Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის სიძის გათავისუფლება 15,5 მილიონი დოლარი დაჯდა


26 აპრილს თბილისის ნომერ მეშვიდე საპყრობილიდან ედუარდ შევარდნაძის სიძე, "მაგთიკომის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გია ჯოხთაბერიძე გაათავისუფლეს.

შეწყდა სისხლის სამართლის საქმეც, რომელიც მის წინააღმდეგ იყო აღძრული. ეს ყველაფერი დაჯდა 15, 5 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც, გენერალური პროკურორის განცხადებით, ჯოხთაბერიძის მეუღლემ მანანა შევარდნაძემ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში პირადი ანგარიშიდან ჩარიცხა. გია ჯოხთაბერიძე თავიდან სახელმწიფოსთვის ფულის გადახდის ფაქტს უარყოფდა და, პროტესტის ნიშნად, ციხიდან გამოსვლაზე უარს ამბობდა, მაგრამ წინააღმდეგობა დაიძლია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიძე თავისუფალია. 700 ათასი ლარის ნაცვლად გადახდილი 15,5 მილიონი დოლარის ფასად, გამოძიებას შევარდნაძის სიძის მიმართ პრეტენზიები აღარა აქვს.

ამა წლის თებერვლის შუარიცხვებში დაკავებულ გია ჯოხთაბერიძეს გამოძიება ბიუჯეტისთვის გადასახადების სახით დამალულ 700 ათას ლარს ედავებოდა. ედუარდ შევარდნაძის სიძე ამ თანხის გადახდაზე პრინციპულად უარს აცხადებდა - ირწმუნებოდა, რომ მის მიმართ წაყენებული პრეტენზიები აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. "მაგთიკომის " ერთ-ერთი დამფუძნებლის დაკავების ფაქტს შევარდნაძის ოჯახის წევრების მიმართ პოლიტიკური ტერორის გამოვლინებად მიიჩნევდა მანანა შევარდნაძე. გენერალური პროკურორის განცხადებით, სწორედ მისი პირადი ანგარიშიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული 15, 5 მილიონი დოლარი გახდა გია ჯოხთაბერიძის ციხიდან გათავისუფლების საბაბი.

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] "ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ის გარემოება, რომ თანხა გადარიცხულია მანანა შევარდნაძის პირადი ანგარიშიდან. "

გამოძიება გია ჯოხთაბერიძეს ოფიციალურად გაცილებით ნაკლები თანხის გადახდას სთხოვდა. იმავდროულად, ედუარდ შევარდნაძის სიძე მეშვიდე საპყრობილის საერთო საკანში იმყოფებოდა, რის გამო პროტესტის ნიშნად, ერთი ხანობა შიმშილობდა. 26 აპრილს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, "მაგთიკომის" მოწილე სახელმწიფოსთვის ფულის გადახდის ფაქტს უარყოფდა. აი, როგორი საუბარი შედგა ამ დღეს მასა და ჟურნალისტებს შორის:

[გია ჯოხთაბერიძის ხმა] "საკუთარი ტოკ-შოუები რომ დაგიხურეს, იმაზე არ ამოგიღიათ ხმა და სხვის სიმართლეზე ამოიღებთ ხმას? არაფერი გადახდილი არ მაქვს, ტყულია ეგ ყველაფერი. ფული გადახდილია ჩემი წილის ტრანზაქციაზე და არავითარ ბრალდებაზე. "

სახელმწიფო ხაზინაში მანანა შევარდნაძის პირადი ანგარიშიდან ფულის ჩარიცხვა უარყო ჯოხთაბერიძის ამერიკელმა ადვოკატმა. სასტუმრო "მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ნახსენები თანხა, შევარდნაძის ოჯახში დაგროვილ დოვლათს კი არა, კომპანია "მაგთიკომის" 2003 წლის დივიდენდებიდან ჯოხთაბერიძის, როგორც "მაგთიკომის" წილის 51 პროცენტის მფლობელის, საკუთრებას წარმოადგენდა. ასეა თუ ისე, უკრაინაში გაფრენამდე სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხული 15, 5 მილიონი დოლარი მიხეილ სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრების მიერ ხალხისთვის მოპარულ ფულად მოიხსენია:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ ამ თანხას მოვახმართ პენსიონერებს, მასწავლებლებს, არმიას, ვისაც ფული ყველაზე მტად სჭირდება და ვისაც ეს ფული მოპარეს შევარდნაძის ოჯახის წევრებმა. "

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწიენს ამა თუ იმ პირის პატიმრობიდან გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ გამოძიების მხრიდან არსებული პრეტენზიების მოხსნას ხაზინაში გარკვეული ოდენობის თანხის გადარიცხვის ხარჯზე. თუმცა არსებობს გარკვეული მუხლები, რომლებიც ირიბად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასეთი გადაწყვეტილებების გასამართლებლად. გია ჯოხთაბერიძემ რეკორდი მოხსნა: მისი ციხიდან გათავისუფლება მისი წინამორბედების გათავისუფლებაზე ძვირი დაჯდა.
XS
SM
MD
LG