Accessibility links

logo-print

არჩევანი პორტფელსა და მანდატს შორის


რამდენიმე დღეში საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა, შესაძლოა, ხუთი დეპუტატით შემცირდეს. საქმე ის არის, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ერთდროულად აღმასრულებელ და

საკანონმდებლო ხელისუფლებაში მუშაობის პრაქტიკას კრძალავს. საინტერესოა, ვინ არიან ისინი, ვისაც დეპუტატის მანდატსა და მინისტრის პორტფელს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ; რას ფიქრობს მათზე ამომრჩეველი; როდის და სად გაიმართება ხელახალი მაჟორიტარული არჩევნები.

არჩევანის გაკეთება გენერალურ პროკურორს ირაკლი ოქრუაშვილს, ჯანდაცვის მინისტრს გიგი წერეთელს, პრეზიდენტის რწმუნებულს იმერეთის მხარეში დავით მუმლაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი ბარამიძესა და იუსტიციის საბჭოს მდივანს გია გეწაძეს მოუწევთ. თუმცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომუშავე პოლიტიკოსები არც მალავენ, რომ არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთეს. ყოველ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი გიგი წერეთელი აცხადებს:

[გიგი წერეთლის ხმა] "გადაწყვეტილება, ბუნებრივია, მიღებული მაქვს. თუ ამ დღეებში ჩემი ამომრჩეველი არ აღდგა და არ მოითხოვა ჩემი უკან დაბრუნება, ბუნებრივია, გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს."(სტილი დაცულია)

ცნობისათვის: გიგი წერეთელმა მაჟორიტარული არჩევნები თბილისის მთაწმინდის რაიონში მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დეპუტატობის კანდიდატზე დიდ იმედს ამყარებდა, მათი უმეტესობა წერეთლის არჩევანს მაინც გაგებით ეკიდება:

[ქალბატონის ხმა] "ამაში მე ტრაგედიას და რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ხელახლა ავირჩევთ იმას, ვინც იქნება. ...ასეთი რამეები ხდება ხოლმე, მე მგონი, პრაქტიკაში ხშირად არის ხოლმე..." (სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] "აქ არ შეიძლება ცალ-ცალკე პიროვნებების განხილვა, არავითარ შემთხვევაში. ეს უნდა განიხილო როგორც ერთიანი გუნდი. ამიტომ მე ძალიან ნაწყენი იმაზე, რომ ის წავიდა მინისტრად, არა ვარ." (სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] "გული არ დამწყდა? გიგიზე? არა! სულერთია, მე მგონი!.."(სტილი დაცულია)

მოქმედი კანონის თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასულ დეპუტატებს პარლამენტი უფლებამოსილებას ავტომატურ რეჟიმში - ათ დღეში უწყვეტს. ცენტრალური საარჩევნო კომისია კი ხელახალი მაჟორიტარული არჩევნების დანიშვნაზე იწყებს ზრუნვას.

[ელზა გულიაშვილის ხმა] "ცეესკა ნიშნავს თვითონ. ამას ჰქვია უკვე ხელახალი არჩევნები. კენჭისყრამდე ორი თვით ადრე მაინც დანიშნავს აუცილებლად. ანუ, თუ ჩატარდება 1 სექტემბერს, ამის შესახებ ორი თვით ადრე გამოცხადდება." (სტილი დაცულია)

ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსის ელზა გულიაშვილის თქმით, ხელახალი მაჟორიტარული არჩევნები გორის, კრწანისის, მთაწმინდის, ზესტაფონისა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.

დაბოლოს, შესაძლოა, ხელახალი მაჟორიტარული არჩევნები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეც დაინიშნოს. საქმე ის არის, რომ ქობულეთისა და ბათუმის საარჩევნო ოლქებში გამარჯვებული როსტომ ჯაფარიძე და ჯემალ გოგიტიძე, პროტესტის ნიშნად, საქართველოს პარლამენტის წევრობაზე თავად აცხადებენ უარს.
XS
SM
MD
LG