Accessibility links

logo-print

ევროკავშირის გაფართოვება ბელორუსიისა და უკრაინის მოსახლეობის ნაწილის ცხოვრების პირობების შეცვლასაც გულისხმობს


ევროკავშირის გაფართოვება ბლოკის ახალ წევრ ქევყნებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების შეცვლას გულისხმობს. თუმცა

იგი ამასვე გულისხმობს ევროკავშირის ახალი საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ადამიანებისთვისაც ბელორუსიასა და უკრაინაში. საზღვარზე რამდენიმე სახის ცვლილებაა მოსალოდნელი-მათი ნაწილი თანდათანობით განხორციელდება, ნაწილი კი დაუყოვნებლივ. წვრილი სასაზღვრო ვაჭრობა, რომელიც უკრაინისა და ბელორუსიის გაღატაკებული მოსახლეობისათვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს, სავარაუდოდ შეიზღუდება.


ევროკავშირის უახლესი წევრების ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის საზღვრისკენ ყოველდღიურად ასობით უკრაინელი და ბელორუსი მიემართება. ისინი ყიდიან სიგარეტს, არაყს, საკვებს-მოკრძალებულ საქონელს, რომელთა რეალიზაციით მიღებული ასევე მოკრძალებული რაოდენობის ფულით ოჯახების დაპურება და შენახვაა შესაძლებელი.

თუმცა უახლოეს მომავალში მათ თვითდასაქმების ეს საშუალება საგრძნობლად გაურთულდებათ-ამიერიდან ამ ქვეყნების საზღვრების გადაკვეთას მხოლოდ ევროკავშირის სავიზო რეჟიმი დაარეგულირებს. უკვე შეიძლება იმის თქმაც, რომ საზღვრის გასწვრივ ვაჭრობა პრაქტიკულად მკვეთრადაა შემცირებული.

გამორჩეულად გაცხოველებული ვაჭრობა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შეინიშნება. ოქსანა პლიაკი დასავლეთ უკრაინის პატარა სოფელ ბიკივში ცხოვრობს. იგი პენსიონერია. როგორც ქალბატონმა საინფორმაციო სააგენტო რეიტერის კორესპონდენტს ამას წინათ განუცხადა, დაახლოებით 20 დოლარის ოდენობის პენსიით თვიდან თვემდე თავის გატანა მას მხოლოდ სასაზღვრო ვაჭრობის წყალობით შეუძლია.

პოლონეთის საზღვარზე გაძლიერებულმა კონტროლმა ბევრი წვრილი მოვაჭრე უკვე დააფრთხო. პლიაკი განაგრძობს თავის საქმეს, რომელიც საკმაოდ მძიმე და შრომატევადია- ყოველდღიურად საზღვრამდე მან შვიდი კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს,შემდეგ ერთდღიანი ვიზის მისაღებად გრძელ რიგში უნდა ჩადგეს. რიგში იგი საშუალოდ 4 საათს მაინც კარგავს.

თუმცა, ყველა სირთულის მიუხედავად, ქალბატონ პლიაკს ვაჭრობით მიღებული შემოსავლების დაკარგვის ალბათობა ძალზე აშინებს. იგი ფიქრობს, რომ ევროკავშირის გაფართოვება მას სწორედ ასეთ პერსპექტივას უქადის.

[ოქსანა პლიაკის ხმა]" ამ წვალების მიუხედავად, დღეში სამ-ოთხ დოლარზე მეტის გაკეთება ჩემს ძალებს აღემატება. არა, რასაკვირველია, თუ მეტ საქონელს გადაიტან, შემოსავალიც შესაბამისად გაიზრდება, მაგრამ მე პირადად ვეჭვობ, რომ უფრო დიდი რაოდენობის ტვირთის თრევა შევძლო. "

ბელარუსიას ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებიდან საერთო საზღვარი პოლონეთთან, ლატვიასა და ლიტვასთან აქვს. როგორც დამოუკიდებელი მინსკელი ანალიტიკოსი ანდრეი ფედოროვი ამბობს, საზღვარზე სხვადასხვა ქვეყნების მიერ დაწესებული წესები მცირედით განსხვავდება ერთმანეთისაგან.

[ანდრეი ფედოროვის ხმა]" რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პოლონეთში ვიზა ორჯერ იაფდება. მე მგონი ერთჯერადი ვიზა 1 მაისიდან 5 ევრო ეღირება. თუმცა ჩემის აზრით, ეს არც კი უკავშირდება პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანებას. შეთანხმება გაცილებით ადრე იყო მიღწეული. რაც შეეხება ლატვიას, იქ ვიზა საგრძნობლად 10-დან 25 ევრომდე ძვირდება. მაგრამ ნაცვლად მრავალი სახეობის ვიზისა, მხოლოდ ორი სახეობა იმოქმედებს-ტრანზიტული და პირდაპირი."

რამდენიმე წვრილ მოვაჭრეს შეუძლია თავს უფლება მისცეს და ვიზაში 10 ან სულაც 25 ევრო მართლაც გადაიხადოს. მაგრამ, როგორც წესი, პოლონეთის საზღვარზე დაწესებული ხუთი ევროც კი მძიმედ დააწვება უმრავლესი მოვაჭრის ჯიბესა და შემოსავლებს.

სერხიო კარერა ბრიუსელში ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრში მუშაობს. მისი პროფილი ევროკავშირის სავიზო პოლიტიკაა. ის ამბობს, რომ ევროკომისიის პოზიციაა, საზღვარზე დაწესებული ახალი წესები ბარიერად არ იქცეს, ერთის მხრივ, ვაჭრობის, მეორეს მრივ კი კულტურული გაცვლებისათვის. სწორედ ამისთვის გადაიდგა ნაბიჯები ადგილობრივი სასაზღვრო მიმოსვლის მოსაწესრიგებლად.

[კარერას ხმა]" ეს საშუალებას მისცემს საზღვრის მახლობლად 50 კილომეტრის ფარგლებში მცხოვრებ ადამიანებს სპეციფიური ვიზები აიღონ. ეს ვიზა მათ, მაგალითად პოლონეთში ვაჭრობის მიზნით გადასვლის მსურველებს, ან მათ ვისაც ოჯახები ჰყავთ პოლონეთში, მისცემს საშუალებას გრძელი პროცედურებისა და ადმინისტრაციული შემოწმებების გარეშე გადაკვეთონ საზღვარი."

კარერა ასევე შენიშნავს,რომ საზღვრის მახლობლად ვაჭრობა და მოგზაურობა ევროკავშირის ქვეყნებში ბელორუსებისა და უკრაინელებისათვის უფრო გართულდება სამი წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის ახალი წევრები შენგენის ხელშეკრულებას მიუერთდებიან. ამ დრომდე ტექნიკურად ევროკავშირის საზღვრად გერმანიის აღმოსავლეთი საზღვარი რჩება. ანუ გარკვეული დროით ევროკავშირს ერთის ნაცვლად, ორი აღმოსავლეთის საზღვარი ექნება.


XS
SM
MD
LG