Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

22 პრილს ახალი მოწვევის პარლამენტი იკრიბება


22 აპრილს 12 საათზე, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. როგორი იქნება საკანონმდებლო ორგანოს პირველი სამუშაო დღე?

ვინ უხელმძღვანელებს პირველ სხდომას? ვინ იქნება პალამენტის თავმჯდომარე და რას ელიან თბილისელები 28 მარტს არჩეული დეპუტატებისგან?

[ქალბატონის ხმა] "მე - არაფერს. ისე მიდის მდგომარეობა, რომ არაფერს აბსოლუტურად."(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] "ამ პარლამენტისაგან? მე არანაირ სიკეთეს არ ველი. იმტომ რომ ერთპარტიულია."(სტილი დაცულია)

მოქალაქეები ასევე თანხმდებიან პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე:

[მამაკაცის ხმა] "ალბათ, ნინო ბურჯანაძე. "

[ქალბატონის ხმა] "თავმჯდომარე? პარლამენტის? ბურჯანაძე, რა თქმა უნდა!"

თუმცა თავმჯდომარის არჩევამდე პარლამენტმა პროცედურით გათვალისწინებული მთელი რიგი სავალდებულო ნაბიჯები უნდა გადადგას: თავდაპირველად რეგისტრაციას გაივლიან არჩეულად გამოცხადებული დეპუტატები. თუ მათი რაოდენობა 118-ზე მეტი აღმოჩნდება, მაშინ სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის, რის შემდეგაც არჩევნების შედეგების შესახებ მოხსენებას ცესკოს თავმჯდომარე გააკეთებს. პარლამენტში გასული საარჩევნო სუბიექტები - ამ შემთხვევაში, "მემარჯვენე ოპოზიცია" და "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები" - პირველსავე სხდომაზე დააკომპლექტებენ ხმისდამთვლელ და დროებით სამანდატო კომისიებს. ეს უკანასკნელი, მას შემდეგ, რაც შეისწავლის ცესკოს მიერ გადაცემულ მასალებს, პარლამენტს იმ დეპუტატთა სიას წარუდგენს, ვისი უფლებამოსილებაც საკანონმდებლო ორგანომ უნდა ცნოს. ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "თუ ორი მესამედის უფლებამოსილება დადასტურებული იქნა, ამ მომენტიდან ეს პარლამენტი უკვე მთლიანად ხდება უფლებამოსილი, ძველ პარლამენტს უწყდება უფლებამოსილება და პარლამენტი იწყებს ჩვეულებრივი რეჟიმით მუშაობას. ეს ჩვეულებრივი რეჟიმი რა არის: პირველ რიგში, უნდა აირჩეს პარლამენტის თავმჯდომარე..."(სტილი დაცულია)

საყურადღებოა ის, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს სახელით მოხსენებას ზურაბ ჭიაბერაშვილი ვეღარ წაიკითხავს: იგი ორიოდე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერის თანამდებობაზე დანიშნა. ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსის ელზა გულიაშვილის განცხადებით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი წარდგება:

[ელზა გულიაშვილის ხმა] "არანაირი პრობლემა ამ წუთში არ აქვს ცესკოს - იმდენად, რამდენადაც თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულია დიმიტრი ქიტოშვილი. ესე იგი, ბატონი დიმიტრი ჩაატარებს ამ პროცედურას."


2003 წლის 22 ნოემბრის ჩაშლილი სხდომისგან განსხვავებით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ შეკრებას აუცილებლად დაესწრება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ყოველ შემთხვევაში, საპატრიარქოს სამდივნოში აცხადებენ:

[მამაკაცის ხმა] "მე ვიცი, რომ ნამდვილად მიბრძანდება და მოსაწვევი არის თუ არა, ეს ნამდვილად არ ვიცი, ვერ გეტყვით. ...მიბრძანდება უწმინდესი, რომელ საათზეც არის გახსნა, იმ დროს მიბრძანდება."(სტილი დაცულია)

პირველ სხდომას უხუცესი დეპუტატი და წინა მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი 71 წლის ელდარ შენგელაია წარუძღვება, თუმცა სამომავლოდ, როგორც იგი თავად ამტკიცებს, საკანონმდებლო ორგანოში მაღალ თანამდებობას აღარ დაიკავებს. რა არის ამის მიზეზი?

[ელდარ შენგელაიას ხმა] "მიზეზი - მე ყავს შეყვარებული ქალი, რომელსაც ჰქვია კინო. მე უნდა გადავიღო კინო - ეს ერთი. მეორე კიდევ ის, რომ მე ვთვლი: ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს, როდის მოვიდეს და როდის წავიდეს."(სტილი დაცულია)

და ბოლოს: როგორ მოიქცევიან დეპუტატები, ძველებურად გამართავენ თუ არა ისინი მუშტი-კრივს?

[ქალბატონის ხმა] "როგორ უნდა იყოს მუშტი-კრივი, როცა ერთპარტიულობაა, ოპოზიცია არ არის და საიდან იქნება?.."

[მამაკაცის ხმა] "მე ახლა, როცა ვთქვი, რომ ერთპარტიული იქნება, ვიგულისხმე, რომ უფრო მომრიგებლური იქნება და არ იქნება ჩხუბი."(სტილი დაცულია)

ვნახოთ, დაველოდოთ - თავის გამოსაჩენად არჩეულ დეპუტატებს მომდევნო ოთხი წელიწადი ნამდვილად ეყოფათ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG