Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები მომავლისათვის - პარლამენტართა ხედვა


დავით პაიჭაძე, თბილისი ცვლილებები და რეფორმები - საქართველოს პარლამენტი მოქალაქეებმა მათ განსახორციელებლად აირჩიეს. პირველსავე სესიაზე საკანონმდებლო ორგანომ არაერთი რეფორმისტული კანონი უნდა მიიღოს

- ყოველ შემთხვევაში, ასე არიან განწყობილი დეპუტატები. მე გავესუბრე რამდენიმე მათგანს და ვთხოვე გამოეკვეთათ პრიორიტეტული საკითხები.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გადასახადებისა და შემოსავლების ყოფილი მინისტრია. ამდენად, ბუნებრივია, როცა პრიორიტეტულად ესახება სწორედ გადასახადებთან და შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები. მე მაქვს სურვილი, რაც შეიძლება მალე ვიმსჯელოთ საგადასახადო კოდექსზე, განმიცხადა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც ასე აყალიბებს განსხვავებას მოქმედ და მისაღებ საგადასახადო კოდექსებს შორის:

[მაჭავარიანის ხმა] "ძალიან პრინციპული განსხვავებებია: ჯერ ერთი, მცირდება გადასახადების რაოდენობა. მეორე, მცირდება თითქმის ყველა განაკვეთი - 1 და 2 პროცენტით კი არა, კარგად: საშემოსავლო და სოციალური გადასახადის განაკვეთი მცირდება, დამატებული ღირებულების გადასახადი შეიძლება კომბინირებული, ანუ სხვადასხვა, იყოს... მოგების გადასახადი შემცირდება."

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო ჭიპაშვილი სამომავლო რეფორმატორული კანონმდებლობის არსს ლოზუნგის სახით აყალიბებს - დავუბრუნოთ ქართველ ხალხს დაკარგული ჯანმრთელობა, დავუბრუნოთ ქართველ ექიმებს წართმეული ღირსება, და განმარტავს:

[ჭიპაშვილის ხმა] "უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა ექიმების უფლებების დაცვის სფეროში. უკეთესი კანონმდებლობა არსებობს პაციენტების უფლებების დაცვაში, მაგრამ ქართველი ექიმი სრულიად დაუცველი და უუფლებოა. თითოეული ქართველი ექიმი დღეს, პრაქტიკულად, კრიმინალის რეჟიმში მუშაობს და ამ რეჟიმიდან უნდა გამოვიყვანოთ. სერიოზული რევიზია უნდა მოვახდინოთ ექიმთა პოსტდიპლომური განათლების სიტემისა. შემდეგ უნდა დავნერგოთ თვითმმართველობის ელემენტები სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაში, ანუ ექიმთა კოლექტივებს უნდა მივცეთ მეტი უფლება, განახორციელონ მენეჯმენტი საკუთარ დაწესებულებებში."

ლადო ჭიპაშვილი ლაპარაკობს სოციალურ სფეროში მოსალოდნელ ბევრ ინოვაციაზე, სახელდობრ, აღნიშნავს, რომ მთლიანად შესაცვლელია საქართველოს შრომის კოდექსი, რომელსაც, მისი აზრით, გასული საუკუნის 30-ანი წლებიდან პრინციპული ცვლილებები არ განუცდია.

ადამიანის უფლებათა საკითხების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე უახლოესი მომავლის საქმიანობაში 4 პრიორიტეტს გამოყოფს. თევდორაძეს, პირველ რიგში, სურს განსახილველად გაიტანოს კანონპროექტი პრესისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ, რომლის ძალითაც ჟურნალისტის პუბლიკაციაში ოფიციალური პირის შესახებ გავრცელებული ცნობების გასაჩივრებისას მტკიცების ტვირთი დაეკისრება მომჩივან მხარეს, ანუ არა ჟურნალისტს, რაც ამყარებს სიტყვის თავისუფლების გარანტიებს. ელენე თევდორაძე აპირებს მიუბრუნდეს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმას და კანონებით სტიმული მისცეს მის განახლებას. მთავარ მიზნად კოლონიური სისტემიდან საპყრობილეებზე გადასვლა რჩება:

[თევდორაძის ხმა] "მესამე, რაც უაცილებლად მიმაჩნია, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის მიღებაა. ჩვენ თავიდან ძალიან კარგი კოდექსი გვქონდა, მაგრამ იმდენი უარყოფითი ცვლილება შევიდა, რომ დღეს ახლად არის დასაწერი. დაბოლოს, მე ძალიან სერიოზულად ვიმუშავებ კანონპროექტზე რელიგიურ უმცირესობათა შესახებ. ჩემთვის დიდი პრიორიტეტი იქნება ჩვენს ცხოვრებაში მათი ინტეგრაცია."
XS
SM
MD
LG