Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობს ხალხი ჰიმნის მაღრაძე-კეჭაყმაძის ვარიანტზე


კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნით, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი უნდა გამოხატავდეს საქართველოს ხალხის პატრიოტიზმს, მის სწრაფვას ერთობისა

და თავისუფლებისაკენ. ამ მოთხოვნების გარდა, სახელმწიფო ჰიმნს ხალისით უნდა ასრულებდნენ არაპროფესიონალი მომღერლები, რიგითი ადამიანები, სპორტსმენები. მე კონკურსში გამარჯვებული ჰიმნისადმი თბილისელთა დამოკიდებულებით დავინტერესდი.

ის თბილისელები, ვისაც მე ვესაუბრე, პირობითად, სამ კატეგორიად შეიძლება დავყოთ. თბილისელების ერთ ნაწილს კონკურსში გამარჯვებული ჰიმნი საერთოდ არ მოუსმენია.

[ქალბატონის ხმა] "არ მომისმენია, მაგრამ სურვილი მაქვს, რომ მოვისმინო. რა ვიცი, ვერ გეტყვით ვერაფერს."

[მამაკაცის ხმა] "არ მოგვისმენია. სად უკრავენ, იცის ვინმემ? რომელ არხზე, ბაჩო და მაჩო რომ გამოდიან, იმ ტალღაზე უკრავენ თუ ოფიციალურ პირველ არხზე? არაფერი გამიგია, არ მომისმენია. საქვეყნო განხილვაში არ ყოფილა."


იშვიათად, მაგრამ თბილისის ქუჩებში ისეთ ადამიანებსაც შეხვდებით, რომლებსაც ჰიმნის მაღრაძე-კეჭაყმაძის ვარიანტი მოსწონთ:

[ქალბატონის ხმა] "მე მგონი, კი. ძველიც ძალიან მომწონდა, თუმცა იმის გამო, რომ საერთოდ ვერ ვმღერი, ვერც მაგას ვიმღერებ."

[ქალბატონის ხმა] "ძველს სჯობია. უფრო კარგად ისმინება, თუმცა არ მიცდია, რომ მემღერა. ტექსტის მხოლოდ დასაწყისი მახსოვს და ხვდებით, ალბათ, რატომაც. ახალი ჰიმნისადმი ცუდად ნამდვილად არა ვარ განწყობილი."
-
იქნებ, იმღეროთ...

"არა!"

არა - ამ პასუხს ყველაზე ხშირად იმ მოქალაქეებისგან მოისმენთ, ვისაც, გარდა იმისა, რომ გამარჯვებული ჰიმნი არ მოსწონს, თავად კონკურსის სამართლიანობაშიც ეპარება ეჭვი.

[მამაკაცის ხმა] "ალბათ, უკეთესი ჯობია! მე მგონი, ცოტა იჩქარეს. ტექსტი დაახლოებით ვიცი."

[მამაკაცის ხმა] "შენ რაღაცას რომ დაწერ, ის შენ იცი, რომ კარგია, მაგრამ ერთი სხვას ჰკითხე, მე მკითხე, როგორია. ეგრე არ შეიძლება, ასე არ შეიძლება!"



პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანილი ჰიმნის კრიტოკოსთა არგუმენტები კი ასეთია:

[მამაკაცის ხმა] "ჩვენს ფეხბურთელებს, მორაგბეებს აკრიტიკებდნენ, რატომ ვერ მღერიან "დიდებასო". აი, ამას როგორ იმღერებენ, ძალიან საინტერესოა. ვერავინაც ვერ იმღერებს, მერე იტყვიან, რატომ ვერ მღერიანო. ვერ იმღერებენ!"

[ქალბატონის ხმა] "ენის გასატეხია ახალი ჰიმნი და ვერ ვიმღერებ. "წ"-ები, "ჯ"-ები, "ყ"-ები და ეგეთი რაღაცეებია ხშირად."

[მამაკაცის ხმა] "ისეთი ტექსტი უნდა ჰქონდეს, რომ უნდა დაგბურძგლოს ტანში. როგორ გეკადრებათ... მე მახსოვს, ჩვენი ჰიმნი რომ იყო: "იდიდე მარად, ჩემო სამშობლო..." როგორია? ძალიან კარგია!"

თუ როგორია მაღრაძე-კეჭაყმაძის ჰიმნი, ამის თაობაზე კულტურის სამინისტროს ნდობით აღჭურვილმა ჟიურიმ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ჯერი ახლა საქართველოს პარლამენტზეა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG