Accessibility links

ფალუჯიდან ამერიკული ძალების ნაწილობრივი გაყვანის ოპერაციის დაწყება ერაყში ამერიკელთა ყველაზე მსხვერპლიანი თვის დასრულებას ემთხვევა


დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებმა ზოგიერთ პოზიციაზე ფალუჯასთან ალყის მოხსნის ოპერაცია დაიწყეს. ქალაქის სამხრეთი



და დასავლეთი კიდეებიდან შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილების ნაწილობრივი უკანდახევის დეტალები ჯერ-ჯერობით ბურუსითაა მოცული. შეერთებული შტატების სარდლობის ინფორმაციით, ქალაქის დაცვას ახლად შექმნილი ადგილობრივი ერაყული უსაფრთხოების რაზმი განახორციელებს. მასში დაახლოებით 1 100 ერაყელი ჯარისკაცი გაერთიანდება. დაჯგუფებას სადამ ჰუსეინის არმიის ყოფილი დივიზიის მეთაური, წარმოშობით ფალუჯელი გენერალი სალაჰ აბუდ ალ ჯაბოური უხელმძღვანელებს. თუმცა ჯერ-ჯერობით აღნიშნული უსაფრთხოების შეთანხმების რატიფიცირება ვაშინგტონს ჯერ არ მოუხდენია. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი შეთანხმება წინააღმდეგობაში მოდის ადრინდელ გეგმასთან, რომელიც ქალაქის ერთობლივ პატრულირებას ითვალისწინებდა.



ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ფალუჯის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით ქალაქის გავლენიან საგვარეო ლიდერებსაც კი დაუკავშირდნენ.

[პაუელის ხმა]"-ვცდილობთ ვიპოვოთ მშვიდობიანი გამოსავალი, დავიხმაროთ ცალკეულ თემთა შეიხები, რომელთაც უნარი შესწევთ, ქალაქში თავიანთი გავლენა გამოიყენონ. ასე რომ ფალუჯის პრობლემა თავისთავად მოიხსნება."

დღეს კი ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების ძალების მთავარსარდალმა ჯონ აბიზაიდმა დაწყებული ცვლილებები კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების შესაძლებლობად მიიჩნია. კომენტარი მან კატარის ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

[ჯონ აბიზაიდის ხმა]" შესაძლოა, ეს გარღვევადაც იქცეს, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, ცხადია იმაზე ვფიქრობთ, რომ შესრულებულ იქნას შესაბამისი პირობები."

დღეს ფალუჯიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ნაწილობრივი გაყვანის დაწყება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერაყში ყველაზე მსხვერპლიანი თვის დასასრულს ემთხვევა. აპრილში ერაყში დაიღუპა 125 და დაიჭრა 1000 ამერიკელი ჯარისკაცი.
ამასთან დაკავშირებით ამერიკული სარდლობისთვის დღის წესრიგში დგება ახალი საკითხი- არის თუ არა მსხვერპლი იმის მიზეზი, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ამბოხებულებთან ბრძოლისას ადექვატური დაცვის საშუალებებით არ არიან აღჭურვილნი.
ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი პირების განცხადებით, ამერიკული ძალები გაცილებით უკედ არიან აჭღურვილნი სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, ვიდრე მოიერიშეებთან საომრად.
ანალიტიკოსები კი შენიშნავენ, რომ სამხედროთა მსხვერპლის ზრდის მიზეზი შესაძლებელია საძიებელი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიაში, მძიმე ჯავშანტექნიკის რაოდენობის შემცირების შესახებ.
ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომლის, ფილიპ მიტჩელის აზრით, აღნიშნული ინიციატივის შემდეგ ამერიკელ ჯარისკაცებს ისღა დარჩენოდათ, ერაყის მოსახლეობის ნდობის დამსახურებაზე ეზრუნათ.

[მიტჩელის ხმა]"ცხადია, ურბანულ გარემოში ვერ გამოიყენებ, ვერც ტანკებს და ვერც ბრედლის ტიპის სამხედრო მანქანებს. ისინი ვერაფერს გახდებიან. ეს სამხედრო ოკუპაციაზე მცდარ სურათს ქმნის იმ რაიონებში, სადაც პატრულირება ხორციელდება. საჭიროა გაცილებით უფრო მსუბუქად მოქმედება."

ამერიკული სარდლობა, თავის მხრივ, ახლა იმაზე ზრუნავს, როგორ შეინარჩუნოს ბალანსი სამხედრო ძალების დაცვასა და ქვეყანაში სამშვიდობო პროფილის შენარჩუნებაში.


XS
SM
MD
LG