Accessibility links

ავღანეთის პრეზიდენტი თალიბანს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ თალიბანის ყოფილ წევრებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში,

რომელიც სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ჩამოგდებული თალიბანის რეჟიმის ზოგიერთი წევრი დაიმუქრა, რომ ჩაშლის არჩევნებს. კარზაიმ გასული კვირის ბოლოს ყანდაარში ვიზიტისას, რომელიც თალიბანის მთავარ დასყრდენად არის ცნობილი, ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლებს ქვეყნის აღმშენობლობის პროცესში მონაწილეობის მიღება შესთავაზა.

[კარზაის ხმა] "თუკი ხალხს - თალიბანი იქნება ეს თუ სხვები, განსაკუთრებით კი თალბანს ვგულისხმობ - სურს, დაბრუნდეს ქვეყანაში და აქ იცხოვროს, თუკი მათ სურთ იშრომონ და მიწა დაამუშაონ, ჩვენ მათ მივესალმებით. ეს მათი ქვეყანაა, მათი კერაა. ჩვენ მხოლოდ იმათ ვედავებით, ვინც ანადგურებს ავღანეთს, ვინც ბომბებს აფეთქებს და ვინც უცხოელთა დახმარებით ანგრევს აქაურობას."

ავღანეთის პრეზიდენტის თქმით, თალიბანის ხელმძღვანელობის ვიწრო წრის წარმომადგენლები არ არიან რეაბილიტაციის ღირსი. "ჩვენ პრობლემას გვიქმნის ძირითადად თალიბანის ხელმძღვანელობა, "ალ-ყაიდასთან" დაკავშირებული 150-მდე ადამიანი. ისინი ავღანეთის მტრები არიან და ჩვენ მათ ვებრძვითო," თქვა მან.

როგორც ჩანს, შეერთებული შტატები, რომლის დახმარებითაც მოხდა თალბანის რეჟიმის ჩამოგდება 2001 წელს, მხარს უჭერს კარზაის მოწოდებას თალიბანის შემორიგების თაობაზე.

როგორც იტყობინებიან, გასულ კვირაში შეერთებული შტატების ელჩმა ზალმაი ხალილზადმა თქვა, რომ იგი ემხრობა თალიბანის წევრების ამნისტიას ამ მოძრაობის ლიდერთა გამოკლებით.

ყანდაარში კარზაის ორდღიანი ვიზიტი უსაფრთხოების უმკაცრესი ზომების დაცვით ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, კვირას დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრეზიდენტის ბადრაგისთვის ბომბის სროლას აპირებდა. კარზაი ერთხელ უკვე გადაურჩა თავდასხმას 2002 წლის სექტემბერში.

უკანასკნელ ხანებში ავღანეთში, განსაკუთრებით მის სამხრეთში, ვითარება კიდევ უფრო სახიფათო გახდა. კვირას გაერომ განაცხადა, რომ მთელი რიგი თავდასხმების გამო დროებით წყვეტს საქმიანობას ყანდაარის პროვინციაში.

ორგანიზაცია "კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის" ექსპერტმა ავღანეთის საკითხებში, ვიკრამ პარეხმა ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ ყანდაარში ვიზიტით და თალიბანის მიმართ რევერანსებით კარზაი ცდილობს, შეასუსტოს არჩევნების მიმართ წინააღმდეგობა.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის კარზაის წინადადებაზე თალიბანის რეაქცია. ავღანეთის მთავრობის თანახმად, იგი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს თალიბანის შედარებით ზომიერ წარმომადგენლებთან. მაგრამ, პარეხის აზრით, სავარაუდოა, რომ თალიბანის ხელმძღვანელობა უპასუხოდ დატოვებს კარზაის მოწოდებას.

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები თავდაპირველად ივნისისთვის იყო დანიშნული, მაგრამ უსაფრთხოების მოსაზრებებით სექტემბრისთვის გადაიტანეს. ჯერჯერობით საარჩევნო ხმის მქონე 10 მილიონი ავღანელის მხოლოდ ერთმა მეხუთედმა გაიარა რეგისტრაცია.
XS
SM
MD
LG