Accessibility links

საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი ესტუმრა


ავღანეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მონახულების შემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი 22 აპრილს საქართველოსაც ესტუმრა.

თბილისი მისი ტურნეს ბოლო პუნქტია. ფედერალური საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი თავის ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდება. რატომ გადაწყვიტა გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა თავისი აზიურ- სამხრეთკავკასიური ტურნე საქართველოში დაესრულებინა?

ბოლო 12 წლის მანძილზე გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური დახმარება გაუწია. საქართველოს სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში, კულტურასა თუ განათლების სფეროში გრანტებისა და შეღავათიანი კრედიტების სახით გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხა 600 მილიონ ამერიკულ დოლარამდე აღწევს. საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლებში გერმანიაზე არა მარტო ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული დახმარების იმედებს ამყარებდნენ, მას მთავარ პოლიტიკურ მოკავშირედაც აღიქვამდნენ, თუმცა კი, საბოლოო ჯამში, საქართველოს მიმართ გერმანიის პოლიტიკური ინტერესი გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისა. ახლა კი ქართველ ექსპერტებს სიტუაციის პირიქით შემობრუნების შთაბეჭდილება რჩებათ.

საქმე ისაა, რომ 23 აპრილს თბილისში იოშკა ფიშერი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში გერმანიის ელჩების კონფერენციას გახსნის. ასეთი კონფერენცია პირველად იმართება და ისიც - თბილისში. საქართველო-გერმანიის ურთიერთობების ექსპერტის ნოდარ გუგუციძის განცხადებით, გერმანული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ერთიან რეგიონად განიხილავს:

[ნოდარ გუგუციძის ხმა] "რაც შეეხება ახლა დამოკიდებულების შეცვლას, ეს შეიძლება იყოს მოსალოდნელი ამერიკის პოლიტიკის გააქტიურების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში. გერმანიას დიდი ინტერესები ჰქონდა თავად ერაყში - გერმანიას, საფრანგეთს, ნუ, რუსეთს, მოგეხსენებათ. და გერმანიის ინტერესები ერაყში ახლა შეიზღუდა. ამიტომ, შესაძლებელია, გერმანელების ინტერესმა გადმოინაცვლოს ისევ თურქეთისა და სამხრეთ კავკასიისაკენ."

მართალია, გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდება, მაგრამ რაიმე ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერა დაგეგმილი არ არის.


შესაბამისად, ექსპერტებსაც კი უჭირთ იმაზე ლაპარაკი, თუ რა პოლიტიკურ ინტერესებზე შეიძლება იყოს საუბარი. ნოდარ გუგუციძე მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამს:

[ნოდარ გუგუციძის ხმა] "აქ მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ გერმანელების ან ევროპელების მეშვეობით რუსეთს უნდოდეს შემოვლითი პოლიტიკის გატარება, ოღონდ უფრო დემოკრატიული პოლიტიკის და უფრო სამეგობრო და საურთიერთობო პოლიტიკისა, ვიდრე უშუალოდ რუსეთსა და საქართველოს შორის არის. უშუალოდ გერმანელების დაინტერესება ამ წუთში რითი შეიძლება გამოიხატოს, მე, სამწუხაროდ, ვერ გეტყვით."

ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი, ალბათ, მართლაც, ნაადრევია, რადგან გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მხოლოდ გაცნობითი ხასიათისაა.
XS
SM
MD
LG