Accessibility links

logo-print

გაეროს კომისია "ნავთობი საკვების სანაცვლოდ" პროგრამის დარღვევების გამოძიებას იწყებს


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იწყებს ერაყში მოქმედი პროგრამის "ნავთობი საკვების სანაცვლოდ" იმ დარღვევების


გამოძიებას, რომელშიც პირველ რიგში თავად გაეროს თანამშრომლები არიან გარეულნი. პროგრამა 1996 წლის დეკემბერში ამოქმედდა. მისი მიზანი იყო ნავთობისაგან მიღებული სახელმწიფო შემოსავლები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის მიემართა. ეს იყო გაეროს ისტორიაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის გათვალისწინებული ყველაზე ძვირადღირებული პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა კორუფციული გარიგებების საშუალებად იქცა, ექსპერტები ასკვნიან, რომ გაერომ მისი დახმარებით მაინც შეძლო იმ რიგითი ერაყელების სასიცოცხლო პირობების გაუმჯობესება, რომლებიც სანქციების შემოღების პირველ წლებში უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდნენ.

სამი წევრისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა კომისიამ უკვე დაიწყო გაეროს საკვების პროგრამაში აღმოჩენილი აშკარა კორუფციული დარღვევების შესწავლა. ამის თაობაზე განცხადება გაკეთდა 21 აპრილს, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭომ სპეციალური რეზოლუცია გამოსცა და წევრ ქვეყნებს, გაეროს ოფიციალურ პირებსა და ერაყში შეერთებული შტატების კოალიციას გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
კომისიის თავმჯდომარედ გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი პაულ ვოკერი დაასახელა. გაგაცნობთ კომისიის ორ დანარჩენ წევრსაც-რიჩარდ გოლდსტოუნი გაეროს ომის დამნაშავეთა ტრიბუნალის ყოფილი გენერალური პროკურორია, ხოლო მარკ პიითი შვედეთში ცნობილი სამართლის ექსპერტია და ფულის გათეთრების საკითხებშის ძიებაშია დაოსტატებული.
სავარაუდოდ ვოკერის სტატუსი დააკმაყოფილებთ სწორედ იმ ოპონენტებს, რომლებიც აშკარად გამოხატავდნენ ეჭვებს კოფი ანანის მიერ ხელდასმული გამოძიების შესაძლებლობების მიმართ.
შეერთებული შტატების კონგრესი, თავის მხრივ, ასევე იწყებს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული უკანონო გარიგებების შესწავლას. კონგრესის სააგენტოს თქმით, პროგრამის მოქმედების განმავლობაში სადამ ჰუსეინის რეჟიმის ფონდებში 11 მილიარდი დოლარის მოცულობის თანხა მოხვდა.

როგორც ვოკერმა საგანგებო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, კორუფციში მონაწილე სუბიექტების გამოვლენა აუცილებელია არა მარტო დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის, არამედ თავად გაეროს შელახული იმიჯის აღსადგენადაც.

როგორც ცნობილია, ბაღდადის ყოველდღიური გაზეთის "ალ მადის" მიერ გამოქვეყნებულ ერაყის საიდუმლო სამსახურის იმ სიაში, რომელსაც სადამ ჰუსეინის მთავრობა ქრთამს აძლევდა, არის "ნავთობი საკვების სანაცვლოდ" პროგრამის ხელმძღვანელი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე კვიპროსელი ბენონ სევანი.

[პაულ ვოკერის ხმა] " ხელდაკრეფილი ვერ იჯდები და მის გახრწნას ვერ დაელოდები. რაც არ უნდა აღმოაჩინო, შენი მოვალეობაა გამოიძიო. თუ გამოძიება გაეროსათვის სამწუხარო ფაქტებს გამოავლენს, მაშინ მის გაწმნდაზე უნდა იზრუნო."

კომისიას არ აქვს უშიშროების წევრი სახელმწიფოებისგან ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება.თუმცა კომისია ვარაუდობს, რომ უახლოეს თვეებში იგი შეძლებს იმ ფირმების წარმომადგენლებსა და ოფიციალურ პირებს გაესაუბროს, ვინ უშუალოდ იყო ჩართული ერაყში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანის შვიდწლიან პროგრამაში.

კოფი ანანმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, გაეროს პრივილეგიები და იმუნიტეტი კორუფციაში ჩართული გაეროს წარმომადგენლების დასაკითხად გამოძიებისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ გახდება. თავის მხრივ, ვოლკერი ამბობს, რომ მისი პირველი საზრუნავი კვალიფიციური გუნდის შექმნა იქნება.

[ვოკერის ხმა] " ჩვენ უეჭველად დაგვჭირდება სამართლებრივად კვალიფიციური ადამიანების მოზიდვა. ჩვენ უნდა გვყავდეს გამომძიებლები, ჩვენ სამართლებრივი გიდები გვჭირდება. ჩვენ უნდა გვყავდეს გამოძიებაში გამოცდილი და გათვითცნობიერებული ადამიანები. ეს თავისებური გამოცდა იქნება."

გაეროს წინამორბედმა საგამოძიებო კომისიებმა საბჭოს რეზოლუციების დარღვევაში ბრალეული ქვეყნების დასახელების მიმართულებით გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. სამი წლის წინ კომისიამ გამოავლინა გაეროს წევრი ისეთი ქვეყანები, რომლებიც აფრიკის ზოგიერთ სახელმწიფოსთან, ემბაროგოს მიუხედავად, იარაღითა და ძვირფასი თვლებით ვაჭრობდნენ.

მაგრამ ახლანდელი კომისია ეფექტურობის მიზნით, გამოძიების პროცესში საბჭოს თხუთმეტივე წევრი ქვეყნის ჩართვას ითხოვს. განსაკუთრებით იმ ხუთი მუდმივი წევრისა, რომლებიც ერაყის პოლიტიკასთან დაკავშირებით ხშირად განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ. ამას გარდა, "ნავთობი საკვების სანაცვლოდ" პროგრამაში უშუალოდ საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის ბევრი კონტრაქტორი კომპანია მონაწილეობდა. თავად ქვეყნები კი იმთავითვე ერაყისათვის დაწესებული სანქციების შერბილებას ითხოვდნენ.

როგორც ვოკერი შენიშნავს, იგი შორსაა საკითხის პოლიტიზირებისაგან, როგორც ირაყის შიგნით, ისე მის გარეთ.

[ვოკერის ხმა]-" ზოგი შეეცდება კონსტრუქციულად დაგვეხმაროს. ზოგი პირიქით, შეეცდება დესტრუქციულად დაგვაბნიოს. ჩვენი საქმე იქნება აქედან გამოსავალი მოვნახოთ."

თავის მხრივ, გაეროს გენერალურმა მდივანმა შენიშნა, რომ იმის მიუხედავად რა დარღვევებს გამოავლენს კომისია, გაეროს საკვების პროგრამის დადებითი მხარეების დავიწყება არამართებული იქნებოდა.

[ანანის ხმა] "მე ვიმედოვნებ, რომ ერაყელები აღიარებენ იმას, რომ გაეროს ზოგიერთი წევრის დანაშაულის მიუხედავად, თავად გაერომ მათი ჰუმანიტარული დახმარების კუთხით ბევრი რამ გააკეთა. აქვე უნდა აღვნიშნოთ გაეროს ასობით თანამშრომელი, რომელიც საკვების განაწილების სისტემის შესაქმნელად ბეჯითად მუშაობდა ერაყის რეჟიმთან. სწორედ ისინი უზრუნველყოფდნენ იმას, რომ დახმარება ხალხამდე მისულიყო."

სულ გაეროს მეურვეობით მოქმედ საბანკო ანგარიშებზე პროგრამის არსებობის შვიდი წლის განმავლობაში 65-მა მილიარდმა დოლარმა გაიარა. ერაყში ამ დროის განმავლობაში 31 მილიარდი დოლარის საფასურის საქონელი შევიდა. მოსახლეობის 60 პროცენტი მთლიანად იყო დამოკიდებული იმ სასურსათო პაკეტზე, რომელიც ქვეყანაში შედიოდა. ვინ და როგორ მოითბო ხალხის ხარჯზე ხელი, ამჯერად უკვე სპეციალური კომისიის დასადგენია.
XS
SM
MD
LG