Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიონიანი დემონსტრაცია აბორტის უფლების შეზღუდვის წინააღმდეგ


25 აპრილს ვაშინგტონში გრანდიოზული დემონსტრაცია გაიმართა:

როგორც იმავე დღეს გახდა ცნობილი, მილიონზე მეტი ადამიანის მონაწილეობით! ეს ადამიანები უმეტესწილად ქალები იყვნენ, მათ შორის აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ჰილარი კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი მედლინ ოლბრაიტი, კინოვასრკვლავები ვუპი გოლდბერგი, სიუზან სარანდონი, კეტლინ ტერნერი.

დიქტორი: [დემონსტრაციის ხმაური] "არჩევანი ახლა", გაიძახოდნენ დემონსტრაციაზე, რომლის მონაწილეები არა მარტო ვაშინგტონელები და იქ შეერთებული შტატების სხვა კუთხეებიდან ჩასულები იყვნენ. მათ გვერდით, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კიდევ 50 ქვეყნიდან ჩასულები მიაბიჯებდნენ. მათ სპეციალურად მიაშურეს ვაშინგტონს, რათა ამერიკელ ქალებთან ერთად მათთვის არჩევანის თავისუფლება მოეთხოვათ (ლაპარაკია არჩევანზე, შვილის ყოლის საკითხში: პრინციპში არჩევანზე, გაიკეთებ თუ არა აბორტს).

როგორც ჯერ კიდევ დემონსტრაციის მიმდინარეობისას გამოაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა, იმ დღეს, 25 აპრილს ვაშინგტონში შეკრებილების რიცხვმა მილიონ 150 000-ს მიაღწია. [აქტივისტის ხმა]

ეს, მომხსენებელი ქალის სიტყვებით "ისტორიული ამბავი" შემდეგი მიზეზით მოხდა: ამერიკელების ნაწილში აღშფოთებას იწვევს ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მისწრაფება, შეზღუდოს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის უფლება. ზოგადად, ჯორჯ ბუში აბორტის პრინციპულ მოწინააღმდეგედ არის მიჩნეული. მართალია, შეერთებულ შტატებში აბორტი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ მოქმედებს არაერთი შეზღუდვა. მაგალითად, იკრძალება აბორტის გასაკეთებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის გამოყენება, ანუ აბორტის არა-კერძო კლინიკაში გაკეთება. ეს კი ნიშნავს, რომ ქალებს, რომელთაც შედარებით დაბალი შემოსავალი აქვთ, აბორტზე ხელი არ მიუწვდებათ. გარდა ამისა, ამერიკის ამჟამინდელმა მთავრობამ გააუქმა რამდენიმე ორგანიზაციის, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსება იმის გამო, რომ ის ავრცელებს ინფორმაციას ოჯახის დაგეგმვის საკითხებზე: ამ საკითხებს კი ორსულობის თავიდან აცილების სხვადასხვა მეთოდზე, კონტრაცეპტივებზე ინფორმაცია მიეკუთვნება.

ამერიკელების ნაწილი, ვინც აბორტის არჩევანის არსებობას ქალის ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს, იმდენად აღშფოთებულია მთავრობის პოზიციით, რომ მან 7 ორგანიზაციის ინიციატივით მასშტაბური საპროტესტო გამოსლვა დაგეგმა და ის 25 აპრილს ჩაატარა კიდეც.
[ვუპი გოლდბერგის ხმა] "თუ ადამიანებს არ ეხმარებით, მას უბრალო ინფორმაციაზეც კი უარს ეუბნებით, წადით, თავიდან მოგვწყდითო!" ურჩია შეერთებული შტატების მთავრობას ვაშინგტონის დემონსტრაციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კინოვარსკვლავმა ვუპი გოლდბერგმა. ამჟამინდელი მთავრობისადმი კრიტიკული დამოკიდებულება არც დემონსტრაციის რამდენიმე სხვა მონაწილეს დაუმალავს, მათ შორის სენატორ ჰილარი კლინტონს. [ჰილარი კლინტონის ხმა] "12 წლის წინ ვმონაწილეობდით მარშში, რომელმაც უამრავი ადამიანი აიტაცა მთელს ქვეყანაში. მაშინ ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც ქალთა არჩევანის უფლებას ემხრობოდა. და ახლაც ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ". 12 წლის წინ არჩეული პრეზიდენტით ჰილარი კლინტონმა, რასაკვირველია, თავისი მეუღლე ბილ კლინტონი იგულისხმა და იქვე მოუწოდა შეკრებილებს, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ დემოკრატ კანდიდატზე, მაშასადამე ჯონ კერიზე შეაჩერონ არჩევანი...

საერთოდ, შეერთებულ შტატებში ძნელად თუ მოიძებნება საკითხი, რომლისადმი დამოკიდებულებაც აბორტის საკითხის მსგავს მწვავე დისკუსიებს იწვევს: როგორც რიგით მოქალაქეებში, საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ ელიტაში. არა მარტო ჯორჯ ბუში, მისი რესპუბლიკული პარტია აბორტის მოწინააღმდეგედ ითვლება, ოპოზიციონერი დემოკრატები კი "არჩევანის მომხრეები" არიან, ანუ საჭიროდ მიიჩნევენ, ქალებს დაუტოვონ აბორტის გაკეთების უფლება. აი, რას ამბობს პოლიტოლოგი ლერი საბატო [საბატოს ხმა] "თითქმის ყველა დიდი საკითხი, რომელიც მოსახლეობის ემოციურ გამოხმაურებას იწვევს, პოლიტიკურ საკითხად იქცევა ხოლმე და პარტიათა შორის დაპირისპირებას იწვევს - აბორტი ასეთი საკითხია და მასთან დაკავშირებით რესპუბლიკელები და დემოკრატები ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებზე დგანან". საბატოს ისტორიკოსი ალან ლიხტმენიც ეთანხმება: [ლიხტმენის ხმა] "აბორტის საკითხში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია ბოლო 15-20 წლის მანძილზე შეერთებული შტატების ორ პოლიტიკურ პარტიას დაუკავშირდა, რაც დამატებით ამწვავებს უთანხმოებას. დღეს რომ მოისურვოთ ერთი რომელიმე საკითხის შერჩევა, რომლისადმი დამოკიდებულება ერთმანეთისაგან განასხვავებს რესპუბლიკელსა და დემოკრატს - აბორტის საკითხი უნდა შეარჩიოთ."

ვაშინგტონში გამართულ დემონსტრაციაზე, როგორც ჩანს დემოკრატები და მათი მხარდამჭერები სჭარბობდნენ. თუმცა იქვე გაიმართა აბორტის მოწინააღმდეგეების დემონსტრაცია - მართალია, გაცილებით უფრო მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც დემონსტრაცია: [დემონსტრანტის ხმა] "აბორტი მკვლელობა არისო", ამბობდა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე.

ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებით, ამერიკელების 48 პროცენტი ემხრობა, 45 კი ეწინააღმდეგება აბორტის უფლებას. როგორც ისტორიკოსი ალან ლიხტმენი განმარტავს: [ლიხტმენის ხმა] "აბორტის საკითხში ერთმანეთს უპირისპირდება ფუნდამენტური მნიშვნელობის ორი ტრადიცია. ერთი მხრივ, ამერიკა არის მრავალფეროვანი ქვეყანა, რომელიც ტოლერანტულად ეკიდება ნებისმიერი ტრადიციის მიმდევარ ადამიანებს, ყველას უზრუნველყოფს საკუთარი შეხედულებისამებრ ცხოვრების უფლებით. მაგრამ არის საკვანძო მნიშვნელობის კიდევ ერთი ტრადიცია: ამერიკა, როგორც ქრისტიანული სახელმწიფო, დაფუძნებულ იქნა ქრისტიანულ ფასეულობებსა და ცხოვრების წესზე."

ასე, რომ ერთ მხარეს დგანან ამერიკელები, ვინც თავს მიიჩნევს ამ ფასეულობების ერთგულად და აბორტს "მკვლელობას" უწოდებს. მეორენი კი აცხადებენ, რომ ქალს უნდა შეეძლოს, მიიღოს გადაწყვეტილება თავისივე სხეულის შესახებ და რომ აბორტის უფლების გაუქმება ქალთა საუკუნოვანი ჩაგვრის სამარცვხინო ეტაპზე დაბრუნება იქნებოდა. მართლაც, რთული საკითხია...

25 აპრილს გამართულმა დემონსტრაციამ აჩვენა, რომ აბორტისადმი დამოკიდებულება, შესაძლოა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საარჩევნო თემად იქცეს პრეზიდენტობის ორი კანდიდატის, ჯონ კერისა და ჯორჯ ბუშის პაექრობაში.
XS
SM
MD
LG