Accessibility links

logo-print

საპარლამენტო უმრავლესობის ნაირსახეობა


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი მოწვევის პარლამენტში თავისი პირველი გამოსვლისას ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად რეფორმები გამოაცხადა.


მთავარი ფაქტორი, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს საშუალებას მისცემს, რეფორმატორული კანონები მიიღოს, საპარლამენტო უმრავლესობაა. როგორი იქნება ნაციონალ-დემოკრატიული უმრავლესობა?

საპარლამენტო უმრავლესობა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფენომენია. საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა მისი 118 (ან მეტი) წევრის ერთობაა. ზოგჯერ ეს ერთობა მყარი და ფორმალიზებულია, ზოგჯერ კი - არა. ამის მიხედვით, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში უკვე არსებობს უმრავლესობის რამდენიმე სახეობა.

1995 წლის პარლამენტში ხელისუფლებას ჰყავდა უმრავლესობა, რომელშიც, მოქალაქეთა კავშირთან ერთად, აღორძინების კავშირიც იყო გაერთიანებული. ეს ერთობა სიმყარით არ გამოირჩეოდა და ზურაბ ჟვანიას სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად ხან სახალხო პარტიასთან უხდებოდა თანამშრომლობა, ხან - ეროვნულ დემოკრატებთან და ხან - სოციალისტებთან. ყველაზე მეტად ჭირდა ბიუჯეტის კანონის მიღება, რადგან მეტ-ნაკლებად თავმოყვარე ოპოზიციური პარტიები, იდეოლოგიური მოსაზრებების გამო ან ერთმანეთის შიშით, საბიუჯეტო კენჭისყრაში იშვიათად მონაწილეობდნენ.

1995 წლის პარლამენტში არ არსებობდა სტაბილური უმრავლესობა, სამაგიეროდ, არსებობდა მობილური და, ზოგ შემთხვევაში, თემატური უმრავლესობა. თუმცა უმრავლესობის ნაირგვარობის აღმნიშვნელი ტერმინები მოგვიანებით გაჩნდა. სამაგიეროდ, იმ პარლამენტში პოპულარული იყო არაოფიციალური ტერმინი "მორჩილი უმრავლესობა", რითაც ოპოზიცია შევარდნაძის მიმართ მოქალაქეთა კავშირის ბრმა ერთგულებაზე მიანიშნებდა.

1999 წლის მოწვევის პარლამენტში სახელისუფლო პარტიამ პირველად ჩამოაყალიბა სტაბილური უმრავლესობა. თუმცა 2001 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ეს უმრავლესობა წვრილ-წვრილ ფრაქციებად დაიშალა. ახალი უმრავლესობა მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის - ავთანდილ ჯორბენაძის პოლიტიკური ფიგურის ირგვლივ შემოიკრიბა. იმის გამო, რომ ხელისუფლების ავტორიტეტი მეტისმეტად დაბალი იყო, მაჟორიტარ დეპუტატებს და, განსაკუთრებით, ფსევდოოპოზიციურ პარტიებს ეთაკილებოდათ მოქალაქეთა კავშირის ღია მხარდაჭერა. ამიტომ მაქსიმუმი, რასაც ისინი აღიარებდნენ, თემატური უმრავლესობის წევრობა იყო. აღორძინების კავშირი, მართლაც, თემების მიხედვით უჭერდა ან არ უჭერდა მხარს მოქალაქეთა კავშირს. მაგრამ, მაგალითად, მრეწველთა ფრაქცია თითქმის ყველა კენჭისყრაში ხელისუფლების პოზიციას იზიარებდა. და იმის გამო, რომ "მრეწველები" სიტყვით ოპოზიციაში იყვნენ, საქმით კი - ხელისუფლებაში, ახალ უმრავლესობას პარლამენტარმა ვასილ მაღლაფერიძემ "მორცხვი" უმრავლესობა შეარქვა.

ბოლო რვა წლის განმავლობაში პარლამენტში მუდამ იყო უმრავლესობა, ოღონდ, სხვადასხვაგვარი: სტაბილური, მობილური, თემატური, "მორჩილი" ან "მორცხვი". ახალ პარლამენტში ახალ ხელისუფლებას სტაბილური უმრავლესობა ჰყავს. ხელისუფლების ტონს თუ გავითვალისწინებთ, ეს უმრავლესობა არა მხოლოდ სტაბილურია, არამედ - ამაყიც. კარგის ნიშანია ეს ეპითეტი თუ ცუდის - დრო გამოაჩენს.
XS
SM
MD
LG