Accessibility links

logo-print

ვინ და რატომ თქვა უარი საქართველოს პარლამენტის წევრობაზე


ცნობილმა ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ პარლამენტის წევრობაზე უარი თქვა, მის ადგილს მემარჯვენე ოპოზიციაში მეწარმე თამაზ ყაჭეიშვილი დაიკავებს. მრეწველთა პარტიის თავმჯდომარის მიერ

მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ის პოლიტიკიდან მიდის. გოგი თოფაძე აქტიურ პარტიულ მუშაობას გააგრძელებს და, რაღა თქმა უნდა, არც პარლამენტში დარჩენილი თანამოაზრეების საქმიანობის მიმართ იქნება გულგრილი. თუ არ ვცდებით, გოგი თოფაძის ჩათვლით, ბოლო წლების მანძილზე
ოთხმა დეპუტატმა თქვა უარი დეპუტატის მანდატზე ისე, რომ ეს უარი თანამდებობრივი შეუთავსებლობით არ ყოფილა განპირობებული. ეს ოთხი შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავებულ მოტივს ეფუძნებოდა. მაინც, ვინ და რატომ თქვა მოულოდნელად უარი დიდი ბრძოლის ფასად მოპოვებულ დეპუტატობაზე?


პირველი უარი საქართველოს პარლამენტის წევრობაზე ანტონ ინგოროყვამ თქვა. მან, გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, დეპუტატობას სხვა საქმიანობა ამჯობინა. ამ ნაბიჯის სხვა განსაკუთრებული მოტივი არ დასახელებულა და არც საზოგადოებაში მოჰყოლია სერიოზული რეზონანსი იმ ფაქტს, რომ დეპუტატმა დეპუტატის მანდატი დათმო. შემდეგი კი დავით მაღრაძე იყო. 1999 წელს არჩეული პარლამენტი მან სწორედაც განსაკუთრებული მოტივით - იქ დამკვიდრებულ მდაბიურ გარიგებებზე პროტესტის ნიშნად მიატოვა და ამ პროტესტს მაშინ კონკრეტული სამომავლო მიზანიც ჰქონდა:

[დავით მაღრაძის ხმა] " მსურს, რომ მომავლისათვის მაინც შეიქმნას პრეცედენტი, რომ არც ერთი თანამდებობის შენარჩუნება არ ღირს საკუთარი ღირსებისა და პრინციპების ფასად. მე ის ადამიანი არ გახლავართ, რომელიც ამ დარბაზის ერთი კარიდან გავა და მეორედან შემოვა. სამწუხაროდ, პარლამენტში, სადაც მდაბიური გარიგებები უტიფრად ხდება, ვერ ვხედავ ასპარეზს საზოგადოების გაჯანსაღების წადილის განსახორციელებლად. ამიტომაც ვტოვებ პარლამენტს და გავაგრძელებ საქმიანობას იმ საზოგადოებასთან ერთად, რომელიც ჩემი მშობლიური გარემოა. " (სტილი დაცულია)

პოეტი დავით მაღრაძე მშობლიურ გარემოს დაუბრუნდა; ოდნავ მოგვიანებით ის "ვარდების რევოლუციის" აქტიური მონაწილე გახდა; რევოლუციის შემდეგ არც ერთ თანამდებობაზე არ დაწინაურებულა, მით უფრო, არც პარლამენტში დაბრუნებულა.
ჩვენ მიერ გახსენებული გამოსვლა, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში შედგა, საზოგადოებამ ზნეობრივ გამოსვლად შეაფასა, მაგრამ, ამის მიუხედავად, დავით მაღრაძისთვის არავის მიუბაძავს: პროტესტის ნიშნად 1999 წელს არჩეული პარლამენტი აღარავის დაუტოვებია - არც პარლამენტის ვადის მიწურულს, ანუ რევოლუციის წინ, და არც რევოლუციის შემდეგ, მაშინ როცა დეპუტატებს ამა თუ იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა აღარ გამოუვიდათ. პროტესტის ნიშნად დეპუტატობაზე უარი აღარ განმეორებულა, თუმცა უარი მესამედაც ითქვა:

[გიორგი თარგამაძის ხმა] "ნება მომეცით, მოგმართოთ განცხადებით, რათა საქართველოს პარლამენტმა შემიწყვიტოს უფლებამოსილება. მე ვაპირებ საქართველოს პარლამენტიდან წასვლას და ამაზე ვითხოვ თქვენს ნებართვას. ამავე დროს, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, გამომიყვანოს ყველა სახელმწიფო კომისიიდან, სადაც პარლამენტის წევრის და ფრაქციის თავმჯდომარის სტატუსით ვიყავი შეყვანილი. "

ეს უკვე გიორგი თარგამაძე იყო. დეპუტატობას მანაც მშობლიურ გარემოში დაბრუნება ამჯობინა და საკმაოდ პრაგმატულადაც. პარლამენტს და ასლან აბაშიძის "აღორძინებას" გიორგი თარგამაძე " ტელეიმედში" გაექცა , სადაც საკმაოდ მაღალრეიტინგულ სატელევიზიო გადაცემას უძღვება. დაბოლოს, დეპუტატობაზე უარის უკანასკნელი, მაგრამ ახალ პარლამენტში პირველი შემთხვევის შესახებ:

[გოგი თოფაძის ხმა] "სრულიად ობიექტურად ვამბობ: მართლაც ბევრი საქმე მაქვს, ბევრი საინტერესო პროექტი იწყება - სამთო ტურიზმის განვითარება, ხე-ტყის გადამუშავება. დიდი საზოგადოებრივი დატვირთვაც მაქვს და აღარ რჩება დრო. არ არის ტრაგედია. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც თოფაძე იყოს პარლამენტში. დრო არ მრჩება - ბიზნესი ბევრ დროს მართმევს, თორემ პოლიტიკური მუშაობა გაგრძელდება. "

მრეწველთა პარტიის თავმჯდომარე გოგი თოფაძე აქტიურ პარტიულ მუშაობას გააგრძელებს. ეს არის, რომ მის ადგილს პარლამენტში სხვა მეწარმე - თამაზ ყაჭეიშვილი დაიკავებს. გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ მას ამომრჩევლისთვის არ უღალატია, რადგან უკვე წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას არ გამორიცხავდა, რომ, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, იქიდან წავიდოდა.

ჩვენ შეგახსენეთ დეპუტატობაზე უარის თქმის ფაქტები საქართველოში - ის, თუ ვინ და რატომ თქვა უარი საქართველოს პარლამენტის წევრობაზე ისე, რომ ამის მიზეზი თანამდებობრივი შეუთავსებლობა ან თანამდებობისთვის ბრძოლა არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG