Accessibility links

logo-print

საქართველოს მომავალი ჰიმნის პოეტური ღირსებები


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილმა ჟიურიმ უკვე მოიწონა ლექსი, რომელსაც საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტი, ალბათ, სახელმწიფოს ჰიმნის ტექსტად დაამტკიცებს.

საზოგადოდ, ჰიმნის ტექსტი არასოდეს მიეკუთვნება პოეზიის საუკეთესო ნიმუშებს. რამდენად უპასუხებს საქართველოს მომავალი ჰიმნი ამ ტრადიციას?

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება.

ასეთია ტექსტი, რომელიც, მაღალი ალბათობით, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნად დამტკიცდება. ძნელი წარმოსადგენია, პარლამენტმა იმსჯელოს ტექსტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანაზე და ჰიმნი კოლექტიური შემოქმედების ნაყოფად აქციოს. ტექსტის ღირსებად შეიძლება მივიჩნიოთ მისი სიმარტივე და ის, რაც კულტურის მინისტრმაც აღნიშნა გამარჯვებული ვარიანტის გამოცხადებისას: ტექსტში ქართული პოეზიის ტრადიციაა გათვალისწინებული.
სხვათა შორის, ციტატებითა და ალუზიებით დახუნძლული იყო ჰიმნის ის ვარიანტები, რომლებიც ამ 6 წლის წინათ წარადგინეს ავტორებმა საკონკურსოდ. იმხანად კონკურსი ბოლომდე ვერ მივიდა, მაგრამ მეხსიერებას შემორჩა ტექსტი, სადაც სიტყვა "სიკვდილი" შვიდჯერ იყო ნახსენები, მათ შორის, რუსთაველის აფორიზმში "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი".
წლევანდელ ტექსტში "ვეფხისტყაოსანი" არსად ჩანს. ავტორი დავით მაღრაძე აკაკი წერეთლის პოეზიას დაესესხა. ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდა ფილოსოფოსმა და პუბლიცისტმა თამარ ცოფურაშვილმა ჩემთან საუბრისას შენიშნა:
[ცოფურაშვილის ხმა] "შეიძლება ითქვას, რომ დღეს თანამედროვე ქართული მუსიკის ნიშანი ყველაფრის "დარემიქსებაა", ხდება ძველის გათანამედროვება. ეს ტენდენცია ჩანს ამ შემთხვევაშიც. უბრალოდ, ეს არის არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ პოეტური რემიქსიც."
თამარ ცოფურაშვილი ამბობს, რომ ტექსტში არ არის ახალი პოეტური სახე, რომელიც მას მხატვრულ ღირსებას შემატებდა, თუმცა ჰიმნში მთავარი, შესაძლოა, იყოს არა პოეტური სახეები, არამედ იდეოლოგია. თამარ ცოფურაშვილი აქაც კრიტიკულია:
[ცოფურაშვილის ხმა] "განათებული მთა-ბარი, რომელიც წილნაყარია ღმერთთანა, შეიძლება, ქართული მულტიკულტურული გარემოსთვის წინააღმდეგობას ქმნიდეს. თვითონ ღმერთის მოხსენიება ჰიმნში შუასაკუნეობრივ კონტექსტს შეიცავს და თეოლოგიური ცნობიერების საზოგადოებას ახასიათებს."
თამარ ცოფურაშვილი ლაპარაკობს ტექსტში მოხსენიებულ "ღმერთთან წილნაყარობაზეც", რაც, მისი აზრით, ამბიციური განაცხადია.
[ცოფურაშვილის ხმა] "ეს ნიშნავს, ჩვენ, როგორც ერი, ანუ ამ ჰიმნის მომღერალი ეთნოსი, ვაცხადებთ: სხვასთან შედარებით პრივილეგირებულები ვართ, იმიტომ რომ სწორედ ჩვენ ვართ წილნაყარი ღმერთთან. ასეთი მესიანური პრეტენზიით გამოსვლა რამდენად შეესაბამება დღეს ჩვენში მოქმედ ღირებულებებს?"
XS
SM
MD
LG