Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ


22 აპრილს, დილის 12 საათზე, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ხმაური და ხალხმრავლობა იყო პარლამენტის შენობის გარეთაც. ადამიანების ერთი ნაწილი ქუჩაში საკუთარი პოლიტიკური უფლებების დასაცავად გამოვიდა,

მეორე ნაწილი კი გაუსაძლისი სოციალური პირობების გამო ჩიოდა. ვინ და რატომ აპროტესტებს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნას?

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერებმა საპროტესტო მიტინგის დაწყების დრო და საათი 22 აპრილის დილის 12 საათს, ანუ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნას, დაამთხვიეს.

[აბელ გურჯიშვილის ხმა] "ვითხოვთ ჟვანია-სააკაშვილის გადადგომას. პარლამენტის პირველ სხდომას იმიტომ ვუკავშირებთ, რომ სტრატეგია გვაქვს აღებული ალტერნატიული პარლამენტის, გარეთ პარლამენტის შექმნაზე. არ არის ეს არჩეული პარლამენტი, ეს არის უზურპირებული ხელისუფლება." (სტილი დაცულია)

ეს იყო აბელ გურჯიშვილი, "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც წვიმას არ შეუშინდა და პროტესტის გამოსახატად პარლამენტის შენობის წინ მივიდა. თუმცა, მისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ტენიანმა ამინდმა პარტიულ ხელმძღვანელებს აქციაზე მისვლის ხალისი დაუკარგა.

[ქალბატონის ხმა] "კიდევ მოვა ხალხი. ამინდი უშლით ხელს, თორემ აუცილებლად მოვლენ... ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ჩაატარებს."

[ქალბატონის ხმა] "ხალხი მოგროვილია სხვადასხვა ადგილას და შეიკრიბებიან, როგორც კი წვიმა გადაიღებს."

ხელმძღვანელი არ გამოჩენილა. არადა, პარტიული სიმბოლიკით შეიარაღებული აქციის მონაწილე გოგონა გულწრფელად მიმტკიცებდა:

[ქალბატონის ხმა] "12 საათზე იყო, მაგრამ ხალხის სრული მასშტაბით შეკრებას ელოდებიან და შემდგომ უკვე თვითონ შალვაც შემოგვიერთდება. ...არა, ლეიბორისტულ პარტიას წვიმა ვერ აშინებს."

პარტიული ლიდერებისაგან განსხვავებით, პარლამენტის წინ მისვლა არ დაეზარათ სოციალურად შეჭირვებულ იმ ადამიანებს, რომლებიც იმედს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების გულისხმიერებაზე ამყარებენ.


[მამაკაცის ხმა] "არავინ არ მღებულობს, ახლა სააკაშვილის დაცვას გადავეცი წერილი და დაცვამ მითხრა, შვილებს გეფიცები, ავუტანო და აიტანა ზევით, დავინახე... მიუტანდა, ალბათ..."

[ქალბატონის ხმა] "მინდა, რომ სააკაშვილი ვნახო, ძალიან მიჭირს. აქ ვიყავი, მაგრამ ვერ დავინახე."

[მამაკაცის ხმა] "ორი დღეა, მშიერი მყავს შვილები. არ მივდივარ აქედან. სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს. სააკაშვილს მივეცი მე ხმა და სააკაშვილი გვინდა ვნახოთ პირადად."


თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პარლამენტის ახალი შემადგენლობისგან სახეიროს არაფერს ელიან.

[ქალბატონის ხმა] "პარლამენტისგან კარგს არაფერს ველი. იმიტომ რომ ეროვნული პარლამენტი არ არის."

[მამაკაცის ხმა] "არა, არა... არაფერს არ გააკეთებენ! სულ იგივეა შეყრილი, ვინც თავიდან იყო, ძველი პარლამენტელები..." (სტილი დაცულია)

იყვნენ ოპტიმისტებიც:

[ქალბატონის ხმა] "უნდა ვაცადოთ, ესე დანგრეულ ქვეყანას უცბათ ვერ ააშენებს. ჩვენ თუ არ დავუდექით გვერდში... მშრომელი მასა უნდა დაუდგეს გვერდში..." (სტილი დაცულია)

არადა, მშრომელთა მასა ერთხელ უკვე დაუდგა გვერდში ხელისუფლებას, როცა არჩევნებზე სახელისუფლებო ძალას დაუჭირა მხარი. რიგითი თბილისელები ახლა უკვე თავად ხელისუფლებისგან ითხოვენ გულისხმიერებასა და გვერდში დგომას.

[ქალბატონის ხმა] "პირველ რიგში, ხალხს უნდა მიხედონ, იმიტომ რომ რასაც გაიხედავთ და გამოიხედავთ, ყველაფერი არის ხალხის შექმნილი. ყველაზე ძვირად ფასობს ადამიანი. პირველ რიგში, უნდა მიექცეს ყურადღება ხალხს და, რა თქმა უნდა, შემდეგში ყველაფერს..."(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG