Accessibility links

logo-print

ემუქრება თუ არა ერაყში მოქმედ ''მოსურნეთა კოალიციას'' შემდგომი დასუსტება?


ერაყში მოქმედი ე.წ. "მოსურნეთა კოალიციიდან" ესპანეთის, შემდეგ კი ჰონდურასისა და დომინიკელთა რესპუბლიკის გასვლამ მთელი სიცხადით წარმოაჩინა ხიფათი,

რომელიც კოალიციას ემუქრება. თანაც, საუბარია არა ერაყელი მეამბოხეებისგან მომდინარე ხიფათზე, არამედ იმ საფრთხეზე, რომლის წინაშეც კოალიცია თავად მოკავშირეთა რიგებში წარმოშობილი უთანხმოების გამო აღმოჩნდა. ემუქრება თუ არა "მოსურნეთა კოალიციას" შემდგომი დასუსტება? დღეს ვეცდებით, ამ საკითხში გავერკვეთ.

ერაყის ომის პირველივე დღეებიდან პოლონეთი შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მოკავშირედ ითვლებოდა. ბევრისთვის სწორედ ამიტომ იყო მოულოდნელი ის განცხადებები, ამ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ვარშავიდან რომ გაისმის. თუნდაც პრემიერ-მინისტრ ლეშეკ მილერის განცხადება, პოლონეთი "თვალს ვერ დახუჭავს" ესპანეთის გადაწყვეტილებაზე, ერაყიდან გაიყვანოს თავისი 1300 ჯარისკაციო. მართალია, მილერმა იქვე დასძინა, არ ვაპირებთ რაიმე "აჩქარებული ნაბიჯები" გადავდგათო, მაგრამ ყველასთვის აშკარა შეიქნა, რომ ესპანეთის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებამ პოლონეთის ლიდერები კარგა მაგრად შეაფიქრიანა.

ეს რომ ასეა, ხუთშაბათს დაადასტურა თავდაცვის მინისტრმა იეჟი შმაიძინსკიმ, რომლის თქმით, მისი ქვეყანა მზად არის, 30 ივნისის მერეც დატოვოს თავის ჯარი ერაყში (ანუ მას მერე, რაც ქვეყნის მართვის სადავეები თავად ერაყელებს გადაეცემათ), ოღონდ იმ პირობით, თუ ერაყის ახალი ხელისუფლება პოლონელებს შესაბამისი განაცხადით მიმართავს.

სიდიდით ერაყში მოქმედი პოლონეთის კონტინგენტი მეოთხეა. კოალიციის ძალთა შემადგენლობაში 2400 პოლონელი ჯარისკაცი მსახურობს. გარდა ამისა, სწორედ პოლონეთი მეთაურობს 23 ქვეყნის 9500-კაციან კონტინგენტს, რომელიც ცენტრალურსა და სამხრეთ ერაყშია განთავსებული - ზუსტად იქ, სადაც ბოლო რამდენიმე კვირაა, ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს.

რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა ეუჯენ ტომიუკმა კომენტარი სთხოვა შეერთებული შტატების პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის, "ასპენის", ბერლინის ფილიალის ხელმძღვანელს ჯეფრი გედმინს, რომლის თქმით, კოალიციაში პოლონეთის როლი სამხედრო სფეროთი არ ამოიწურება:

[ჯეფრი გედმინის ხმა] "პოლონეთი შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია, პოლონეთი ერაყში მოქმედი კოალიციის მნიშვნელოვანი წევრია, და როგორც ერთი, ისე მეორე გარემოება, სრულიად კონკრეტული მიზეზებით აიხსნება: ერთია სამხედრო სფეროში შეტანილი წვლილი, ხოლო მეორეა პოლიტიკური და მორალური მიზეზი."

ბუნებრივია, რომ პოლონეთის მტკიცე პოზიციაში ბოლო ხანს გაჩენილი ყოყმანის ნიშნები თავად კოალიციის წევრებსაც და გარეშე მეთვალყურეებსაც აფიქრებინებს, რომ მოკავშირეთა ალიანსში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაღრმავდეს ბზარი.

ჯეფრი გედმინის აზრით, ყველა სახელმწიფომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა კოალიციის წევრობა. თუმცა, ბერლინელი პოლიტოლოგი იქვე დასძენს, რომ კოალიციის რიგებში ბზარის გაჩენა ერაყში თუ სხვაგან მოქმედი ტერორისტების წისქვილზე ასხამს წყალს.

[ჯეფრი გედმინის ხმა] "პოლონეთი, ესპანეთი, ჰონდურასი - ყოველმა ცალკეულმა მთავრობამ და ყოველმა ცალკეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს და ემსახურება. ქვეყნები იქ ნებაყოფლობით არიან, მათთვის არავის დაუძალებია იქ ყოფნა. ეს ერთი. მეორეც: ტერორისტები, რომლებიც გვებრძვიან, და რომლებიც ყოველდღიურად ხოცავენ ერაყელებს, ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რათა გახლიჩონ კოალიცია და განხეთქილება შეიტანონ დასავლელთა რიგებში, გვაიძულონ, უკან დავიხიოთ."

საქართველო, როგორც ჩანს, არ მიეკუთვნება იმათ რიცხვს, ვინც "მოსურნეთა კოალიციის" რიგებიდან გასვლას გეგმავს. მეტიც, როგორც ხუთშაბათს, ჟურნალისტებს აცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა, თბილისი ერაყში თავისი სამხედრო კონტინგენტის 550 სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდასაც კი გეგმავს. ლალიაშვილის თქმით, ერაყში მყოფ 159 სამხედრო მოსამსახურეს ივნისისთვის დაემატება 400-მდე კიდევ პირი, რაც ქართულ კონტინგენტს ერთ ბატალიონამდე შეავსებს.
XS
SM
MD
LG