Accessibility links

logo-print

აჭარიდან საბრძოლო კატარღა გაიქცა


თავდაცვის სამინისტროს 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ოფიცრებისა და ჯარისკაცების შემდეგ, აჭარის ტერიტორიას უკვე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცრებიც ტოვებენ.

თანაც, ამჯერად უკვე საბრძოლო შეიარაღებით. 26 აპრილს, გამთენიისას, ბათუმის ნავსადგური დატოვა და ფოთში ჩაუშვა ღუზა ბათუმის დივიზიონის სანაპირო დაცვის საბრძოლო კატარღამ, რომელზეც ხომალდის მეთაური და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფება. აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობამ, რომლისთვისაც მეზღვაურთა ასეთი საქციელი მოულოდნელი აღმოჩნდა, სასწრაფო თათბირი მოიწვია ვითარების გასარკვევად. გაპარული კატარღის მეთაური აცხადებს, რომ მეზღვაურების ბათუმში დარჩენილ ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრებათ.

"გრიფის "ტიპის საბრძოლო კატარღის მეთაურ ევგენი პაპუნიძეს და მისი ეკიპაჟის წევრებს სულ 25 წუთი დასჭირდათ, რათა მუდმივი დისლოკაციის ადგილი, ბათუმის აკვატორია, დაეტოვებინათ და ფოთში ძირითად ძალებს შეერთებოდნენ. პ-103 ტიპის კატარღა, სახელწოდებით "დიოსკურია", ერთ-ერთია იმ სამიდან, რომელიც, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბრძანებით, ბათუმის აკვატორიას აკონტროლებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ცენტრალურ და აჭარის ხელისუფლებას შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ბათუმის დივიზიონის წევრები არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ. კატარღა "დიოსკურიას" მეთაურმა, უფროსმა ლეიტენანტმა ევგენი პაპუნიძემ რადიო "თავისუფლებასთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში მან და მისმა ეკიპაჟმა გააკეთა ის, რაც ოფიცრებს უნდა გაეკეთებინათ:

[ევგენი პაპუნიძის ხმა] "რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო იოლი. მაგრამ მე ამ ნაბიჯის გადადგმა მაიძულა იმან, რომ ქართველი ხალხის წინაშე იარაღი არ ამეღო. ამის დაძალება მაინც არ ყოფილა, მაგრამ რომ ყოფილიყო, უკვე გვიანი იქნებოდა. თანაც, მე ვემორჩილები საქართველოს პრეზიდენტს და საზღვრის დაცვის დეპარტამენტს - გენერალ გულუას და ოპერაციების უფროსს ბატონ კობა ბოჭორიშვილს." (სტილი დაცულია)

"დიოსკურიას" ეკიპაჟის ფოთში ჩასვლას ორშაბთს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სამ დღეში ფოთში გამართულ სამხედრო სწავლებას დაესწრება, ეს ფაქტი აჭარის განიარაღებას დაუკავშირა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მე ვფიქრობ, თვითონ აჭარლები აბარებენ მძიმე ტექნიკას. თუ ამას არ აკეთებს აბაშიძე, ამას თვითონ ისინი აკეთებენ. აჭარაში, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად."

რაც შეეხება აჭარის ხელისუფლებას, ავტონომიაში თავშეკავებულად შეხვდნენ კატარღის მიერ კურსის შეცვლის ფაქტს. სასაზღვრო დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსის თენგიზ კონცელიძის თქმით, "დიოსკურია" გეგმიურ სწავლებაში ღებულობს მონაწილეობას და აჭარის ხელისუფლებას არც კი უცდია რაიმე წინააღმდეგობა გაეწია ეკიპაჟის წევრებისთვის, როგორც ამას საინფორმაციო საშუალებები აღნიშნავდნენ:

[თენგიზ კონცელიძის ხმა] "ეს, ფაქტიურად, ყოველთვიურად იმართება ასეთი მეცადინეობა და ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებადაც ერთი კატარღა ჩავიდა ფოთში." (სტილი დაცულია)

"დიოსკურიას" ეკიპაჟის ჩათვლით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი ლოიალობის ნიშნად, ბათუმიდან წამოსული სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი 100 კაცამდე გაიზარდა. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გმირებად ნათლავს და მზად არის ისინი სახელმწიფო ჯილდოებზეც წარადგინოს. უფრო ადრე 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, რომლებმაც ბინა ალექსეევკის ბაზაზე დაიდეს, ხელისუფლება მაღალ ანაზღაურებას და კარგ პირობებს შეჰპირდა. იგივე პირობა ძალაში რჩება ყველა იმ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ ემორჩილებიან აჭარის ლიდერის ბრძანებებს. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ამგვარი პოლიტიკის შედეგად, ასლან აბაშიძეს სულ მალე ბევრი მისი შეიარაღებული მომხრე დატოვებს.
XS
SM
MD
LG