Accessibility links

logo-print

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკში საქართველოს წილი შეიძლება შემცირდეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თბილისს ეწვია შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის დელეგაცია, რომელსაც ბანკის პრეზიდენტი მუსტაფა გიურტანი ხელმძღვანელობს. აღნიშნული ბანკი შავი ზღვის აუზის ქვეყნებს

აერთიანებს და მან საქართველოში რამდენიმე პროექტი უკვე დააფინანსა.

ამ დღეებში საქართველოში დაიწყო შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის მუსტაფა გიურტანის ვიზიტი, რომლის ძირითადი მიზანიც ქვეყანაში შექმნილი საფინანსო კლიმატის შესახებ ინფორმაციის მიღება და საბანკო სისტემისა და ადგილობრივი საკრედიტო ბაზრის შესწავლაა.

ამ საბანკო ინსტიტუტის საკრედიტო ხაზებით უკვე სარგებლობს „თიბისი ბანკი" და „საქართველოს ბანკი". ასევე მათ მიერ 10 მლნ. აშშ დოლარის თანადაფინანსებით ხორციელდება ფოთის პორტში ნავთობის ტერმინალის პროექტი.

თავად შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი 1994 წელს დაარსდა და მისი მიზანია ბისეკის წევრ ქვეყნებს შორის რეგიონალური მასშტაბების პროექტთა დაფინანსება. ბანკის საწესდებო კაპიტალი დაახლოებით 1.4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის კაპიტალში დამფუძნებელი ქვეყნების შესატანი წილების მიხედვით, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და ალბანეთი 2%-იან კვოტას ფლობენ. მთლიანობაში, ბანკის კაპიტალში საქართველოს წილი დაახლოებით 2.8 მლნ აშშ დოლარია. მიუხედავად საქართველოსთან წარმატებული საქმიანობისა, როგორი შეფასებაც მას ბანკის პრეზიდენტმა მუსტაფა გიურტანმა მისცა, შესაბამისი თანხების უქონლობის გამო, ქვეყანა ბანკის კაპიტალში წილობრივი კვოტის 1%-მდე შემცირების საშიშროების წინაშე დადგა. ეს გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ მიმდინარე წლის მარტში მიიღო და ამ საკითხს საბოლოოდ 6-7 ივნისს ალბანეთში, ბანკის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, განიხილავენ.
თუმცა მუსტაფა გიურტანი გვარწმუნებს, რომ საქართველოსთვის პროგრამების დაფინანსების მხრივ ეს არაფერს შეცვლის.
[მუსტაფა გიურტანის ხმა] „საქართველოს საფინანსო სექტორთან ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ და ვაპირებთ ამ პარტნიორობის განვითარებას, განსაკუთრებით ვაჭრობის დაფინანსებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში. რაც შეეხება საწესდებო კაპიტალში თქვენი ქვეყნის კვოტის შესაძლო შემცირებას, არა მგონია, ამან რაიმე გავლენა მოახდინოს ან მიმდინარე პროექტებზე, ან მოსალოდნელ დაფინანსებაზე, რადგან დიდია ნდობა ქართული მხარისა და ქვეყნის პოტენციალის მიმართ ."

სხვათა შორის, საწესდებო კაპიტალში თავისი კვოტის შესაბამისი თანხების შეტანის პრობლემა ცოტა ადრე წარმოეშვა მოლდოვასა და სომხეთსაც, რომელთაც ბანკის დირექტორთა საბჭოს მიმართეს საკუთარი კვოტის შემცირების თაობაზე. კვოტის გადანაწილების პროცედურა 2005 წელს უნდა განხორციელდეს. მანამდე კი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი საბჭოს წევრის მერაბ კაკულიას თქმით, ჩვენ ჯერ გვაქვს შანსი სტატუს-კვო შევინაჩუნოთ:
[მერაბ კაკულიას ხმა] „2005 წლამდე ამ შემცირებულ აქციებს არ გადაანაწილებენ სხვა წევრებზე, ანუ საშუალება კიდევ არსებობს, რომ ამ დრომდე ჩვენ გადავიხადოთ დავალიანება და აღვიდგინოთ საწყისი პოზიცია."
საგადასახადო შემოსავლების ზრდისა და ბიუჯეტის შესრულების მიუხედავად, ქვეყანას თავისი დავალიანების გადახდის პრობლემა მაინც აქვს, თუმცა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკში საქართველოს კვოტის განახევრების შემთხვევაშიც, ბანკის პრეზიდენტის და დირექტორატის წარმომადგენლების თქმით, ქვეყნისათვის პროგრამების დაფინანსების კუთხით, რაიმე ცვლილება მაინც არ იქნება მოსალოდნელი და ბანკი ყველა მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებს განახორციელებს.
XS
SM
MD
LG