას ნიშნავდა ჩერნობილის კატასტროფა მომავალ ათწლეულებში გამოჩნდება. ეს იმიტომ, რომ რადიოაქტიურობა მოქმედების ხანგრძლივობით გამოირჩევა. მომხდარის შედეგები ადამიანის, მცენარეების, ცხოველების დნმ-ს დაეტყობა", - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს ადი როში, ორგანიზაცია "ჩერნობილის ბავშვთა პროექტის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი. მისი ორგანიზაცია 1991 წლიდან, ანუ ირლანდიაში დაფუძნებიდან ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას იმ ადგილებში, რომლებიც ჩერნობილმა დააზარალა. ის ბევრ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და მათთან ერთად რეგიონში 50 მილიონამდე დოლარის დახმარება აქვს გაგზავნილი.

რას შეიძლება ნიშნავდეს ასეთი დახმარება, ბელორუსი გოგონას 12 წლის ვერანიკა სმიეიანის მაგალითით ჩანს. ის გულის მძიმე დაავადებით დაიბადა. უკვე 6 წელი იყო გასული ჩერნობილის ავარიის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც დედამისმა რედიოაქტიური დასხივება მიიღო. ვერანიკას სწორედ "ჩერნობილის ბავშვთა პროექტი" დაეხმარა - მას დუბლინში 2 ოპერაცია გაუკეთეს. [ვერანიკას ხმა] "ახლა თავს საუცხოოდ ვგრძნობ. ერთადერთი სურვილი მაქვს - ისევ ირლანდიაში ჩავიდე. როცა ირლანდიას ვამბობ, წარმომიდგენია ოკეანე, სუფთა ჰაერი, ზოოპარკი, რომლშიც ხშირად დავიდიოდით. ოკეანე პირველად ვნახე".

კინორეჟისორ მერიენ დე ლეოს დაახლოებით 3 წლის წინ გაუჩნდა ინტერესი ორგანიზაციისადმი, რომელიც ვერანიკასავით, ჩერნობილის ავარიის შედეგად დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. ყველაფერი ერთი გამოფენით დაიწყო: დე ლეომ დაათვალიერა ექსპოზიცია დაზარალებულ რეგიონებში ბავშვთა ყოფასა და "ჩერნობილის ბავშვთა პროექტის" საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც გადაწყვიტა, ფილმი გადაეღო. ის ორგანიზაციის დირექტორს, ადი როშს დაუკავშირდა და მას ფილმის კონცეფციაზე შეუთანხმდა. ადი როში იხსენებს: [როშის ხმა] "ფილმი უნდა ყოფილიყო სამხილი, თვითმხილველი იმ სასოწარკვეთის, ტანჯვის, აგონიის, იზოლაციის, ტრაგედიისა, რომელსაც 18 წელია ბოლო არ უჩანს. ის მიჰყვება რადიოაქტიურობის კვალს რეაქტორიდან ორსულ ქალებამდე, ბავშვებამდე, მიწამდე, მიტოვებულ სოფლებამდე, ევაკუირებულ ადამიანებამდე, მკვლევრებამდე, სამედიცინო უწყებებამდე. ჩვენ ყველას ველაპარაკებოდით."

ადი როში განსაკუთრებით კმაყოფილია იმით, რომ ფილმმა "ჩერნობილის გული", გარდა იმისა, რომ ოსკარი მოიპოვა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამერიკელ მაყურებელზე. ახლა მას და რეჟისორს, მერიენ დე ლეოს, იმედი აქვთ, რომ ფილმს კატასტროფით დაზარალებულ ქვეყნებშიც - ბელორუსიაში, უკრაინასა და რუსეთშიც აჩვენებენ. ისევ როშს მოვუსმინოთ:
[როშის ხმა] "ძალიან გაგვიხარდება, ჩვენება ამ 3 ქვეყნის დედაქალაქებში რომ გაიმართოს. მაგრამ მოვიცდით, სანამ დაგვპატიჟებენ. ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამ ქვეყნებში, ავარიის შედეგებზე ბევრს აღარ ლაპარაკობენ. არადა , ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი იტანჯება. იმედი გვაქვს, რომ სამივე მთავრობაში იმატებს ინტერესი - თუნდაც იმიტომ, რომ მათ დახმარება სჭირდებათ. საერთოდ, ადვილი არ არის სხვა ქვეყანაში დოკუმენტური ფილმის გადაღება. შესაძლოა, ზედმეტად კრიტიკულად ჩაგთვალონ - ჩათვალონ, რომ ქვეყანა უარყოფითად აჩვენე. მაგრამ ეს პრობლემა ყველა კინორეჟისორისათვის არის ცნობილი, ვისაც ფილმი გადაუღია სხვა ქვეყანაში".

ფილმის "ჩერნობილის გული" შედეგი არა მარტო პრესტიჟული ჯილდო, ოსკარია: რეჟისორი მერიენ დე ლეო ირწმუნება, რომ ფილმმა მასზე, როგორც პიროვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა: [დე ლეოს ხმა] "კი, მე ნამდვილად შევიცვალე. ასეთი მძიმე ფილმი არასოდეს გადამიღია, არადა 20 წელია, ფილმებს ვიღებ. მინდოდა, იმედისათვის მიმეგნო ამდენ სირთულეში და მგონი, მივაგენი კიდეც: ეს არის კარდიოქირურგი, რომელიც ბავშვებს ოპერაციას უკეთებს და ზოგიერთს სიკვდილისაგან იხსნის. ალბათ, ეს არის ჩვენი იმედი - რომ ყველას შეგვიძლია, ერთმანეთს დავეხმაროთ. მაგრამ ძალიან მძიმეა, უყურო ავადმყოფ ბავშვებს. ამას რაიმე მიზეზით უნდა აკეთებდე. და ვიფქრობ, მიზეზია ის, რომ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ: ჩერნობილის ავარიის შემდეგ რადიაცია დღემდე მილიონობით ადამიანზე ახდენს გავლენას".

მერიენ დე ლეოს ფილმის მთავარი დამსახურება, ალბათ, ის არის, რომ ჩერნობილის ტრაგედიის შედეგებს დღეს მეტი ადამიანი აცნობიერებს. ამას ადასტურებს თუნდაც მეტი ფული, რომელიც "ჩერნობილის ბავშვთა პროექტმა" მოაგროვა მას შემდეგ, რაც ფილმი "ჩერნობილის გული" ოსკარით დააჯილდოვეს. მეტი ფულით მეტი დახმარება ჩაიტანეს ბელორუსიაში - ეს აღდგომას, 11 აპრილს მოხდა.
XS
SM
MD
LG