Accessibility links

logo-print

სარჩელი აჭარის კონსტიტუციის წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტის წევრმა თამაზ დიასამიძემ მოახდინა სარჩელის ინიცირება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად. სარჩელი ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კონსტიტუციას და ასაჩივრებს მის იმ დებულებებს, მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს კონსტიტუციას რომ ეწინააღმდეგება. რას ნიშნავს აბაშიძის წინააღმდეგ მხოლოდ სამართლებრივი ბრძოლა და რა ძალა თუ არგუმენტები შეიძლება შეეშველოს ასლან აბაშიძის მიმართ წმინდა სამართლებრივ უპირატესობას? ამ საკითხთა გასარკვევად საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიგა ბოკერიას ვესაუბრე.

სარჩელის შედგენაში გიგა ბოკერიაც იღებს მონაწილეობას, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ აჭარის კონსტიტუციის შეუსაბამობას საქართველოს კონსტიტუციასთან პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ასაჩივრებს. გიგა ბოკერიას მტკიცებით, აჭარის კონსტიტუცია შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად კანონს:

[ბოკერიას ხმა] "პირველი, რაც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, გახლავთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება. ეს უფლება მიტაცებული აქვს ასლან აბაშიძეს, არადა, აშკარად მისი კომპეტენციის მიღმაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ამას გარდა, მას აქვს ჩანაწერი, რომ მეთაური ხელშეუვალია. აჭარის პრესის კანონიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ძალიან სადავოა მისი შექმნილი ზოგიერთი სტრუქტურა, მაგალითად, აჭარის საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენი კონსტიტუცია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ერთი უნდა იყოს მთელ ქვეყანაში."

ამ საკითხებს გიგა ბოკერია უმატებს აჭარის კონსტიტუციის დებულებას, რომელიც ავტონომიის უშიშროებისა და მართლწესრიგის ორგანოებს მეთაურის განსაკუთრებულ გამგებლობას აკუთვნებს.

სარჩელის შედგენაში მონაწილეობის მიუხედავად, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ სასამართლოში აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტი არ არის და არც აჭარის კონსტიტუცია წარმოადგენს მთავარ მოტივს ასლან აბაშიძის ქმედებათა გასამაგრებლად:

[ბოკერიას ხმა] "მე მიმაჩნია, რომ ეს კაცი საერთოდ არ მოქმედებს კონსტიტუციისა და სამართლის მიხედვით და ეს არ არის მისთვის მთავარი საკითხი. მას აჭარაში, პრაქტიკულად, თვითმპყრობელობა აქვს გამოცხადებული. ის იშველიებს ხოლმე ამ კონსტიტუციას, როგორც მეტატექსტს."

ბოკერია ამბობს, რომ სამართლებრივი ბრძოლა ასლან აბაშიძეს, დიდი ხანია, წაგებული აქვს. პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში ემსახურება ავტონომიის მეთაურის ბოლომდე გაშიშვლებას. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აქვე აღნიშნავს, რომ სარჩელი არ ეხება ავტონომიის საკითხს - ავტონომიის კანონიერებაში ეჭვი არავის შეაქვს.

პროცესის მოგების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება აჭარის ხელისუფალის წინაშე სრული სამართლებრივი უპირატესობით ისარგებლებს. მაგრამ ეს უპირატესობა აშკარად არ კმარა საიმისოდ, რასაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მთავარ მიზნად სახავენ - აბაშიძის ჩამოსაცილებლად ავტონომიის ხელისუფლების სათავიდან. რა ძალა და არგუმენტი უნდა შეემატოს სამართლებრივ უპირატესობას მთელი სისავსით რეალიზებისათვის?

[ბოკერიას ხმა] "ეს არის ხელისუფლების ნება, პრინციპულობა და შესაძლებლობა, გამოიყენოს ძალა - პირდაპირ ვამბობ ამას. ეს არის უკიდურესი ზომა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ ბატონმა აბაშიძემ და მისი დანაშაულებრივი გარემოცვის ყველა წევრმა უნდა იცოდეს: თუ ისინი გააგრძელებენ ან გაამწვავებენ ტერორს ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, შესაძლებლობა და მოვალეობა, წერტილი დაუსვას მათ თავნებობას."
XS
SM
MD
LG