Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ როგორ გაატარა დასვენების დღე თბილისში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მიუხედავად იმისა, რომ შაბათი დასვენების დღეა, საქართველოში შაბათი საკმაოდ ბევრი საინტერესო მოვლენით აღინიშნა: თბილისის ცენტრში ამერიკული პროგრამით მომზადებული სამხედრო ნაწილების აღლუმი გაიმართა,

ბათუმში აჭარელმა სენატორებმა კვლავ საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს, ლეიბორისტები კი სასამართლოში ცდილობდნენ 28 მარტის არჩევნების შედეგების ოქმი გაებათილებინათ. მე შევეცადე დამედგინა, ვინ როგორ ისვენებდა 24 აპრილს თბილისში.

უცხოური გამოცდილების თანახმად, განვითარებულ ქვეყნებში, 5 მძიმე და დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ, ადამიანები შაბათ-კვირას სამსახურის პრობლემებს ივიწყებენ და მხოლოდ ისვენებენ. სხვა სიტუაციაა საქართველოში, სადაც მუშაობით ბევრი სამუშაო დღეებშიც თავს დიდად არ იწუხებს. სამაგიეროდ, დასვენების დღეები ხშირად იმდენად დაძაბულია ხოლმე სხვადასხვა თათბირებითა და შეხვედრებით, რომ დასვენებაზე საუბარი, უბრალოდ, უხერხულია.
ლევან ბერძენიშვილი, რომლის აზრითაც, არ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს ქვეყანა, სადაც პიკის საათი დილის 11 საათზე იწყება, ამბობს, რომ სიტუაციის სასიკეთოდ შეცვლის პირველ ნიშნებს უკვე ხედავს:
[ ლევან ბერძენიშვილის ხმა] "შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ეს პარლამენტი რაღაც საზეიმოდ არ იყო განწყობილი. ჩემთვის ეს შესამჩნევი იყო, რადგან გუშინ თანამდებობაზე დამნიშნეს და ამასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული "ამბები" არ მომხდარა."
ყოფილი პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე შაბათს მეგობრებთან აღმოვაჩინე. თუმცა კითხვაზე, როგორ ისვენებს, ჩვეულებრივ, შაბათ-კვირას, ვახტანგ ხმალაძე მპასუხობს:
[ ვახტანგ ხმალაძის ხმა] " არ მახსოვს, როგორ ვისვენებ."
საკმაოდ დაძაბული დღე ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც 24 აპრილს კვლავ ვერ მოახერხა მშობლიურ ცხრუკვეთში გამგზავრება; სამაგიეროდ, გრიბოედოვის სახელობის თეატრში გამართულ საბავშვო წარმოდგენას დაესწრო, რომელიც იმდენად მოეწონა, რომ ინანა, ნეტავ შვილიც წამომეყვანაო. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ბავშვებმა სწორედ ასეთ სპექტაკლებს უნდა უყურონ და არა ტელევიზორს, როგორც ამას თურმე პატარა ედუარდ სააკაშვილი აკეთებს - მამის განმარტებით, იგი ტელევიზიით პარლამენტის სხდომებს უყურებს.
რახან თეატრზე ჩამოვარდა საუბარი, უინტერესო არ უნდა იყოს, როგორ ატარებენ დასვენების დღეებს მსახიობები. კინომსახიობთა თეატრის მსახიობისთვის, რუსუდან ბოლქვაძისთვის, 24 აპრილი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა:
[რუსუდან ბოლქვაძის ხმა] " რეპეტიცია მქონდა თეატრში. მერე გავვარდი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში - ბავშვთა საკვირაო სკოლაა და "ზღაპრობანას" ვთამაშობთ და იქ ვიყავი. ახლა მოვედი, შევჭამ და უნდა გავიქცე რეპეტიციაზე." მისივე დაკვირვებით, ბოლო წლებში მაყურებელი დიდი სიამოვნებით დადის კომედიებზე, რადგან კომედიური სპექტაკლის ყურებისას ყოველდღიური პრობლემები ავიწყდება. შესაბამისად, უახლოეს დღეებში რამდენიმე თეატრი ახალ კომედიას შესთავაზებს მაყურებელს. ასე რომ, შაბათ-კვირას თეატრებში უარყოფითი ემოციისგან გათავისუფლების კარგი შანსი გვეძლევა.
XS
SM
MD
LG