Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას კვლავ ''სოჭის გეგმით'' ცდილობს


26-27 აპრილს მოსკოვში რუსეთ-საქართველოს კონსულტაციები დაიწყება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით.

ორიოდე კვირის წინ კი ამავე თემაზე სასაუბროდ საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაცია. მაშინ რუსეთის წარმომადგენელი სოხუმსაც ესტუმრა და მოსკოვის კონსულტაციებზე აფხაზური მხარეც მიიწვია. როგორც საქართველოს ხელისუფლება იუწყება, 26-27 აპრილის კონსულტაციების ძირითადი თემა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ეგრეთ წოდებული სოჭის გეგმის განხორციელებაზე მსჯელობაა.

აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნების პარალელურად სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა 2003 წლის დასაწყისში სოჭში, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და ედუარდ შევარდნაძის მოლაპარაკებაზე, აფხაზური მხარის წარმომადგენლის თანდასწრებით გადაწყდა. მაშინ ამ გეგმას იმდროინდელი ოპოზიცია რადიკალურად დაუპირისპირდა. აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თემურ მჟავიას განცხადებით, სოჭის ხელშეკრულებისადმი მათ ადრინდელ დამოკიდებულებას ედუარდ შევარდნაძის მიმართ არსებული უნდობლობა განსაზღვრავდა:

[თემურ მჟავიას ხმა] "თორემ იქ მოცემული 3 ძირითადი საკითხი აქტუალურია და, შესაბამისად, შესაძლებელია წარმართული იყოს რეალური ვითარების გათვალისწინებით, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე."

ამ თითქოს ზოგადი პასუხიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება აფხაზეთში დევნილების რკინისგზის გახსნის პარალელურად დაბრუნებას აღარ ეწინააღმდეგება. სააკაშვილის ხელისუფლებას კი იმას საყვედურობს, რომ, შევარდნაძის მსგავსად, მანაც არაფრად ჩააგდო აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა. ლაპარაკია პარლამენტის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილებების შესრულებაზე, რომლის მიხედვითაც დევნილი ხელისუფლება აფხაზეთის საკითხზე მიმდინარე ყველა მოლაპარაკებაში უნდა ჩაერთოს. მოსკოვში აფხაზურ მხარეს მხოლოდ სეპარატისტული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა წარმოადგენს.

[სერგეი შამბას ხმა] "ჩვენ ვერ მოვილაპარაკებთ ვერაფერს. 10 წლის მანძილზე არაერთხელ შევჯახებივართ ამ თემის პოლიტიკურ ასპექტებს. ამიტომ 1999 წელს დევნილთა საკითხი გამოვყავით და შევთავაზეთ არ მომხდარიყო მისი პოლიტიზება. მაგრამ ქართული მხარის წინაშე ყოველთვის იდგა საკითხი - რა იურისდიქციის ქვეშ ბრუნდებიან დევნილები. ჩვენს პირველ შეხვედრაზე ისევ წავაწყდით ამ პოზიციას. ვნახოთ. თუ ჩვენ შევძელით ამ პოლიტიკური მოტივების დაძლევა, შეიძლება მრავალმხრივ ფორმატზეც მოვილაპარაკოთ."

აფხაზ სეპარატისტთა პოზიციას "კაპრიზს" უწოდებს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ პირველად შეეჯახა სოხუმის ხელისუფლების სიჯუტეს:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] "თუ ვინმე ეძებს საბაბს, რომ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიიღოს, ეს მისი ნებაა - შეუძლია ადგეს და გავიდეს. მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ შეკრებილი და საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩვენ გვინდა საკითხის გადაწყვეტა." (სტილი დაცულია)

აფხაზური მხარის არაკონსტრუქციული პოზიცია უცხო არ არის თემურ მჟავიას წინამორბედის თამაზ ნადარეიშვილისთვის, რომელსაც სოჭის შეთანხმების ამოქმედება მხოლოდ მას შემდეგ მიაჩნია მიზანშეწონილად, რაც აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი გაირკვევა.
XS
SM
MD
LG