Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობენ პრაღის ქუჩებში ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანებაზე?


სამიოდე დღეც და ადამიანები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ისტორიული მოვლენის მოწმეები გავხდებით: სახელმწიფოთა ერთგვარი "ელიტური კლუბის",

ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტად ქცეული გაერთიანების - ევროკავშირის სრულუფლებიან წევრებად მიიღებენ 10 ქვეყანას, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკას და, საერთოდ, უმეტესწილად ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს, რომელთა მკვიდრნი არც თუ დიდი ხნის წინ ევროკავშირის ქვეყნებში ტურისტებად ჩასვლაზე თუ იოცნებებდნენ. ჩეხეთზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას რომ, სწორედ ჩეხეთში, პრაღაშია განთავსებული "რადიო თავისუფლების" შტაბ-ბინა. ამიტომ, რადიოს ქართული სამსახურის პრაღელმა თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ, 1 მაისამდე, ანუ ევროკავშირის გაფართოებამდე დარჩენილ დღეებში, გავერკვეთ, როგორ მოემზადნენ ევროკავშირისთვის ჩეხეთში, როგორია რიგითი მოქალაქეების განწყობა... რას ფიქრობენ პრაღის ქუჩებში ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე?

[გერმანელი ახალგაზრდების ხმები]"-ო, ღმერთო ჩემო!
ამ საკითხში ვერ ვერკვევი... აქვს დადებითი და აქვს უარყოფითი მხარეები. [შეკითხვა: გიფიქრიათ, რა არის დადებითი და რა უარყოფითი?] არა, არ გვიფიქრია..."

ცხადია, ვერ ვიტყვი, რეპრეზენტატიული გამოკითხვის შედეგებს გთავაზობდეთ, მაგრამ ერთი რამ გამვლელებდთან - ჩეხებთან და უცხოელებთან, საქმით დაკავებულებთან და დინჯად მოსეირნეებთან, ახალგაზრდებთან და ხანდაზმულებთან საუბრისას სრულიად ნათელი გახდა: ახალგაზრდების გულგრილობა ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. წეღან მოისმინეთ 17-18 წლის გერმანელი გოგონების პასუხი შეკითხვაზე: რა აზრისა ხართ ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანების შესახებ? რამდენიმე ჩეხმა ახალგაზრდამ შეკითხვის ბოლომდე დასმაც არ დამაცალა, "ევროკავშირის" ხსენებაზე გზა გააგრძელა. რას იზამ? ჟურნალისტის ხვედრია: ზოგი გიპასუხებს, ზოგი არა...

აი, უფროსი თაობის წარმომადგენლებიდან კი უპასუხოდ არავის გავუსტუმრებივარ. უმეტესობა კმაყოფილებას გამოთქვამს:
[ხანდაზმული ქალის ხმა] "მე მივესალმები. მაგრამ იცით, მალე 71 წლის გავხდები. როცა ეს ყველაფერი აეწყობა, მე აღარ დამაინტერესებს. [შეკითხვა: მაგრამ თქვენს ოჯახს?] - კი, მაგრამ ეს მათი საქმეა. ისინიც ემხრობიან ევროკავშირში შესვლას, ახლა ამერიკაში არიან, მაგრამ აქ ყოფნა ურჩევნიათ."

მოკლე პასუხს დასჯერდა გერმანელი ტურისტიც, რომელსაც ჰოკეის მაისური ეცვა: [ტურისტის ხმა] "ევროკავშირის გაფართოებას მივესალმები. კარგია!" მსმენელთა შორის სპორტის მოყვარულებმა, ალბათ, იციან, რომ ჩეხეთში ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ასე, რომ უცხოურ გუნდებთან ერთად მათი გულშემატკივრებიც არიან ჩამოსული.

ახლა კი პრაღის მკვიდრის უფრო დეტალურად ჩამოყალიბებული პოზიცია ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანების საკითხზე. [ჩეხი მამაკაცის ხმა] "სხვა ალტერნატივა არ არსებობს. [შეკითხვა: მაგრამ როგორც ფიქრობთ, პოზიტიური პროცესია?] ყველაფერსა აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი არის ის, რომ ევროკავშირის გაფართოება ხელს უწყობს ევროპაში მშვიდობის გამყარებას. უარყოფითი მხარე კი ის არის, რომ მსხვილი საერთაშორისო კონცერნები, მსხვილი საერთაშორისო კაპიტალი ადგილობრივ მომცრო ფირმებს ავიწროვებს.ხდება, როგორც ამბობენ, "ინტერნაციონალიზაცია". დღეს ევროპის ქალაქებში ერთი და იმავე საფირმო ნიშნებს, ერთი და იმავე ნაწარმს ხედავ. იგივე ეხება საკვებ პროდუქტებს. დიდი კონცერნები ადგილობრივ ფირმებს ავიწროვებენ."

ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანებაზე აზრის გამოთქმა ვთხოვე ერთ ნაცნობსაც - მზიას, რომელიც პრაღის ცენტრში მომცრო რესტორნის, "კავკაზის" მფლობელია. [იხ. აუდიოვერსია]

მზიას რესტორნიდან 200-ოდე მეტრში მდებარე მოედანზე - "სტარომესტსკაზე", რომლის ღირშესანიშნაობები ურიცხვ ტურისტს იზიდავს, პოლონელებს გამოველაპარაკე. მათი აზრი ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანებაზე, ალბათ, განსაკუთრებით საინტერესოა, რახან ევროკავშირში 1 მაისს პოლონეთიც შედის... [პოლონელი მამაკაცის ხმა]"ვემხრობით და ძალიანაც გვიხარია! დღეს გერმანია-ჩეხეთის საზღვარი გადმოვიარეთ. მალე ეს საზღვარი პრაქტიკულად აღარ იარსებებს. აუცილებელია თანამშრომლობა. ჩვენ ხომ ერთ ევროპაში ვცხოვრობთ. ასე, რომ ძალიან გვიხარია!"

მაგრამ ჩემი პოლონელი თანამოსაუბრის ოპტიმიზმს არ იზიარებს ცოლ-ქმარი, რომელიც იქვე, "სტარომესტსკაზე", ჯიხურში თოჯინებს ჰყიდის... [გამყიდველი ქალის ხმა] "გვეშინია, რომ ცხოვრება გაძვირდებაო", მითხრეს პრაღის უმშვენიერეს ცენტრში ჯიხურის ჩეხმა მეპატრონეებმა. მაგრამ რამდენიმე ნაბიჯში ისევ სულ სხვა მოსაზრება მოვისმინე: ახალგაზრდები, რომლებიც, როგორც გაირკვა, ბელგიიდან ჩამოვიდნენ პრაღაში, ფიქრობენ, რომ ვითარება ჩეხეთში უკეთესობისაკენ შეიცვლება. "შესაძლოა, ადამიანები ამ ქვეყანაში უფრო მდიდრები გახდნენო", ასე ფიქრობენ ისინი. რატომ? ვერ გატყვით. მათ არ იცოდნენ... [ბელგიელი გოგონების ხმა]
XS
SM
MD
LG