Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნობილის ტრაგედია და საქართველო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 26 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში ჩერნობილის ტრაგედიის შედეგად დაღუპული ქართველების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გაიმართა.

სტატისტიკური მონაცემებით, იმ 2000 ქართველიდან, ვინც 1986 წლის გაზაფხულზე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა, 110 ადამიანი გარდაიცვალა. 1000-ზე მეტი დღეს ინვალიდია. ავარიის შემდგომ პერიოდში დაბადებულ 400-ზე მეტ ბავშვს მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა ესაჭიროება. მე ვესაუბრე ადამიანს, რომელიც ჩერნობილის რეაქტორთან ყველაზე ახლოს მუშაობდა; მეტიც - რეაქტორის სარკოფაკის სახურავზეც კი არის ნამყოფი.

[არმაზ სანებლიძის ხმა] "პირველი შთაბეჭდილება იყო - უდაბნოში რომ მოხვდება კაცი. წარმოიდგინე: ხალხი უკვე გაქცეულია და არაფერი არ მოძრაობს. აბსოლუტურად. და ვერ გრძნობ, რომ რაღაც საშიში ხდება აქ. სიცოცხლისთვის საშიში."

ეს არმაზ სანებლიძეა, გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" მთავარი რედაქტორი, 1986 წელს საქართველოს ტელევიზიის კომიტეტის თავმჯდომარე. ჩერნობილის ტრაგედიიდან მეოცე დღეს ის ჩერნობილში ჩავიდა სატელევიზიო გადაცემის გასაკეთებლად. მუშაობის პირობებზე წარმოდგენის შესაქმნელად ასეთი ფაქტიც იკმარებს: სპეციალური ავტობუსიდან ჟურნალისტის ჩასვლამდე იზომებოდა რადიაციული ფონი, ჟურნალისტს გარეთ ყოფნისთვის მხოლოდ 40 წამი ეძლეოდა. დაყოვნება და - დასხივება გარანტირებული იყო. არმაზ სანებლიძე იხსენებს, რომ მან კარგად იცოდა, სად და რისთვის მიდიოდა. მეტიც - მისი თქმით, ჩერნობილში მოხვედრა მაშინ ჟურნალისტებისთვის ურთულესი ამოცანა იყო:

[არმაზ სანებლიძის ხმა] "მერე წავედი მეორედ. ლიკვიდატორებმა მითხრეს, მენდელეევის მთელი სისტემა ტრიალებს ამის თავზეო. მერე, პრინციპში, საინტერესო იყო, ის გაგეკეთებინა, რასაც სხვა ვერავინ გააკეთებდა. ტელევიზიის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნისას, ცენზურას ვერავინ ვერ გამიწევდა. და პირველად საბჭოთა კავშირში, - ეს შემიძლია ვთქვა, - ვთქვი, რომ მთელი მენდელეევის სისტემა ტრიალებს იქ და რომ ეს ძალიან საშიშია. ეს არ უთქვამს საკავშირო ტელევიზიასაც კი. პირიქით, გაჩნდა ინტერესი მეორედ და მესამედ წასვლისაც კი..." (სტილი დაცულია)

მეორედ ჩერნობილში ჩასვლა კვლავ ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობის შედეგი იყო. არმაზ სანებლიძე ერთადერთი ჟურნალისტი აღმოჩნდა, ვინც რეაქტორთან ძალიან ახლოს მივიდა. ე.წ. ლიკვიდატორები რეაქტორიდან 30 კილომეტრიან ზონაში მუშაობდნენ. ის - რამდენიმე მეტრიდან იღებდა კადრებს.
და მაინც - რა ამოძრავებდა არმაზ სანებლიძეს, რომელმაც მშვენივრად უწყოდა, რა საფრთხესთან ჰქონდა საქმე?

[არმაზ სანებლიძის ხმა] "ჩემი ამოცანა იყო, ბოლომდე მივყოლოდი იმ სარკოფაგის მშენებლობას და...სახურავზე ავძვერით - გიჟები ვართ, აბა, ჭკვიანი ამას გააკეთებდა? რომ არც მიმედევნებინა თვალყური, სამწუხაროდ, ჩემმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო. ამის მიზეზით იყო სამი წლის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, ამის მიზეზით იყო სამი ოპერაცია მუხლებზე....შედეგი ახლა ვიგრძენი. თუმცა, რა ვქნა, შიშის გრძნობა არა მაქვს და რამე რომ იყოს, კიდევ წავიდოდი."

ცნობისთვის: დღეს არმაზ სანებლიძემ არ იცის, რა ბედი ეწია იმ ფირებს, რომლებიც მან ჩერნობილის რეაქტორთან გადაიღო. სამწუხაროდ, მაშინ აზრად არ მოსვლია ასლის გადაღება კადრებიდან, რომლებსაც დღეს, ალბათ, ოქროს ფასი ექნებოდა. რა თქმა უნდა, გული დასწყდება, თუ ფირები დაიკარგა, მაგრამ თან ეამაყება, რომ ყველაზე რთულ დღეებში თავისი საქმე პროფესიულად შეასრულა.
XS
SM
MD
LG