Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი უკრაინაში


გრძელდება მიხეილ სააკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრინაში.

სამშაბათს სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას შეხვდა მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, აგრეთვე ვითარებაზე აჭარაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.


პრეზიდენტ კუჩმასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა საკმაოდ გამართული უკრაინულით გასცა პასუხი ჟურნალისთა შეკითხვებს.

[სააკაშვილის ხმა]

თავად კუჩმა რუსულად საუბრობდა. მან მოგვიანებით თქვა, ამას ოპოზიცია არ მაპატიებსო.

სააკაშვილის თქმით, მას უცხო ქვეყანაში არ მოეპოვება ისეთი თანამოსაუბრე, როგორიც ლეონიდ კუჩმაა. უკრაინის პრეზიდენტთან ერთად წუთებში ვახერხებ ურთულესი პრობლემების მოგვარებასო, თქვა მან.

კუჩმამ სრული კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრასთან დაკავშირებით. [კუჩმას ხმა] "ჩვენ, შეიძლება ითქვას, ახალ აგურს ვდებთ უკრაინა-საქართველოს შენობისა. თანაც, მრავალწლიანი პერსპექტივით ვაკეთებთ ამას.

ვიზიტის შესახებ გვესაუბრება ჩვენი რადიოს უკრაინული ბიუროს თანამშრომელი ბოჰდანა კოსტიუკი:

[კოსტიუკის ხმა]

"პირველ რიგში ოფიციალური კიევი და ოფიციალური თბილისი განიხილავდა საკითხებს, რომლებიც რეგიონულ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. პრეზიდენტები, სააკაშვილი და კუჩმა მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათ ქვეყნებში შიდა სტაბილურობაზეც არის დამოკიდებული, რამდენად სტაბილური იქნება შავი ზღვის რეგიონი, კავკასია და ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა. ამიტომ ამ თემაზე საუბრისას კუჩმამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს უჭერს საქართ.ველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვინაიდან უკრაინისთვის საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი კავკასიასა და შავიზღვისპირეთის რეგიონში. თავის მხრივ, სააკაშვილმაც თქვა, რომ მთელი რეგიონი გულისფანცქალით შესცქერის მოვლენებს უკრაინაში, ვინაიდან უკრაინა რეგიონული ლიდერია და სხვა ქვეყნებს სტაბილურობისა და დემოკრატიზაციის მაგალითს უნდა უჩვენებდეს."

ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ მიხეილ სააკაშვილის ყოფილ პედაგოგს, პოლიტოლოგ დმიტრი ვიდრინს.

[ვიდრინის ხმა]

"ასეთ კომენტარს გავაკეთებ: ამ წუთას ვიმყოფები უზარმაზარ სატრანსპორტო საცობში, რომელიც, როგორც ამბობენ, უკრაინის დედაქალაქში საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილებასთან არის დაკავშირებული. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ამას ჩვენ მას იოლად მივუტევებთ, ვინაიდან კიევში დიდი სიმპათიით ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს. იგი არის პოლიტიკოსთა ახალი თაობის წარმომადგენელი. მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. იმედოვნებენ, რომ იგი მაგალითია ჩვენი ქვეყნისთვისაც. ამიტომ საცობებს ვაპატიებთ."

მიხეილ სააკაშვილის პროგრამაშია აგრეთვე შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩთან, საგარეო საქმეთა მინისტრ კონსტანტინ გრიშჩენკოსთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
XS
SM
MD
LG