Accessibility links

logo-print

ბუშის რჩეული ბაღდადს შეზღუდულ სუვერენიტეტს ჰპირდება


ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება იმ დრომდე, როცა შეერთებულმა შტატებმა ერაყის მართვის სადავეები ახალ დროებით მთავრობას უნდა

გადასცეს. 30 ივნისისათვის უნდა დაიშალოს ამჟამად მოქმედი სამოქალაქო ადმინისტრაცია და ქვეყანაში შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლად მუშაობას უნდა შეუდგეს ელჩი, რომლის ვინაობა, შეიძლება ითქვას, უკვე ცნობილია. იქნება თუ არა ერაყი მართლაც სუვერენული ქვეყანა 30 ივნისის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით უკვე ისმის უამრავი შეკითხვა.
27 აპრილს ვაშინგტონში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოუსმინა გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და ერაყში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატს ჯონ ნეგროპონტეს
30 ივნისის შემდეგ ერაყში რეალური სუვერენიტეტის უზრუნველყოფის საკითხი მოსმენის მთავარი თემა იყო. მით უმეტეს, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომამდე ერთი დღით ადრე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ერაყის ახალი და ჩამოუყალიბებელი მთავრობა ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით იძულებული იქნება სუვერენიტეტის ნაწილი დათმოს. ამას გარდა გასულ კვირას შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა უკვე გამოიყენა ტერმინი "შეზღუდული სუვერენიტეტი."

კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჩაკ ჰეიგალმა ნეგროპონტეს ხსენებული სუვერენიტეტის მასშტაბების განმარტება სთხოვა. კონკრეტულად, ჰეიგალი დაინტერესდა, ერაყის ახალ მთავრობას რა ძალა და გავლენა ექნება ისეთი ვითარების განსამუხტად, რომელიც, მაგალითად ფალუჯაში შეიქმნა.
ნეგროპონტეს თქმით, ახლაც კი, გაეროს რეზოლუციის თანახმად, ერაყის მმართველი საბჭო სუვერენულად ითვლება. თუმცა ეს სუვერენიტეტი მაინც შეკვეცილია. 30 ივნისის შემდეგ კი როდესაც ხელისუფლება დროებით მთავრობას გადაეცემა, შეზღუდვები, მოიხსნება.
პაუელის კომენტართან დაკავშირებით კი ნეგროპონტემ შემდეგი განაცხადა.

[ჯონ ნეგროპონტეს ხმა]" არის ერთი სფერო, რომელშიც ერაყელები ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხებენ სრულად განახორციელონ ძალაუფლება. ეს სფეროა უსაფრთხოება. მაგრამ არ მინდა რამენაირი ტერმინით დავაკნინო ის პასუხისმგებლობა, რომელიც ახლად დანიშნულმა სუვერენულმა მთავრობამ უნდა ითვირთოს."

რაც შეეხება შეიარაღებულ დაპირისპირებას ფალუჯაში, ნეგროპონტეს თქმით, ერაყის ახალი მთავრობისთვის ფალუჯის მაგვარი სიტუაციებისთვის თავის გართმევა ძნელი იქნება.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი რიჩარდ ლუგარის აზრით კი არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სუვერენული იქნება ერაყის ახალი მთავრობა. მთავარია ნეგროპონტე დროულად დამტკიცდეს, რათა უკვე 1 ილისისთვის შეერთებული შტატების საეჩო ერაყში გამართულად მუშაობდეს.

[ლუგარის ხმა]" არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ 30 ივნისს საელჩოში უბრალოდ სინათლეს ავანთებთ და ყველაფერი თავისთავად აეწყობა. ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კოალიციაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა განვსაზღვროთ, როგორ განაწილდეს და განხორციელდეს მმართველობა და ადმინისტრაციული ძალაუფლება. ამისთვის აუცილებელია, რომ ელჩი ნეგროპონტე, თავის გუნდთან ერთად, რაც შეიძლება მალე შეუდგეს საქმის კეთებას. "

ნეგროპონტემ, თავის მხრივ, დასძინა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე დროულად, დაახლოებით 1 ივნისამდე მაინც განისაზღვროს ერაყის დროებითი მთავრობის შემადგენლობა იმისათვის, რომ ახალი ადმინისტრაციის წევრები მოვალეობის შესრულებას მომზადებულნი შეუდგნენ.
ნეგროპონტეს აზრით, სხვა ქვეყნებისთვის, კერძოდ გაეროს წევრი ქვეყნებისთვის თანაბრად აქტუალური უნდა იყოს ერაყში წესრიგის აღდგენა. შესაბამისად მათ ასევე უნდა იზრუნონ მსხვილი სამხედრო კონტინგენტის ერაყში გასაგზავნად. ნეგროპონტე ამბობს, რომ როგორც გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იგი აქტიურად ცდილობს, გაეროს უშიშროების საბჭომ ამგვარი სამხედრო ძალის სრული უფლებით აღჭურვა უზრუნველყოს.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დემოკრატი სენატორი ჯოზეფ ბაიდენი ამ მოსაზრებას ეთანხმება. იგი აღნიშნავს, რომ ბუშის ბევრი ოპონენტის აზრით, ერაყში საომარი მოქმედებების დაწყების მოწინააღმდეგე ქვეყნები არ ისურვებენ ქვეყანაში წესრიგის აღსადგენად ამერიკას დახმარების ხელი გაუწოდონ. ფაქტი კი ბაიდენის თქმით ისაა, რომ სტაბილურობა ყველას ინტერესებშია.

[ჯოზეფ ბაიდენის ხმა]"რატომ მოისურვებს ვინმე ჩვენს დახმარებას. ის, რაც გავაკეთეთ, მათ მოწონებას არ იმსახურბს და არც ის მოსწონთ, როგორ გავაკეთეთ ეს. მათ არ მოსწონთ მეთოდები, რომელსაც ახლა ვიყენებთ. ჰოდა, რატომ დაგვეხმარებიან. თქვენ გაერთიანებული ერები ორგნიზაციაში სხვებზე უკეთ გესმით-ერაყში სამოქალაქო ომს ვერც ისინი დაუშვებენ."
შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ელჩობის კანდიდატს სენატი ამტკიცებს, ან პირიქით, არ ამტკიცებს. სავარაუდოდ ნეგროპონტეს კანდიდატურა სენატისათვის მისაღები იქნება. თუმცა ზემოხსენებული კომიტეტის მოსმენაზე, ზოგადი დადებითი განწყობის მიუხედავად, რამდენიმე კრიტიკული შენიშვნაც გაისმა.
მაგალითად, დემოკრატმა სენატორმა ქრისტოფერ დოდმა გაიხსენა დრო, როდესაც ნეგროპონტე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო ჰონდურასში. პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაცია, დოდის თქმით, მაშინ ნიკარაგუაში, მარქსისტული მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებულებს უჭერდა მხარს.
დოდი აღნიშნავს,რომ ნეგროპონტეს ერაყში უკედ გარჯა მოეთხოვება, რომ ერაყში აღებული კურსის შეცდომებზე ამერიკის მთავრობის სწრაფი რეაგირება სწორედ მის პროფესიონალიზმსა და მოქნილობაზე იქნება დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, სენატორის აზრით, მისია ერაყში კრახით დასრულდება.



XS
SM
MD
LG