Accessibility links

ხელოვნება და ადამიანის უფლებები, როგორც ჩანს


ხელოვნება და ადამიანის უფლებები, როგორც ჩანს,

განუყოფელ მთლიანობად იქცევა ეროვნულ კულტურაში. დედაქალაქის კულტურული ცხოვრების ცალკეული მოვლენა ხშირად ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ილუსტრაციას უფრო მოგვაგონებს. არცთუ იშვიათად, კულტურული ცხოვრების ფაქტი გარდასული საბჭოთა ეპოქის ასოციაციას ქმნის: უწინ კულტურული ცხოვრება "კომუნისტური მორალის" პროპაგანდას ემსახურებოდა, მერე - "ეროვნულ იდეოლოგიას", ახლა კი -სამოქალაქო საზოგადოების იდეალებს. რაც ბუნებრივია, უწინ კულტურას კომუნისტური ხელისუფლება აფინანსებდა, მერე - ეგრეთ წოდებული "ეროვნული ხელისუფლება", ახლა კი, როცა ახალი ხელისუფლება კულტურისთვის ნაკლებად იცლის, ხელოვანი დახმარებისთვის დასავლურ ფონდებსა და ორგანიზაციებს მიმართავს. ამ დახმარებას ხშირად იღებს, თუმცა ასევე ხშირად, როგორც იტყვიან, "ხალტურობს" კიდეც - პროექტის ფარგლებში მოქცევა, არცთუ იშვიათად, შემოქმედებითი პროცესის შეზღუდვით სრულდება. ასეთი პროექტები, შესაძლებელია, მართლაც, ამკვიდრებდეს სამოქალაქო საზოგადოების იდეალებს, მაგრამ თავად კულტურის განვითარებას ნაკლებად უწყობს ხელს.

საერთაშორისო ორგანიზაცია "აირისის" შვიდთვიანი პროგრამა, რომელიც სხვადასხვა გამოფენის მოწყობას გეგმავს და ქართულ კულტურაში ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება, ასეთი შეზღუდვებისგან, მეტ-ნაკლებად, თავისუფალია. ალბათ, იმიტომ რომ ეს პროექტი, სახელწოდებით "საზოგადოება და არტ-იმიჯები", პირველ რიგში, მხატვრის უფლებებების დაცვას ემსახურება... როგორ შეიძლება საუბარი ადამიანის უფლებებზე, თუ ხელოვანს ჩვენ თვითონ შევზღუდავთ იდეებით და გამომსახველობითი საშუალებებით, თუ დამფინანსებელი თავად გადაიქცევა ცენზორად, რომელიც მხატვარს თუ ფოტოგრაფს თამაშის გარკვეულ წესებს სთავაზობს? პროექტის ავტორები ალექსანდრა გაბუნია და ნინო გუჯაბიძე აღნიშნავენ, რომ მათი მიზანია ნიჭიერმა მხატვრებმა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ადამიანის უფლებებისადმი. ალექსანდრა გაბუნია გვიამბობს იმ აქციებზე, რომელიც უკვე ჩატარდა პროექტის ფარგლებში:


[ალექსანდრა გაბუნიას ხმა] "გამოვუშვით სერიოზული კატალოგი, ირინა აბჟანდაძის "მსხვერპლი"... ეს იყო ალბომი გარდაცვლილ ადამიანებზე, მოკლულ ადამიანებზე, რომელთა მკვლელები დაუსჯელები დარჩნენ... "ობივატელურ გარემოში" გადაღებული ფოტოები, რომელიც ძალიან შემზარავი იყო.... გურამ წიბახაშვილი იყო, ირა კურნაევა და სხვები."

პროექტი, მართლაც, საკმაოდ მასშტაბურია და არ მოიცავს მხოლოდ გამოფენებს. პროექტის ავტორები - ასევე მხატვრები, ფოტოგრაფები - აპირებენ რეგიონებში მუშაობას, ღია ბარათების გამოცემას ადამიანის უფლებების თემაზე. ამ კვირის მიწურულს კინოს სახლში შედგა პრემიერა კინორეჟისორ ქეთევან გუჯაბიძის ფილმისა "რამდენიმე განმარტოებული კადრი რამდენიმე ეული არსებისა და საგნის შესახებ" (რადიო "თავისუფლება" ამ ფილმს აუცილებლად დაუბრუნდება), მოეწყო მხატვარ კოტე სულაბერიძის აქცია, სახელწოდებით "რევოლუცია"... პროექტის ავტორები ცდილობენ დაუმტკიცონ ხელოვნების მოყვარულებს, რომ ადამიანის უფლებების მიმართ მათი დამოკიდებულება არ არის სწორხაზოვანი. მათ მიერ მოწყობილ გამოფენებსა თუ აქციებზე მისულმა დამთვალიერებელმა შეიძლება იკითხოს, რა საერთო აქვს ყველაფერ ამას ადამიანის უფლებებთან... ხომ ფაქტია, რომ ამ მხრივაც არსებობს აკვიატებული აზრები, წინასწარ შექმნილი განწყობილებები? ნინო გუჯაბიძის თქმით, სწორედ ასეთი განწყობილება იგრძნობოდა, მაგალითად, ამ კვირაში გალერეა "კოპალაში" მოწყობილ ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის სურათების გამოფენაზე:

[ნინო გუჯაბიძის ხმა] "ერთმა მკითხა, ამ ფოტოებს რომ ვნახავ, რა უნდა გავაკეთოო - მაინცდამაინც ადამიანებს უნდა დავეხმაროო?"

რიტორიკული კითხვაა... თუმცა ნათელა გრიგალაშვილი არავის სთხოვს დახმარებას. იგი უკვე დაეხმარა ამ ადამიანებს - რეალური ცხოვრებისგან გარიყულ, თანამედროვე ქართული სოფლის მოსახლეობას, იმ ხალხს, ვინც სიბნელესა და სიცივეში ცხოვრობს. დაეხმარა იმით, რომ აღბეჭდა ეს სახეები და თბილის-ქალაქს "ჩამოუტანა"... მათი ღიმილი, მათი სასოწარკვეთა აღბეჭდა "არაგულგრილი კამერით", თუმცა სენტიმენტების გარეშე. ხელოვნებათმცოდნე ნათია წულუკიძე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ დატკბილულ ფოტოსურათებს მიჩვეული მაყურებელი ხშირად ვერ იღებს ასეთ ხელოვნებას:

[ნათია წულუკიძის ხმა] "ჩვენ გვანახვებს, მაგრამ მისთვის ეს რეალობა ძნელი ასატანი და ძნელი გადასატანია."

"დისფუნქციური ქვეყანა" - ასე შეარქვეს ნათელა გრიგალაშვილის ფოტოების გამოფენას, რომელსაც გალერეა "კოპალამ" მხოლოდ სამი დღე უმასპინძლა. ნათელამ უკვე დაიწყო "დისფუნქციური ქვეყნის" სახეების აღბეჭდვა საფოსტო ბარათებზეც... აქაც ინგრევა სტერეოტიპი - "საფოსტო ბარათი", რომელსაც, როგორც წესი, "ტურისტული იერი" აქვს და ქვეყნის შელამაზებულ სახეს სთავაზობს მომხმარებელს, გადაიქცევა დაშლილი, გაპარტახებული, ღარიბი ქვეყნის სავიზიტო ბარათად. - "ესტუმრეთ ამ ქვეყანას, იხილეთ ადამიანები, რომლებიც მოსწყვიტეს დროს, ისტორიას..." - ასეთი ქვეტექსტი იკითხება ამ ბარათებში... ვიღაცისთვის ღარიბი ქართული სოფელი ეგზოტიკაა, ვიღაცისთვის კი - რეალობა. ალექსანდრა გაბუნიას, მაგალითად, უჭირს ნათელა გრიგალაშვილის ნამუშევრების ჟანრის თუ სტილის დადგენა. იგი აღიარებს, რომ თანამედროვე ქართული ფოტოგრაფიის ამ ერთ-ერთი ლიდერის შემოქმედების "გემო" სწორედ შინაგანი წინააღმდეგობაა:

[ალექსანდრა გაბუნიას ხმა] "სოციალურია და თან სოციალურიც არ არის ეს ფოტოები... დისფუნქციურია ქვეყანა და ნათელა შემოდის ამ დისფუნქციურ ქვეყანაში... აბა რა, სრულყოფილია?"

სრულყოფილება არ არსებობს... მათ შორის, არც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, - დარწმუნებულები არიან პროექტის ავტორებიც და პროექტში მონაწილე ქართველი მხატვრებიც. ბროშურაში, რომელიც ნათელა გრიგალაშვილის ნამუშევრების გამოფენას მიუძღვნეს, პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ სურათებში ადამიანის ხედვის ოპტიკური შესაძლებლობების გადალახვის ცდა წარმოჩნდება: "მარჯვენა -მარცხენა, უკიდეგანო სივრცე და ვიწრო გზა, სიკვდილი - სიცოცხლის ორეულია, უშნო - მშვენიერისა, პატარა - დიადისა. ესთეტიკურად გააზრებულია რიტმი ყოველდღიურობისა, სადაც თითქოს ყველაფერი შემთხვევითია და ჭვრეტით პოზიციაში იმყოფება". წინააღმდეგობა, კონტრაპუნქტი ამ სურათების არსია. ფოტოგრაფი თითქოს ტრაგიკომედიას ქმნის. ამისათვის მას ძალისხმევა არ ჭირდება - იგი არ "დგამს" ტრაგიკომედიას. ეს ჟანრი ამ ხალხის ცხოვრების "ჟანრია"... ზოგს გააზრებული აქვს ეს, ზოგს - არა. ჩვენთან საუბარში ამ მოსაზრებას თავად ნათელა გრიგალაშვილიც ადასტურებს:

[ნათელა გრიგალაშვილის ხმა] "სულ მეუბნებიან, რომ ჩემი ფოტოები არ მოსწონთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდ ხასიათზე აყენებთ მათ. მე მგონი, ეს არის ყველაზე კარგი კომპლიმენტი ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის... ხშირად მეუბნებიან ხოლმე, თუ მიდიხარ სოფელში, ასეთ ლამაზ ადგილებში, რატომ იღებ ამ ჩამოძონძილ ადამიანებს, ხომ შეგიძლია გადაიღო ლამაზი პეიზაჟი, ლამაზი, დათაფლული ფოტოები. ადამიანებს ასეთი ფოტოები უყვართ... არავინ დაკიდებს, მაგალითად, ამ ფოტოს."

ამბობს ნათელა გრიგალაშვილი და ერთ მშვენიერ პორტრეტს გვიჩვენებს სოფლელი გოგონასი, რომელიც, თავის მხრივ, არ მალავს, რომ ფოტოობიექტივს "ეპრანჭება"... ამ ხალხს, შესაძლებელია, პირველად მოუხდა ფოტოკამერის წინ პოზირება: ბევრ მათგანს, შესაძლებელია, აქამდე არც უნახავს ფოტოაპარატი... მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ცხოვრობენ... არადა, მათაც ხომ აქვთ "პოზირების უფლება"?
XS
SM
MD
LG