Accessibility links

logo-print

ჩინოვნიკების ქცევის მოტივაცია ძველი და ახალი ხელისუფლების პირობებში


ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის ნდობა პოლიტიკოსების მიმართ გაიზარდა და ეს, პირველ რიგში, ახალ პრეზიდენტს ეხება.

მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ ბოლო თვეებში აღმასრულებელი ვერტიკალიც მთლიანად შეიცვალა, ჩინოვნიკების მიმართ ნდობისა თუ უნდობლობის საკითხი ჯერჯერობით ბუნდოვანია. ახალი მინისტრების დიდ ნაწილს მოსახლეობა არ იცნობს და, რაც მთავარია, არ იცის, რა იქნება მათი ქცევის მოტივაცია ახალი ხელისუფლების პირობებში.

რა იყო ჩინოვნიკების, მათ შორის, მაღალი რანგის ჩინოვნიკების ქცევის მოტივაცია ძველი ხელისუფლების პირობებში? თითოეულ მათგანს სჭირდებოდა სტაბილურობის გარანტია და მათ საქმიანობას მთლიანად წარმართავდა ამ გარანტიის მოპოვება-შენარჩუნების მოტივი. იმის გამო, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველა თანამდებობა დანიშვნითია, ნებისმიერ ჩინოვნიკს თავისი ადგილის შესანარჩუნებლად ზემდგომის კეთილგანწყობა სჭირდებოდა და სჭირდება. ამისთვის კი ძველ დროში აუცილებელი იყო იმ დაუწერელი კანონების ზედმიწევნით შესრულება, რომელთა თანახმადაც, ჩინოვნიკებს მოეთხოვებოდათ პირადი ინიციატივის ჩახშობა და კორუფციულ პირამიდაში საკუთარი ადგილის მოძებნა.

ამ ორი პირობიდან შესასრულებლად რთული არც ერთი ყოფილა და არც მეორე, იმის გათვალისწინებით, რომ კადრებიც შესაბამისი კრიტერიუმებით ირჩეოდა. თანამდებობებზე დასანიშნი კანდიდატის წარსულ საქმიანობას და პიროვნულ თვისებებს რისკის ელემენტი უნდა გამოერიცხა. ამიტომ, როდესაც შევარდნაძეს საკადრო პოლიტიკას უწუნებდნენ, არ ითვალისწინებდნენ, რომ მისი საკადრო პოლიტიკა ზედმიწევნით მიესადაგებოდა მის მიერ აგებულ სისტემას.

ნიშანდობლივია, რომ შევარდნაძის მინისტრებს, მათ შორის, ისეთ ოდიოზურ ფიგურებს, როგორებიც იყვნენ შოთა კვირაია, დავით ზუბიტაშვილი, კახა თარგამაძე და ბაკურ გულუა, სტაბილურობის იმდენად მყარი განცდა ჰქონდათ, რომ თითოეულ მათგანს საჯაროდ უთქვამს: ვიდრე ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტია, მეც ჩემს ადგილზე ვიქნებიო. ეს ფაქტი იმით არის ნიშანდობლივი, რომ "თამაშის წესებს" განსაკუთრებით კარგად სწორედ ეს მინისტრები იცავდნენ: პროფესიულ გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის ინტერესებს უხამებდნენ და, რაც მთავარია, კორუფციულ პირამიდებს საკუთარი მხრებით ამაგრებდნენ. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია სრულად უზრუნველყოფდა პრეზიდენტისთვის სასურველი მინისტრების ხელშეუხებლობას და მათი საქმიანობის სტაბილურობას.

ახალმა კონსტიტუციამ ეს წესი შეცვალა. ფორმალურად მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის უფლება პარლამენტმაც მიიღო და პრეზიდენტმაც. შესაბამისად, კაბინეტი ორმხრივად მოწყლვადი გახდა. მით უმეტეს, რომ პრემიერ-მინისტრსაც შეუძლია, კაბინეტის რამდენიმე წევრი თავისი შეხედულების მიხედვით შეცვალოს. ასე რომ, მინისტრების თანამდებობაზე ყოფნის სტაბილურობის ხარისხი დაეცა. შესაბამისად, მათ უფრო მყარი გარანტიები სჭირდებათ ადგილის შესანარჩუნებლად.

რა შეიძლება იყოს გარანტია ახალი ხელისუფლების პირობებში?

ამ არსებითი კითხვის პასუხი ჯერ ბუნდოვანია, რადგან "თამაშის ახალი წესები" ჩამოყალიბების პროცესშია.

ბოლოხანს გავრცელდა ხმები რამდენიმე მინისტრის შესაძლო დათხოვნის შესახებ. ეს ხმები პრემიერ-მინისტრმა კატეგორიულად უარყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, ერთ ტენდენციაზე საუბარი უკვე შეიძლება. სავარაუდოა, რომ თავის თანამდებობას შეინარჩუნებენ ის მინისტრები, რომლებიც ენერგიულად იმოქმედებენ, ძლიერ ნაბიჯებს გადადგამენ და, თანაც, საკუთარი საქმიანობის შესახებ დადებით საზოგადოებრივ აზრს შექმნიან. უღიმღამო მინისტრებს კი დიდ დროს არავინ მისცემს თავიანთი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

ეს ყველაზე ოპტიმისტური ვერსიაა. მაგრამ არსებობის უფლება ნაკლებად ოპტიმისტურ ვერსიებსაც აქვს. მაგალითად, არ არის გამორიცხული, კაბინეტში პრეზიდენტისა და პრემიერის გუნდების ბალანსი შეიცვალოს და შემდგომი მოხსნა-დანიშვნა ამ ნიშნით განხორციელდეს. ყველაზე საშიში კი ის იქნება, თუ მინისტრებს პირადი ინიციატივის უფლება არ მიეცემათ და მათი სტაბილურობა ზემდგომთა სურვილების ამოცნობა-შესრულებაზე აღმოჩნდება დამოკიდებული.

ჯერ ბოლომდე გარკვეული არც კორუფციული პირამიდების ბედია. მართალია, ახალი მინისტრები კორუფციაში შემჩნეულნი არ არიან, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რიგითი მოქალაქეების ცხოვრება დადებითად შეიცვალა. და ვიდრე სასიკეთო ცვლილებები არ მომხდარა, არსებობს საფრთხე, რომ ძველი სისტემები კი არ გარდაიქმნას, არამედ, უბრალოდ, თავიდან დაკომპლექტდეს.

ერთი სიტყვით, ვიდრე ბოლომდე არ გარკვეულა ახალი ხელისუფლების "შინაარსი", მანამ იმ მოტივებზე საუბარიც შეუძლებელია, რომლებიც საფუძვლად დაედება ჩინოვნიკების საქმიანობას. თუმცა ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელზე პასუხიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს.
XS
SM
MD
LG