Accessibility links

logo-print

ასლან აბაშიძე ადმინისტრაციულ საზღვრებს აძლიერებს


საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გამოსვლისას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ასლან აბაშიძის დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო.

წინა დღით კი, სააკაშვილის ბრძანებით, ქალაქის ცენტრსა და პარლამენტისკენ მიმავალი გზის გაყოლებაზე გამოიფინა ასლან აბაშიძის ერთგული გენერლის, 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი მეთაურის, რომან დუმბაძის სურათები, წარწერით - "იძებნება სამშობლოს ღალატისათვის". აჭარის ლიდერი კი ცენტრალური ხელისუფლების კრიტიკას მუქარად აღიქვამს და ავტონომიის ადმინისტრაციული საზღვრების დაცვას სხვა მიმართულებითაც აძლიერებს.

საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკა ასლან აბაშიძის ხელისუფლების მისამართით დღითიდღე უფრო მკაცრი ხდება. 22 აპრილს, ახალი მოწვევის პარლამენტის წინაშე გამოსვლის დროს, მიხეილ სააკაშვილმა ასლან აბაშიძის რეჟიმს კრიმინალური უწოდა და განაცხადა, რომ იგი არასოდეს შეურიგდება ამ ჯგუფის მოღვაწეობას აჭარაში. სააკაშვილმა თავის სიტყვაში პოტენციურ მოღალატეებს მიათვალა ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც მას აჭარის ხელისუფლებასთან ურთიერთობაში პაციფიზმისა და დათმობისკენ მოუწოდებენ:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ყალბი პაციფიზმი, ყალბი რაღაც შემრიგებლობა - ეს არის ყველაზე დიდი ღალატი, რომელიც ახლა შეიძლება ჩაიდინოს ნებისმიერმა ადამიანმა საკუთარი სამშობლოს მიმართ.
შესარიგებელი ჩვენ არავისთან არაფერი არ გვჭირს! მე არასოდეს არ შევურიგდები კრიმინალებს, არასოდეს არ შევურიგდები ნარკოტიკების გადამტანებს, იმ ხალხს, ვინც იარაღი აიღო და უპირისპირდება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. და მოგიწოდებთ: არც თქვენ შეურიგდეთ, რადგან არსებოს რაღაც კატეგორიები, რომლის შემდეგაც უკან დახევა აღარ შეიძლება. და თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ერი და გვქონდეს თავმოყვარეობა და ღირსება, მაშინ უნდა შეგვეძლოს, რომ გადამწყვეტ მომენტში არ დავიხიოთ უკან."


ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მკაცრ გაფრთხილებებს ასლან აბაშიძე და მისი მთავრობის წევრები პირდაპირ მუქარად აღიქვამენ და თავდაცვისათვის მზადებას განაგრძობენ. სააგენტო "ინტერ-პრესის" ინფორმაციით, აჭარის უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების ხულოს ქვედანაყოფმა, ავტონომიის ხელისუფლების დავალებით, აჭარასა და მესხეთს შორის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე სადღეღამისო მორიგეობა დააწესა. ლაპარაკია გოდერძის უღელტეხილზე მდებარე მეტეოროლოგიური სადგურის ცენტრზე. სააგენტოს ცნობით, აჭარა-მესხეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგებულ 20 სპეცრაზმელს, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, შეიარაღებაში რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკაც უნდა ჰქონდეს. ამ ინფორმაციას ადასტურებენ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენი აჭარის" წევრებიც. თუმცა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი დავით გერგედავა უარყოფს ინფორმაციას გოდერძის უღელტეხილის მხრიდან ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე და საკუთარ არგუმენტს გვთავაზობს:

[დავით გერგედავას ხმა] "მე როგორც ვიცი, გოდერძის უღელტეხილზე არის 3-5 მეტრი თოვლი. და იმას რა ჩაკეტვა უნდა? ისედაც ჩაკეტილია."

ამასობაში საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება სამხედრო ფიცის დარღვევის გამო მოღალატედ შერაცხული გენერლის რომან დუმბაძის სურათები, რომელსაც ქვემოთ გასდევს წარწერა: "იძებნება ღალატის გამო." თუმცა ჯერჯერობით ძებნილის სურათს აკლია ერთი კლასიკური შტრიხი, კერძოდ, ტექსტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ჯილდოს საფასური ადგილმდებარეობის დადგენის ან, სულაც, ძებნილის დაკავების შემთხვევაში. სულ მალე კი, რომან დუმბაძის პორტრეტის გარდა, საქართველოს ქუჩებში, შესაძლოა კიდევ ერთი ძებნილი ოფიცრის სურათიც გამოიკრას. ოთხშაბათს ბათუმში დისლოცირებული შინაგანი ჯარების ბატალიონის მეთაურმა პოლკოვნიკმა მურად ცინცაძემაც გააკეთა განცხადება ასლან აბაშიძის დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ. თუმცა, როგორც სარწმუნო წყაროები აცხადებენ, მეთაურის ამ ნაბიჯით უკმაყოფილო ოფიცრები უკვე ალაგებენ ჩემოდნებს და არ არის გამორიცხული, რომ მურად ცინცაძესაც მალე ეულად დარჩენა მოუხდეს.
XS
SM
MD
LG