Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორდეხაი ვანუნუ: გმირი თუ მოღალატე?


ოთხშაბათს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა მამაკაცი, რომელმაც 18-წლიანი პატიმრობა მოიხადა და სწორედ ოთხშაბათს, 21 აპრილს იქნა გათავისუფლებული. ის, მორდეხაი ვანუნუ ციხიდან მიაბიჯებდა, კმაყოფილების ნიშნად თითებით გამარჯვების სიმბოლოს გამოსახავდა და ხელს უქნევდა ციხის შენობასთან შეკრებილებს

- მათ შორის ვანუნუს მომხრეებიც იყვნენ, მოწინააღმდეგეებიც და ჟურნალისტებიც.

ვინ არის მორდეხაი ვანუნუ და რა იწვევს მისდამი ასეთ ინტერესს? ვიდრე ამ შეკითხვაზე პასუხს შემოგთავაზებდეთ, თვით ვანუნუს ხმა მოისმინეთ: [ვანუნუს ხმა] "იმათ საყურადღებოდ ვამბობ, ვინც მოღალატეს მიწოდებს: ვამაყობ და ბედნიერი ვარ იმით, რაც გავაკეთე!"

ის, რის გამოც ამ სიტყვების წარმომთქმელს ზოგი მოღალატედ მიიჩნევს, 1986 წელს მოხდა: ისრაელის მოქალაქე მორდეხაი ვანუნუმ ბრიტანეთის გაზეთ "სანდეი ტაიმსს" გადასცა ინფორმაცია გასაიდუმლოებული საწარმოდან - დიმონის რეაქტორიდან, სადაც ის მუშაობდა.

ინფორმაციამ - ფოტოსურათებმა, დეტალურმა აღწერებმა - ნათელი მოჰფინა იმას, რასაც ისრაელი "ორაზროვანი პოლიტიკის სტრატეგიას" უწოდებდა, როცა არც უარყოფდა და არც ადასტურებდა ატომური იარაღის ფლობას. დღეს ექსპერტები სწორედ ვანუნუს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ისრაელის ხელთაა ატომური იარაღის 100-ზე მეტი ერთეული. არსებობს სხვა მოსაზრებაც - რომ სინამდვილეში საქმე ეხება 80-მდე ერთეულს. ყოველ შემთხვევაში, ეჭვი არავის ეპარება, რომ ისრაელი ფლობს ატომურ იარაღს.

მაგრამ დავუბრუნდეთ 1986 წელს. მორდეხაი ვანუნუს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამხელამ ისრაელში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამის შემდეგ კი მოხდა ის, რაც ჯაშუშებზე ფილმის სიუჟეტსა ჰგავს: ვანუნუ სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულეს, აგენტი ქალის მეშვეობით ლონდონიდან რომში ჩაიტყუეს, და იქიდან ისრაელში გაიტაცეს. ამას მოჰყვა გასაიდუმლოებული სასამართლო პროცესი და განაჩენი: 18 წლით პატიმრობა.

ეს 18 წელი გავიდა. ვანუნუ დღეს 49 წლისაა და ისრაელის უშიშროების სამსახურის აგენტებს ციხეში მის მიმართ "სისასტიკესა და ბარბაროსობაში" ადანაშაულებს: [ვანუნუს ხმა] "ამას ისრაელის უშიშროების სამსახურს ვეუბნები: ვერ გამტეხეთ, ვერ გამაგიჟეთ. 18 წელი იზოლაციაში ყოფნით ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდოდათ".

ვანუნუ მართლაც არ "გატეხილა": სწორად მიიჩნევს ყველაფერს, რაც 1986 წელს გააკეთა და იმეორებს მაშინდელ მოთხოვნას, ისრაელის გასაიდუმლოებული საწარმოს - დიმონის შემოწმების შესახებ: [ვანუნუს ხმა] "მთელს მსოფლიოს მივმართავ: უნდა შესამოწმებლად გაიღოს დიმონის რეაქტორი. დაევალოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, მოჰამად ელ-ბარადეის დიმონის რეაქტორის შემოწმება".

აქ უნდა ითქვას, რომ ისრაელს ხელი არ მოუწერია გაეროს 1970 წლის ხელშეკრულებაზე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ და შესაბამისად, არ არის ვალდებული, თავის რეაქტორზე უცხოელი ექსპერტები შეუშვას. ვანუნუ კი ირწმუნება, რომ ისრაელს ბირთვული იარაღი აღარ სჭირდება: [ვანუნუს ხმა] "ისრაელს არ სჭირდება ატომური იარაღი - მითუმეტეს ახლა, როცა ახლო აღმოსავლეთი თავისუფალია ატომური იარაღისაგან. ბირთვული იარაღი არ არის ერაყში - ლიბიაში, ირანში, ეგვიპტეში... მარტო ისრაელსა აქვს საიდუმლოები".

ეს განცხადება, რომელიც მორდეხაი ვანუნუმ ციხიდან გამოსვლისთანავე გააკეთა, ნამდვილად არ გააუმჯობესებს მისდამი ისრაელის მთავრობის დამოკიდებულებას - ასე ვთქვათ, სუსხიან დამოკიდებულებას. ახლა ვანუნუს 1 წლის მანძილზე ეკრძალება უცხოეთში გამგზავრება, მოგზაურობა თვით ისრაელის ტერიტორიაზე, 6 თვე ეკრძალება უცხოელებთან ლაპარაკი.
ეს აკრძალვები, ისრაელის იუსტიციის მინისტრ ტომი ლაპიდის განმარტებით, აუცილებელია იმის გამო, რომ ვანუნუს "მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი, ქვეყნისათვის რაც შეიძლება დიდი ზიანის მიყენება".

თუმცა, ყველა ასე არ ფიქრობს: არიან ადამიანებიც, ვინც მორდეხაი ვანუნუს გმირად მიიჩნევს და მისთვის ნობელის სამშვიდობო პრემიის მინიჭებას მოითხოვს. ეს ადამიანები უმეტესწილად უცხოელები არიან და ვანუნუც უცხოეთში, შეერთებულ შტატებში გადასახლებას აპირებს: ის 7 წლის წინ, ანუ 42 წლის ასაკში კანონიერად იშვილა ამერიკელმა ცოლ-ქმარმა. და კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: 80-იან წლებში მორდეხაი ვანუნუ ქრისტიანად მოექცა და ირწმუნება, რომ მისი დევნის ერთ-ერთი მიზეზი რელიგიაც არის. ამ სიუჟეტს მისივე ხმით დავამთავრებთ: [ვანუნუს ხმა] "მე ვარ თავისუფლებისადმი მისწრაფების სიმბოლო, სიმბოლო იმისა, რომ ადამიანის სული თავისუფალია. ადამიანის სულს ვერ გაანადგურებ! ასე მოხდა კომუნისტურ რეჟიმშიც. 70 წლის შემდეგ რუსეთში კომუნიზმი დაემხო და აღმოჩნდა, რომ იქ თავისუფალი ადამიანები არიან".
XS
SM
MD
LG