Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცივი ომი თბილისსა და ბათუმს შორის გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი კვლავ გრძელდება დაპირისპირება ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელმძღვანელობას შორის. შესაბამისად, აქტიურობენ დაპირისპირებულთა მომხრეებიც - ასლან აბაშიძის მხარდამჭერები

კვლავინდებურად ჩოლოქის გამშვებ პუნქტთან არიან შეკრებილნი. ასლან აბაშიძის ოპონენტები კი ბათუმში მართავენ საპროტესტო აქციებს. როგორ ვითარდებოდა მოვლენები 27 აპრილს აჭარაში?

"შეწყდეს ჩოლოქიზაცია!" - ასეთი ლოზუნგით მოაწყო საპროტესტო აქცია ბათუმში 50-მა ქალბატონმა, რომლებიც მოითხოვენ იარაღის ჩაბარების პროცესის დაჩქარებას და ჩოლოქზე ხალხის მობილიზაციის შეწყვეტას. ჩოლოქზე შეკრებილნი კატეგორიულად უარყოფენ მათ ორგანიზებულ ჩაყვანას ჩოლოქზე და აცხადებენ, რომ ისინი საკუთარი ნებით ცხადდებიან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, რათა თავიდან აიცილონ აჭარაში შეიარაღებული ძალების შეჭრის საფრთხე.
როგორც გახსოვთ, თბილისში, არაოფიციალურ წრეებში, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს აჭარაში ნოემბრის მოვლენების განმეორების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ერთნი ფიქრობენ, რომ ასლან აბაშიძე ედუარდ შევარდნაძე არ არის და არასდროს დათანხმდება ხელისუფლებიდან საკუთარი ნებით წასვლას. მეორეთა აზრით, აჭარაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემთხვევაში, ასლან აბაშიძე ვერ გაბედავს იარაღის გამოყენებას და იძულებული გახდება, დათმოს ხელისუფლება.
ჯერჯერობით, უნდა ითქვას, რომ მოვლენები ნოემბრის სცენარით იმართება. ასლან აბაშიძეს ყოველდღიურად ტოვებენ მისი გარემოცვის წევრები. აჭარაში განთავსებულ შეიარაღებულ ძალთა ოფიცრებისა და ჯარისკაცების კვალდაკვალ, აჭარის ლიდერს მისი უახლოესი თანამებრძოლებიც განუდგნენ. 27 აპრილს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბათუმის ყოფილმა მერმა ასლან სმირბამ განაცხადა, რომ აჭარის ლიდერი მის გარემოცვას ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყავს. მისივე განცხადებით, რამდენიმე დღის წინ იყო მცდელობა, აჭარაში შეიარაღებული პირები აფხაზეთიდან შეეყვანათ, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
როგორც გახსოვთ, ამ ცოტა ხნის წინათ საქართველოს პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ აჭარის ლიდერი ე.წ. ბოევიკებს უკრაინაში ეძებს, რასაც უკრაინის მხრიდან საპროტესტო ნოტა მოჰყვა. კიევში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა დაადგინა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რაც განაცხადა კიდეც, უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას თანდასწრებით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე. კიევშივე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ასლან აბაშიძე მასკარადის მოწყობას არ შეწყვეტს, ის კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
მასკარადში, როგორც ჩანს, იგულისხმება 27 აპრილს ჩოლოქის გამშვებ პუნქტზე მომხდარი მორიგი ინციდენტი, როცა, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის საბაბით, აჭარაში არ შეუშვეს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით შერვაშიძე - მას, ჰუმანიტარული დახმარების სახით, აჭარის მოსახლეობისთვის 60 ტონა სასუქი მიჰქონდა. მინისტრი, სასუქიანად, უკან გამოაბრუნეს. სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, აჭარელებისთვის განსაზღვრულ სასუქს აბაშისა და სამტრედიის მოსახლეობა მიიღებს.
XS
SM
MD
LG