Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერი უშიშროების საბჭოს აფხაზეთის საკითხში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს


შეერთებულ შტატებში სტუმრობის მანძილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მოლაპარაკებები გამართა არა მარტო მასპინძელი ქვეყნის ლიდერებთან,

არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთანაც. თავისი ვიზიტის ბოლო დღეს, გაეროს შტაბ-ბინაში გამოსვლისას, ზურაბ ჟვანიამ უშიშროების საბჭოს მოუწოდა, ახალი ენერგია მიმართოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისკენ.

საქართველოს პრემიერმა უშიშროების საბჭოს წევრებს უთხრა, რომ თბილისი კვლავინდებურად მხარს უჭერს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მაგრამ ამავე დროს, ვერ შეეგუება ვითარებას, როცა აფხაზთა მხარე ყოველმხრივ აფერხებს სამშვიდობო პროცესს.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "მივესალმებით ნებისმიერ მცდელობას, მიმართულს აფხაზთა მხარესთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ, მაგრამ, ამასთანავე, უფლებას ვერ მივცემთ სეპარატისტებს, სამშვიდობო პროცესი მძევლად აქციონ."

თავის სიტყვაში ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, რომ საგანგებოდ ისაუბრა იმ როლზეც, რომელიც კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთმა შეიძლება შეასრულოს. მოგვიანებით, რადიო "თავისუფლების" ნიუიორკელ კორესპონდენტთან საუბარში, მან ერთხელ კიდევ გაუსვა ხაზი ამ გარემოებას:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "ახლა ჩვენ გაცილებით უფრო ოპტიმისტურად ვაფასებთ სიტუაციას და ვფიქრობთ, რომ რუსეთის წვლილი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში შეიძლება მართლაც მეტად მნიშვნელოვანი იყოს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ორ ქვეყანას შორის მართლაც საგრძნობლად დამთბარი ურთიერთობა, განმტკიცებული ურთიერთნდობა. რუსეთთან იმდენი საერთო ინტერესი და საერთო საფიქრალი გვაკავშირებს, რომ ეს საბოლოოდ თანამშრომლობასთან მიგვიყვანს და არა დაპირისპირებასთან."

უშიშროების საბჭოში გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, რომ თავის სიტყვაში არანაკლები ყურადღება დაუთმო იძულებით ადგილნაცვალ პირთა პრობლემასაც.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "მე ხაზი გავუსვი, რომ ერთ-ერთი უპირველესი თემა არის დევნილთა დაბრუნება ღირსეულ პირობებში, ისე, რომ მათ ჰქონდეთ მართლაც უსაფრთხოების და ღირსეული ცხოვრების, საკუთარ ენაზე საუბრის და ბავშვების გაზრდის საშუალებები და პირობები. და მეორე თემა, რომელსაც ვერ გამოყოფ ამ პროცესისაგან, ეს არის აფხაზეთის საქართველოს ერთიან სახელმწიფოში სტატუსის განსაზღვრის საკითხი და ორივე თემაზე ჩვენ გვჭირდება რეალური წინსვლა."

ამ კვირის დასაწყისში გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აფხაზეთის სამშვიდობო პროცესი, ფაქტობრივად, ერთ ადგილს ტკეპნის, რისთვისაც ანანმა პასუხისმგებლობა აფხაზთა ლიდერებს დააკისრა.
XS
SM
MD
LG