Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის დასასრული და მისი შედეგები


24 აპრილს მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის სატანკო ასეულის

საზეიმო აღლუმით დასრულდა ქართულ-ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა, რომელიც ზუსტად 2 წელიწადს გრძელდებოდა. ამერიკის მხარის მიერ 64 მილიონ დოლარად შეფასებული სამხედრო პროგრამის მთავარი შედეგი საყოველთაოდ ცნობილია: ქვეყანას, რომელიც სამხედრო სიძლიერით უკანასკნელ ადგილზე იდგა სამხრეთ კავკასიაში, ამერიკელმა ინსტრუქტორებმა 2000-ზე მეტი სამხედრო გაუწვრთნეს და შეუიარაღეს. თუმცა, თუ განვლილი ორი წელიწადი სერიოზული გამოცდა იყო ქართველი სამხედროებისათვის, უახლოესი მომავალი სერიოზულ გამოცდას მათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უმზადებს: სახელმწიფომ უკვე საკუთარი რესურსებით უნდა შეინარჩუნოს ეს ელიტური ბირთვი და, მის კვალობაზე, მაღალ სტანდარტებს მიუსადაგოს მთელი შეიარაღებული ძალები.

სასულე ორკესტრის მიერ შესრულებული საზეიმო მარშის ხმაზე ქართულ-ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამამ ისტორიაში შეაბიჯა.
საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პროგრამა, რომლის ამოქმედებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მოაწერა ხელი, ორი წლის განმავლობაში სწორედ თბილისთან ახლომდებარე 11 სექტემბრის მსხვერპლთა პოლიგონზე მიმდინარეობდა. ამერიკელმა ინსტრუქტორებმა უახლესი მეთოდოლოგიით, საერთო ჯამში, 2000-ზე მეტი ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი გაწვრთნეს. პროგრამის ფინალურ ფაზაში, რომელიც ას დღეს გრძელდებოდა, ჯავშანსატანკო ასეული იყო ჩაბმული. ამ ასეულის ოცმეთაურის, ლეიტენანტ ლევან გერლიანის თქმით, ქართველ ჯარისკაცებს ლამის პირველად მიეცათ საშუალება ტანკებიდან და ქვემეხებიდან მობეზრებამდე ესროლათ ჭურვები და აემაღლებინათ ოსტატობა:

[ლევან გერლიანის ხმა] "სწავლება იყო ძალიან ძლიერი და ხალხი, უბრალოდ, ძალიან მოწყურებული იყო ასეთ სწავლებებს და ძალიან კმაყოფილი არის, იმიტომ რომ პრაქტიკულად მობეზრებული ჰქონდა, იმდენს ისროდნენ."(სტილი დაცულია)

მაგრამ რაც ქართველ ჯარისკაცებს არასოდეს მობეზრდებათ, ეს საბრძოლო მეგობრობაა, რაც მათ შორის პოლიგონებსა და სასროლეთებზე ჩამოყალიბდა. სწორედ ეს საბრძოლო მეგობრობა მიაჩნია მთავარ შენაძენად რიგით ბესიკ თოდაძეს:

[ბესიკ თოდაძის ხმა] "რაც უნდა მიეღო ჯარისკაცს, თავისი საბრძოლო გამოცდილება, ყველაფერი მივიღეთ ამ წვრთნის განმავლობაში. თან დიდი ხანია ერთამენთს ვიცნობთ და აქ კიდევ იმხელა პრობლემებისა და დაბრკოლებების გადატანა მოგვიხდა, რომ უფრო გაღრმავდა ეს მეგობრული გრძნობა."(სტილი დაცულია)

ქართველ სამხედროებს ამტან, დისციპლინირებულ და მონდომებულ ადამიანებად ახასიათებს ამერიკელ ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაური, მაიორი სტილინგსი. "თქვენ უნდ იამაყოთ ამ ჯარისკაცებით," მიმართა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ხალხს მაიორმა სტილინგსმა:

[მაიორ სტილინგსის ხმა] "ქართველმა მებრძოლებმა, ყველაფერთან ერთად, შეისწავლეს, თუ როგორ უნდა იყვნენ მეთაურები და ლიდერები. ახლა ისინი არიან ის ოფიცრები და სერჟანტები, რომლებიც ერთგულად შეასრულებენ დაკისრებულ ამოცანას, იზრუნებენ თავიანთი ჯარისკაცების კეთილდღეობაზე. ეს სატანკო მექანიზებული ჯგუფი ახლა ქართველ ერს ეკუთვნის და ის მზად არის შეასრულოს ნებისმიერი ამოცანა, რათა დაიცვას თავისი მშვენიერი სამშობლო და მისი ეროვნული ინტერესები."

თუმცა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით მომზადებული ქართველი მებრძოლები, საჩხერის მე-16 სამთო მსროლელი ბატალიონიდან, ჯერ მხოლოდ საქართველოს საზღვრებს გარეთ, ერაყში, იცავენ საეართაშორისო მშვიდობას. და უკვე შემუშავებულია გეგმა, რომლის თანახმადაც, ქართული კონტინგენტი ერაყში ზაფხულიდან 550 კაცამდე, ე.ი. დაახლოებით ორნახევარჯერ, გაიზრდება. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ერაყში ყოფნით ქართველი ჯარისკაცები თავიანთი სამშობლოს ინტერესებსაც იცავენ. თუმცა საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც შაბათს პირველად ჩაიბარა ამერიკელ ინსტრუქტორთა მიერ მომზადებული ქართული ქვედანაყოფის აღლუმი, არ გამორიცხავს, რომ ამ საბრძოლო დანაყოფების გამოყენება ქვეყნის ერთიანობის დასაცავადაც გახდეს საჭირო.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "გუშინ ვიღაცას ყურში მოხვდა სიტყვა ლიკვიდაცია. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ის, ვინც იარაღს აიღებს და საზღვრებს დააწესებს საქართველოში, იქნება ლიკვიდირებული და განადგურებული ქართული არმიის და ქართული სახელმწიფოს მიერ."

"წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის დახურვის საზეიმო აღლუმში შაბათს ამერიკელთა მიერ გაწვრთნილი ოთხივე ბატალიონი და საბრძოლო ტექნიკა ღებულობდა მონაწილეობას. აღლუმებსა და სამხედრო სანახაობას დანატრებულ უბრალო მოსახლეობაზე კარგად გაწვრთნილმა და აღჭურვილმა სამხედროებმა და მათი მთავარსარდლის პათოსმა, უდავოდ, შთაბეჭდილება მოახდინა.

[მოქალაქეების ხმა] "ძალიან კარგი იყო! კინაღამ ვიტირე, ისე მომეწონა." "ხარობს გული. რაღაც იმედია, რომ ქართველი ხარ და სხვა ვერ გჩაგრავს."


აი, ამგვარი განწყობით გააცილეს თბილისელებმა ყაზარმისაკენ ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი 2000 ქართველი სამხედრო. თავად ამერიკელი ინსტრუქტორები საქართველოში კიდევ ცოტა ხანს დარჩებიან და დაეხმარებიან ქართველ კოლეგებს იმ სრულფასოვანი პროფესიული ბრიგადის დაკომპლექტებაში, რომელიც, სწორედ ამ 4 ბატალიონის ბაზაზე, ვაზიანში დაიდებს ბინას. ქართველ ჯარისკაცებს კი რამდენიმე დღეში საკუთარი ცოდნის დემონსტრირება ფოთში გამართულ ფართომასშტაბიან მანევრებზე მოუწევთ. იქ უკვე ნელ-ნელა იყრის თავს საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება. ამ სწავლების სამზადისსა და ჩანაფიქრზე უფრო ვრცლად შემდეგ კვირაში მე უკვე ფოთიდან, სწავლების ეპიცენტრიდან, ვისაუბრებ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG