Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არიან კვიპროსელი ბერძნები თავიანთი კუნძულის გაერთიანების მოწინააღმდეგენი, თურქები კი - მომხრენი


საერთაშორისო პოლიტიკაში ჩახედულებს მოეხსენებათ, რომ კუნძული კვიპროსი ორად არის გაყოფილი, რომ ის სერიოზული საერთაშორისო პრობლემის ობიექტია და რომ შაბათი, 24 აპრილი,

ამ პრობლემის მოგვარების ან კიდევ უფრო მეტად გაღრმავების დღეა. მოგვარება ამ პრობლემისა, რაც ბევრს სურს, არც ისე იოლი აღმოჩნდა. 1 მაისიდან კუნძულის სამხრეთი ნაწილი ევროპის კავშირში შევა და, წინასწარვე იგულისხმება, ხეირს ნახავს ამით. ჩრდილოეთი კი, თურქეთის მიერ 1974 წელს სამხედრო ძალით ოკუპირებული, თუკი მანამე არ გაერთიანდა სამხრეთთან, ხახამშრალი რჩება. გაერთიანების გეგმა გაეროს ეკუთვნის და გულისხმობს კუნძულის იმ ტიპის კონფედერაციულ სახელმწიფოდ გადაქცევას, რომელიც ერთმა მთავრობამ უნდა მართოს. აქვე გამცნობთ, რომ 1990-ში, როცა კუნძულის ჩრდილოეთი თურქებს დაპყრობილი ჰქონდათ, სამხრეთის, ანუ ბერძნული ნაწილის, ადმინისტრაციამ ევროპის კავშირში შესვლის განცხადება ორივე ნაწილის სახელით გააკეთა. რეფერენდუმი შაბათს, თუკი გაერთიანება არ მოხდა, თურქ კვიპროსელებს ევროპის კავშირის გარეთ დატოვებს. ისიც აღსანიშნავია, რომ თურქეთი, რომელიც თვითონაც დიდი ხანია წარუმატებლად ცდილობს კავშირის წევრობას, თურქ კვიპროსელებს მოუწოდებს, ხმა მისცენ გაერთიანებას. არადა, თურქეთში ბევრი პოლიტიკოსი კუნძულზე განთავსებულ ჯარს თურქეთის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს. გაერთიანების შემთხვევაში კი ჯარი უნდა შემცირდეს. ევროპის კავშირი და აშშ კვიპროსელებს, ყველას, მოუწოდებს თანხმობა თქვან მათი კუნძულის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმოიდგინეთ, პირველი მაისის შემდეგ ევროპის კავშირის წევრი იქნება ქვეყანა, რომლის ნაწილი თურქეთის - ნატოს წევრი ქვეყნის - მიერაა ანექსირებული. მოკლედ, კვიპროსის გაერთიანება დილემების მთელ წყებასთანაა დაკავშირებული.
ხუთშაბათს თურქმა კვიპროსელებმა დიდი დემონსტრაცია მოაწყვეს. მათ კუნძულის გაერთიანების გაეროს გეგმას მხარი დაუჭირეს და მსოფლიოს განუცხადეს, რომ თუკი შაბათის რეფერენდუმი გაერთიანებას არ მიემხრო, უარყოფითი შედეგი მხოლოდ სამხრეთელი კვიპროსელების - ბერძნების - ბრალი იქნება. მიმომხილველთა ნაწილი მოელის, რომ, თურქებისგან განსხვავებით, ბერძნები, მართლაც, უარს იტყვიან კვიპროსის გაერიანებაზე. ბერძნული ნაწილის ტელევიზიით გამოვიდა კვიპროსის პრეზიდენტი ტასოს პაპანდოპულოსი, რომლის წინადადებით, გაერთიანებას უარი უნდა ეთქვას. მისი ლოგიკა ასეთია: თუკი ვიტყვით "ჰოს", ამას ვეღარასოდეს გამოვასწორებთ, მაგრამ "არას" თქმის შემთხვევაში, თუნდაც ეს შეცდომა იყოს, კორექტურის შესაძლებლობა რჩება.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა ასე ხედავს ამ დილემას [სოლანას ხმა]: "თუკი დღის ბოლოსთვის ჩრდილოეთი ნაწილი იტყვის "ჰოს", ხოლო სამხრეთი - "არას", ცხოვრება ძველებური აღარ იქნება."
ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკის ცენტრში, მუშაობს ამანდა აკჩაკოა, რომელიც ფიქრობს, რომ კუნძულის სამხრეთში არიან ისეთებიც, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არა აქვს და სწორედ მათ შეიძლება გადაწყვიტონ რეფერენდუმის ბედი:
[აკჩაკოას ხმა] "სამშაბათს მათი რიცხვი 96 პროცენტიდან 76- მდე შემცირდა. მოკლედ, არის ცვლილება და ბევრია დამოკიდებული იმ ხალხზე, ვისაც გადაწყვეტილება არ მიუღია. ისინი კი უმრავლესობაა სამხრეთში." ნიქოზიაში, კვიპროსის გაყოფილ დედაქალაქში, მუშაობს კვლევითი ცენტრი "ცივილიტასი" , რომელსაც ხელმძღვანელობს ჯეიმს კერ ლინდსი. კერ ლინდსი ამბობს, რომ კუნძულის გაერთიანების მომხრეთ თავიანთი კამპანია სამხრეთში უფრო გვიან დაიწყეს და უარის მთქმელთ კი მეტი საშუალება ჰქონდათ თავიანთი არგუმენტის გამოქვეყნებისთვის. აქვე გეტყვით, რომ ევროპის კავშირის გაფართოების კომისარმა გიუნტერ ფერჰოიგენმა კვიპროსელი ბერძნების მთავრობას ევროპის მოტყუება დასდო ბრალად. ცნობილია ისიც, რომ თვით კვიპროსელ თურქ პოლიტიკოსებს შორისაც არ იყო ერთობა გაეროს გეგმის მიმართ დამოკიდებულებაში. პრემიერი, ევროკავშირის მომხრე ყოფილი ოპოზიციონერი მეჰმეტ ალ ტალატი, ხმამაღლა მოუწოდებდა ხალხს, ხმა მიეცათ გაეროს გეგმისთვის. ამ გეგმას არ ემხრობა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქთა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი რაუფ დენკტაში. თუმცა მას ხალხისთვის ღიად უარის თქმისკენ არ მოუწოდებია, თურქეთის პარლამენტს უთხრა, გაეროს გეგმა თვითმკვლელობას უდრისო. პარადოქსია, მაგრამ სამხრეთის უარი და ჩრდილოეთის თანხმობა დენქთაშს წაადგება. თითქოს ამას უპასუხებსო ნიდერლანდის განცხადება - რეფერენდუმის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, თურქ კვიპროსელებს მშრალზე არ დავტოვებთო. ნიდერლანდი ევროკავშირის პრეზიდენტობას ივლისში გადაიბარებს.
ნიქოზიელი ექსპერტის კერ ლინდსის აზრით, ევროპის კავშირს დრო დასჭირდება გაარკვიოს, როგორ აუაროს გვერდი სამხრეთ კვიპროსის კანონიერ მთავრობას, ჩრდილოეთის დახმარების შემთხვევაში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG