Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და საქართველო მიხვდნენ, რომ საზღვარზე თანამშრომლობაა საჭირო


საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთის მონაკვეთის ერთობლივი დაცვის შესახებ ორი წლის წინ დაწყებული მოლაპარაკება დასასრულს მიუახლოვდა.

ოთხშაბათ საღამოს თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის რუსეთის საზღვრის დაცვის ფედერალური სამსახურის უფროსი, გენერალი ვლადიმირ პრონიჩევი, რომელიც, ქართველ კოლეგასთან ერთად,22 აპრილს ხელს მოაწერს შეთანხმებას ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ. საქართველოში იმედოვნებენ, რომ სასაზღვრო პრობლემათა მოგვარების შემდეგ რუსეთი კეთილ ნებას გამოიჩენს და გააუქმებს სავიზო რეჟიმს მეზობელ სახელმწიფოსთან.


თებერვლის დასაწყისში მოსკოვში გამართული პირველი ოფიციალური შეხვედრის დროს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს, რომ ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენა სწორედ საზღვარზე თანამშრომლობით უნდა დაწყებულიყო - უფრო ზუსტად, თანამშრომლობით საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთზე, რომელიც გასულ წლებში არაერთხელ გამხდარა მოსკოვისა და თბილისის მწვავე დაპირისპირების საგანი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის შალვა ლონდარიძის განცხადებით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული მთავარი რუსი მესაზღვრე, გენერალი ვლადიმირ პრონიჩევი და მისი ქართველი კოლეგა, გენერალი ბადრი ბიწაძე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 21 აპრილს მოაწერენ ხელს:

[შალვა ლონდარიძის ხმა] "ძირითადი დედააზრი[ამ შეთანხმებისა] არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს რუს კოლეგებს, თუკი რაიმე ინციდენტი დაფიქსირდება ჩვენს მხარეს და, პირიქით, ჩვენი რუსი კოლეგები გამოთქვამენ მზადყოფნას, თუკი რაიმე პრობლემა შეექმნებათ ქართველ მესაზღვრეებს, მაქსიმალურად დაგვეხმარონ."

თუმცა ქართველი და რუსი მესაზღვრეები ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და დაღესტნის ამ მიმართულებაზე მეორე წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ. იცვლება ოპერატიული ინფორმაცია სასაზღვრო საგუშაგოთა შორის, წარმოებს პატრულირება როგორც საჰაერო, ისე მოძრავი საგუშაგოების საშუალებით. საქართველოში მცხოვრები ქისტები, რომლებიც დიკლოს, შატილისა და ლარსის უღელტეხილით უკავშირდებოდნენ ხოლმე თავიანთ ნათესავებს გროზნოში, ამჯერად შემოვლითი გზით - აზერბაიჯანისა და ოსეთის მხრიდან - ცდილობენ ჩეჩნეთში შეღწევას. საქართველოში მცხოვრები ცნობილი უფლებათდამცველი ქისტი ქალი მექა ხანგოშვილი ყვება, რომ, სასაზღვრო პროცედურების გამო, ქმრის ნათესავების მოლოდინში, ქორწილის გადადება სამი თვით მოუხდა:

[მექა ხანგოშვილის ხმა] "მე ეხლა ქორწილი მაქვს შაბათს და იმიტომ დაგვიანდა, რომ ჩემი დედამთილი, მაზლი და მული ვერაფრით გადმოვიყვანეთ, ძალიან რთულია რუსების მხრიდან, თორემ საქართველოს მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ ყოფილა. ლარსით ვერაფრით ვერ გადმოვიყვანეთ, იქ ძალიან დიდი პრობლემები იყო და, ბოლოს, აზერბაიჯანიდან, "წითელი ხიდით", გადმოვიყვანეთ." (სტილი დაცულია)

მაგრამ როცა ასეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ეწერება ხელი, პოლიტიკოსების ლოგიკით, მთავარია სახელმწიფოებრივი ინტერესი და არა ცალკეული შემთხვევები. მით უფრო, რომ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით,სადავო მონაკვეთებზე სასაზღვრო რეჟიმის აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, თანამშრომლობა საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზეც აეწყოს.

[შალვა ლონდარიძის ხმა] "ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში, ალბათ, დღის წესრიგში დადგება კონკრეტულად ის, რომ აფხაზეთის მონაკვეთის მიმართულებითაც დაიწყოს მსჯელობა ჩვენს რუს კოლეგებთან."(სტილი დაცულია)

და არის კიდევ ერთი მოლოდინი, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის სასაზღვრო თანამშრომლობის გააქტიურებას უკავშირდება. სააკაშვილ-პუტინის შეხვედრის შემდეგ თბილისში გამოითქმებოდა ვარაუდი, რომ თუკი რუსეთ-საქართველოს საზღვარი გამჭვირვალე და უსაფრთხო გახდება, მოიხსნება სავიზო რეჟიმის არსებობის აუცილებლობა ორ ქვეყანას შორის - რეჟიმისა, რომელიც მოსკოვმა სამი წლის წინ საქართველოდან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად შემოიღო. თუმცა, ცრემლებისა არ იყოს, ვარაუდების მოსკოვს ნაკლებად სჯერა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG