Accessibility links

logo-print

537-ე გამოშვება


გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" 537-ე გამოშვებას.

დღეს გესაუბრებით თემაზე "ჯორჯ სოროსი და საქართველო"; თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ გარემოებაზე; შემოგთავაზებთ ინტერვიუს მუსიკალურ ჯგუფ Soft Eject-ის წევრ, ვახო ბაბუნაშვილთან; გამოშვებას დავასრულებთ სიუჟეტით გამოჩენილ ბრაზილიელ ავტომრბოლელ აირტონ სენაზე, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ დაიღუპა.

პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


ჯორჯ სოროსი და საქართველო

ბიძინა რამიშვილი:
"სიმდიდრემ მომცა საშუალება ვაკეთო ის, რაც მნიშვნელოვანი მგონია - ხორცი შევასხა ჩემს ოცნებებს უკეთესი მსოფლიო მოწყობის შესახებ. ადრე თუ გვიან ხალხები და მათ მიერ არჩეული მთავრობები ღია საზოგადოების შექმნის პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ თავზე. როცა ეს დრო დადგება, გასაგები გახდება ჩემი მოტივი და არავინ იკითხავს, რატომ ვეხმარებოდი ადამიანებს" - ეს ჯორჯ სოროსის, ამერიკელი ფინანსისტისა და მეცენატის ცხოვრებისეული კრედოა. და ვინაიდან მთელი მსოფლიო ღია საზოგადოებამ ჯერ არ ქცეულა, არაერთ ქვეყანაში ჩნდება კითხვა - რატომ ხარჯავს ჯორჯ სოროსი მილიონობით დოლარს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს კითხვა საქართველოშიც საკმაოდ აქტუალურია. გთავაზობთ თამარ ჩიქოვანის მიერ მომზადებულ მასალას.


[მიხეილ ჩაჩხუნაშვილის ხმა] " მთავარი კითხვა, რომელიც ისმება, არის - რატომ ხარჰავს ფულს, თუ არაფერი უნდა და მხოლოდ დემოკრატიის განვითარებით არის დაინტერესებული. რადგან ამ კითხვაზე ვერ სცემენ პასუხს, ძველი წარმოსადგენია, რომ ვიღაცამ საკუთარი ფული დახარჯოს დემოკრატიისათვის."

თამარ ჩიქოვანი:
ეს მიხეილ ჩაჩხუნაშვილი გახლავთ, ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს", იგივე სოროსის ფონდის ერთერთი ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელი. საქართველოში ფონდის დაფუძნებიდან დღემდე მან თითქმის ყველა საფეხური გაიარა - იყო აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ფონდის დირექტორი, დღეს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეა. მან სოროსის ფილანტროპობასთან დაკავშირებით ეჭვები არ აწუხებს იმ 25 ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისგან განსხვავებით, რომლებიც სოროსის ფონდის მუშაობისადმი, კარგ შემთხვევაში, ეჭვს, ცუდ შემთხვევაში კი აგრესიას გამოხატავენ.

თავად ჯორჯ სოროსის ფიგურა ეჭვებისთვის კარგ საფუძველს ქმნის - ბუდაპეშტში, გაჭირვებული ებრაელი გამომცემლის ოჯახში დაბადებული ახალგაზრდა დღეს მილიარდელია. სხვა საკითხია, რომ მილიარდების შოვნასთან დაკავშირებით, სრულიად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს - თუ ერთთა მოსაზრებით, სოროსმა ქონება საბირჟო გარიგებებით დააგროვა, სხვათა აზრით, ის, უბრალოდ, მსოფლიო მასშტაბის სპეკულაციების ოსტატია. "კაცი, რომელმაც ინგლისის ბანკი გატეხა" - ასე უწოდეს სოროსს 1992 წელს, როცა სტერლინგის კურსის ვარდნაზე საბირჟო თამაშით მან 1 მილიარდიანი მოგება ნახა.

ღია საზოგადოების შექმნის იდეა სოროსის ახალგაზრდობის ოცნებაა - იგი კარლ პოპერის მოსწავლე გახლდათ. ცხოვრების მიზნად კი პოპერის იდეის - ღია საზოგადოების შექმნა იქცა. ამ მიზნით მან 25 ქვეყანაში საკუთარი ფონდი დააარსა. ფონდში შთამბეჭდავი თანხები ჩაიდო - 1994 წელს - 300 მილიონი დოლარი, შემდგომ წლებში - 350 მილიონი.

საქართველოში სოროსის ფონდი 1994 წელს დაფუძნდა. დაფუძნებას თავად ჯორჯ სოროსი ესწრებოდა, რომელიც 1994 წლიდან ოთხჯერ ჩამოვიდა საქართველოში. სოროსის ფონდებს შორის, საქართველოს ფონდი ფილანტროპის ერთერთ ყველაზე საყვარელ ფონდად ითვლებოდა და ითვლება. თითქმის 8-9 წელი ჯორჯ სოროსს საქართველოს ხელისუფლებასთან არავითარი პრობლემა არ ჰქონია - პირითაც კი, თბილისში ყოფნისას ამერიკელი სტუმარი ყოველთვის ხვდებოდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს. ნიუ-ოირკში ყოფნისას - უკვე ჯორჯ სოროსი ხვდებოდა საქართველოს პრეზიდენტს. კეთილ დამოკიდებულებას საფუძველი ნამდვილად ჰქონდა - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სოროსის ფონდი წლების განმავლობაში გრანტს აძლევდა 400 მასწავლებელს - მათ, ვისი მოსწავლეებიც ოლიმპიადებზე იმარჯვებდნენ. გრანტს იღებდნენ და იღებენ მეცნიერები. თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელს და კვლევით ინსტიტუტს სოროსის ფონდის დახმარებით ინტერნეტში ჩართვის საშუალება მიეცა. ედუარდ შევარდნაძის თხოვნით, სოროსი 2 წლის მანძილზე ანტიკორუფციული პროგრამის შექმნას და ანტიკორუფციულ ბიუროს აფინანსებდა. ურთიერთობები მას შემდეგ გაფუჭდა, რაც, ედუარდ შევარდნაძის თქმით, სოროსმა პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა:

[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] " რომ ჩამოვიდა, ყველა კარგად კი არ მუშაობდა. მე ვთქვი იმ დღეს, რომ სოროსი, მაგალითად, აფინანსებდა "კმარას." კი, დააფინანსე, კარგია, თუ ბავშვები რაღაცას მიიღებენ, მაგრამ პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიო. არ არის შენი საქმე პოლიტიკა. დაეხმარე ბავშვებს - მადლობას გეტყვიან...რაც მოხდა, მოხდა...."

თავად სოროსი უარყოფს საკუთარ მონაწილეობას ნომებრის მოვლენებში. რამდენიმე დღის წინ, ბიშკეკში ყოფნისას მან განაცხადა, რომ ფონდს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ვარდების რევოლუციაში:

[ ჯორჯ სოროსის ხმა] "ბევრი ხმები და მითქმა-მოთქმა იყო. მინდა ვთქვა, რომ ფონდს ვარდების რევოლუციაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია".

ამ განცხადებების მიუხედავად, ზოგიერთი სახელმწიფოს პრეზიდენტს ეჭვი მაინც აწუხებს და თადარიგსაც იჭერს - ნოემბრის მოვლენების შემდეგ, სოროსის ფონდი უზბეკეთში ხელისუფლებამ დახურა. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ფონდი სააქრთველოშიც დაიხუროს - ამ კითხვაზე მიხეილ ჩაჩხუნაშვილი ამბობს:

[მიხეილ ჩაჩხუნაშვილის ხმა] "ასე საკითხი არ დამდგარა. პირიქით - პირიქით - უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება სამოქალაქო საზოგადოებას, რადგან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ხელისუფლებაში გადავიდა. ამიტომ, ახალი ლიდერები უნდა გამოჩნდნენ."

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


მოსაზრებები თბილისის კრიმინოგენული ვითარების შესახებ

ბიძინა რამიშვილი:
ბანალობაა იმის თქმა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამართალდამცავი ორგანოების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. რამდენად კარგად ართმევს თავს ამ პრობლემას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს ახალი ხელმძღვანელობა. საერთოდ, როგორ შეიძლება დახასიათდეს ქვეყანაში და, კერძოდ, თბილისში არსებული კრიმინოგენული ვითარება და რას უნდა ველოდეთ მომავალში მდგომარეობის გამოსწორების მხრივ.

ამ საკითხების გარშემო ჩვენი კოლეგა გიორგი კაკაბაძე რამდენიმე რესპონდენტს ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ცხელ ხაზზე რეკავენ მოქალაქეები, რომელთა განცხადებით კრიმინოგენული ვითარება მეტად დამძიმდა. გახშირდა ქურდობისა და ძარცვის ფაქტები, თბილისის მთელ რიგ რაიონებში საღამოს გარეთ გასვლა უბრალოდ საშიში გახდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნანა კაკაბაძის თქმით, ამგვარ ვითარებაში ყველაზე კარგი ბარომეტრი არის საზოგადოება, რომელიც აბსოლუტურ უნდობლობას უცხადებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს.

[კაკაბაძის ხმა] "უფრო მეტიც, მოსახლეობას პოლიციის გაცილებით მეტი შიში აქვს, ვიდრე იმედი იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში პოლიცია მას დაიცავს. მიუხედავად ამისა, არსებობს მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მიმართვას პოლიციას დახმარებისთვის, მაგრამ ამ ნაწილის დიდი უმრავლესობა მაინც იმედგაცრუებული რჩება".

არსებული მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივასთან დაკავშირებით ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მთავარია ძალოვანი სტრუქტურების სურვილი რეალურად ებრძოლონ დანაშაულს და ამ სურვილის შესაბამისად იმოქმედონ.

[კაკაბაძის ხმა] "მაგრამ თუ ხელისუფლება გააგრძელებს პოლიციელთა წახალისების კურსს და განუცხადებს, - თქვენ კარგად მუშაობთ, - ამასთან დაუსჯელები დარჩებიან ის პოლიციელები, რომლებიც სჩადიან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და მათ მიმართ არ იქნება გამოყენებული კანონით გათვალისწინებული ზომები, ვფიქრობ, რომ მაშინ ეს პროცესი, სამწუხაროდ, დიდ ხანს გასტანს".

პარლამენტარი კობა დავითაშვილი თბილისში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებს აფასებს, როგორც საკმაოდ რთულს.

[დავითაშვილის ხმა] "ეს თავად პრეზიდენტმაც აღნიშნა, თუ არ ვცდები, მეტროთი მგზავრობის დროს. ასე რომ, კრიმინალები საკამოდ გააქტიურდნენ თბილისში".

კითხვაზე - იდგმება თუ არა რეალური ნაბიჯები კრიმინოგენული ვითარების გამოსასწორებლად, - პარლამენტარმა განაცხადა:

[დავითაშვილის ხმა] "მე ვერ ვხედავ სათანადო ნაბიჯებს კრიმინოგენული ვითარების გამოსწორების მხრივ. ეს ფაქტია. იმ ძალებით, რაც დღეს პოლიციის განკარგულებაშია, ეს სამსახური დღესაც შეიძლებოდა რაღაც სახით ამოქმედებულიყო. მაგალითად, ვფიქრობ, ეფექტური ღონისძიება იქნებოდა მანქანებით პატრულირება, განსაკუთრებით ღამის საათებში, კრიმინელური მდგოამრეობის გამოსწორებისთვის. "

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით კეკუას თქმით, უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს გარე სამსახური, სადაც იქნება საპატრულო განრიგი,

[ კეკუას ხმა] "ეს საპატრულო განრიგი და ავტოტრანსპორტით გადაადგილება იქნება თითქმის 24 საათიანი გრაფიკით, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ქუჩაში ჩადენილი დანაშაულის აღკვეთა-პროფილაქტიკას".

რაც შეეხება საერთო კრიმინოგენულ ვითარებას, დავით კეკუა ამბობს, რომ არა ერთი სიძნელის მიუხედავად, ეს ვითრება დედაქალაქში კონტროლირებადია, თუმცა, მარტივი ნამდვილად არ არის: სამართალდამცავები თითქმის ყოველდღიურად აკავებენ დანაშაულებრივი სამყაროს ორგანიზებულ ჯგუფებს, აგრეთვე ატარებენ გარკვეული პროფილაქტიკური ღონისძიებებს.

ამასთან დავით კეკუა არ უარყოფს, რომ სამართალდამცავთა რიგებში არიან არაკეთილსინდისიერი მუშაკები, რომლებიც კრიმინალებთან გარიგებაში არიან. მაგრამ, სამმართველოს უფროსის მოადგილის თქმით, ამ სახის დანაშაულის აღსაკვეთად შესაბამისი და მკაცრი ღონისძიებები ტარდება.

[კეკუას ხმა] "ჩვენთან ფუნქციონირებს ცხელი ხაზები. ნებისმიერი ასეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ უმკაცრეს გადაწყვეტილებებს და ამის არაერთი ფაქტი უკვე მოგვეპოვება".

ვუბრუნდები საუბარს ნანაკაკაბაძესთან. მართალია, ის ერთგვარი ეჭვით აფასებს პოლიტიკას, რომელიც დღეს სამართალდამცავ ორგანოებში ტარდება დანაშაულის ჩამდენი მუშაკების მიმართ, მაგრამ ერთგვარი იმედი მაინც აქვს დარჩენილი.

[კაკაბაძის ხმა] "თუ ეს პოლიტიკა შეიცვლება და მათ რეალურად მოუნდებათ ასეთი პოლიციელების დასჯა, გამოსწორება, მაშინ, რა თქმა უნდა, ამას მოსახლეობაც - თითოეული ჩვენგანიც იგრძნობს და პრობლემა მოგვარდება. ეს არის ძნელად მოსაგვარებელი პრობლემა, თუ იქნება ხელსიუფლების კეთილი ნება".

გიორგი კაკაბაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ინტერვიუ ვახო ბაბუნაშვილთან

ქართველი და, შესაძლოა, არა მხოლოდ ქართველი მსმენელისათვის ცნობილია ჯგუფი Soft Eject-ი. მეათე სტუდიის დვანდელ გამოშვებაში გთავაზობთ ინტერვიუს ჯგუფის წევრთან, ვახო ბაბუნაშვილთან, მას დავით პაიჭაძე ესაუბრება.



აირტონ სენა

ბიძინა რამიშვილი:
ათი წლის წინ, 1994 წლის 1 მაისს, დასავლეთი ევროპის ჯუჯა სახელმწიფო სან-მარინო მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. სწორედ იქ, ავტოსპორტის მოყვარულთათვის კარგად ცნობილ იმოლაში, მოხდა ტრაგედია, რომლის ამბავი ელვის სისწრაფით მოედო სპორტის სამყაროს და გული დასწყვიტა მილიონობით ადამიანს: დაიღუპა აირტონ სენა, 34 წლის ბრაზილიელი მრბოლელი. "ფორმულა ერთის" ავტომანქანებით რბოლამ დაკარგა თავისი საუკეთესო წარმომადგენელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და 41 "დიდი პრიზის" მფლობელი. ასეთებზე ვიცით ხოლმე თქმა, სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცაო. დღეს კი, დაღუპვიდან ათი წლის შემდეგ, აირტონ სენა მართლაც ლეგენდაა. დიდ სპორტსმენსა და ადამიანს დავით კაკაბაძე გაიხსენებს.

[კომენტატორის ხმა ძრავის გუგუნის ფონზე]

დავით კაკაბაძე:
ეს აირტონ სენას მანქანის ხმაა. რამდენიმე წუთში მისი "უილიამს-რენო" ტამბურელოს მოსახვევში ვერ "ჩაეწერება" და საათში 330 კილომეტრის სიჩქარით შეასკდება ბეტონის დამცავ კედელს. ექიმების ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს: ავარიიდან ზუსტად ოთხ საათსა და 23 წუთში აირტონ სენა ბოლონიის "მაჯორეს" საავადმყოფოში გამოესალმება სიცოცხლეს.

ალენ პროსტი: "მუდამ ვგრძნობ, რომ რაღაც ისე აღარ არის, როგორც იყო. თითქოს ვიღაც გამუდმებით გვაკლია. როცა ფორმულა ერთის რბოლებს ვადევნებ თვალს, სულ მგონია, აირტონი ბრძოლას გამოეთიშა, ან აირტონმა სპორტს თავი დაანება-მეთქი... ვერაფრით დამიჯერებია, რომ ცოცხალი აღარ არის."

ამას ამბობს ალენ პროსტი - კიდევ ერთი დიდი მრბოლელი და "ფორმულა ერთის" ავტოდრომებზე სენას მთავარი მეტოქე. აირტონ სენა დღეს ყველას აკლია - იმათაც კი, ვისთანაც მას ცხოვრებაში მეგობრობა არ აკავშირებდა.

მე ველაპარაკე ათი წლის წინანდელი ტრაგედიის ორ უშუალო მომსწრეს - დავით რამიშვილსა და ანო ჰეკერს. დათო თვითონაც მრბოლელია - საბჭოთა პერიოდის საქართველოს ორგზის ჩემპიონი ფორმულა "ვოსტოკის" ავტომანქანებით რბოლაში, ანო კი - ავტოსპორტის ექსპერტი - გერმანიის გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინეს" მიმომხილველი. 94 წლის 1 მაისს, ავარიის მომენტში, ორივე იმოლაში იყო - ერთი ტრიბუნაზე, მეორე - პრესცენტრში.

დავით რამიშვილი: "ვიჯექი ტრიბუნაზე, იქ არის მოსახვევი... -...რომ რაღაც სერიოზული მოხდა."

ანო ჰეკერი: "მისი დაღუპვის ამბავი რომ გამოაცხადეს, ხალხი სასოწარკვეთამ მოიცვა. სენას სიკვდილმა ზოგიერთ ჩემს კოლეგაზე ისე იმოქმედა, რომ მათ მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს და, კაცმა რომ თქვას, აღარც მოისურვეს."

მაინც რა იყო ავარიის მიზეზი? მანქანის ტექნიკური გაუმართაობა თუ მრბოლელის შეცდომა?

დათო რამიშვილი: "მიზეზი იმისა, რატომ დაეჯახა კედელს...-... არის ასეთი ვერსიაც."

დათო რამიშვილის მიერ ჩამოთვლილის გარდა, არსებობს სხვა ვერსიებიც. მათზე საუბარი ახლა ალბათ არ ღირს. უფრო საინტერესო სხვა რამ არის: "ფორმულა ერთის" რბოლათა ისტორიას მრავალი მსგავსი ავარია ახსოვს (თუნდაც იმავე იმოლაში, იმავე ტამბურელოს მოსახვევში), რომელთა შედეგად მრბოლელი მსუბუქი ტრავმით დაბრუნებულა შინ. სენას შემთხვევაში განგებამ სხვაგვარად ისურვა.

დათო რამიშვილი: "მიუხედავად იმისა, რომ ეს ავარია მოხდა ასეთი სიჩქარით და... - ...მეტი არავითარი ტრავმა არ მიუღია."

დავით კაკაბაძე: "სიკვდილი ადამიანს ლეგენდად აქცევს ხოლმე... - დავით რამიშვილი: კიდევ ძალიან ბევრი რაღაცის მიღწევა შეეძლო."

კიდევ ძალიან ბევრი რაღაცის მიღწევა სენას აღარ დასცალდა. მისმა დაღუპვამ, ფაქტობრივად, უკონკურენტოდ დატოვა მსოფლიოს ავტოდრომების ამჟამინდელი მპყრობელი - გერმანელი მრბოლელი მიხაელ შუმახერი.

მიხაელ შუმახერი: "აირტონის დაკარგვა უზარმაზარი დანაკლისი იყო, ერთი მხრივ, შეჯიბრებისთვის. მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ადამიანური მხარე, რადგან მან ჩვენს სახეობას უამრავი რამ მისცა. ის იყო ჩვენი სპორტის ერთგვარი სიმბოლო, რომლის ასე დაკარგვამ ყველანი შეგვძრა."

რით იყო ასე გამორჩეული აირტონ სენა? რა თვისებები განაპირობებდა მის ესოდენ დიდ პოპულარობას? დათო რამიშვილს მოუსმინეთ.

დავით რამიშვილი: "როგორც პიროვნება... რა თქმა უნდა, მე არ ვიცნობდი სენას... - ...

დათო რამიშვილი სენას პირადად არ იცნობდა, თუმცა, როგორც თვითონაც აღნიშნა, მის მიმართ დიდ სიმპათიას გრძნობდა. რით ხსნიან აირტონ სენას გამორჩეულობას მისი ახლობლები. ერთ-ერთმა მათგანმა, ცნობილმა ავსტრიელმა მრბოლელმა, სენას თანაგუნდელმა და მეგობარმა გერჰარდ ბერგერმა, ბი-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამ შეკითხვას ასე უპასუხა:

გერჰარდ ბერგერი: "აირტონი განსაკუთრებული ადამიანი იყო ბევრი თვალსაზრისით. ყველამ ვიცით, როგორი ნიჭით დააჯილდოვა იგი განგებამ. მაგრამ ნიჭიერი მრბოლელი ხომ სხვაც არაერთი ყოფილა. მისი განსაკუთრებულობა უმაღლესი ოსტატობისა და პიროვნული თვისებების ნაზავში უნდა ვეძებოთ. აირტონს ყველა იმდენად დიდ პატივს სცემდა, რომ ის ჯერ კიდევ სიცოცხლეში იქცა გმირად. ხალხისთვის იგი პირველ რიგში უდიდესი მრბოლელი იყო, რომელიც თითქმის არასოდეს უშვებდა შეცდომებს. სულ ვცდილობდი, ზედმიწევნით შემესწავლა მისი სტილი, გამეგო, სად ჰქონდა სუსტი წერტილი, სად შემეძლო, მეჯობნა მისთვის, მაგრამ ალბათ არ არსებობდა სფერო, სადაც ის ამის შესაძლებლობას მოგცემდა. მანქანიდან მას მაქსიმუმის ამოქაჩვა შეეძლო. და თუ ყველაფერი ამას მის პიროვნულ თვისებებსაც დაუმატებთ, მიხვდებით, რომ მისი დამარცხება ძალიან ძნელი იყო."

მისი დამარცხება ძალიან ძნელი იყოო, ამბობს გერჰარდ ბერგერი. მეტიც: სენას დამარცხება ზოგს სულაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდა; მათ შორის მის თანამემამულესა და უმცროს კოლეგას რუბენს ბარიკელოს, რომელიც დღეს მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელთა რიცხვს მიეკუთვნება.

რუბენს ბარიკელო: "ხალხს ეგონა, რომ მისი დამარცხება შეუძლებელი იყო, და მეც ასეთთა რიცხვში ვიყავი. აირტონი სუპერგმირად წარმოგვედგინა, სუპერგმირი კი არასოდეს კვდება. ზოგი სუპერგმირი დაფრინავს, ზოგი გაჭირვებულებს ეხმარება, ზოგი კი ხალხს სიხარულს ჩუქნის. აირტონი ასეთ გმირად წარმომედგინა ჯერ კიდევ მაშინ, როცა შინ, ტელევიზორით ვუყურებდი მის რბოლებს, ასე იყო მერეც, როცა ერთად ვმონაწილეობდით რბოლებში. ამიტომ, ჩემთვის ძალიან ძნელი იყო იმის გაგება, რატომ უნდა შემთხვეოდა ასეთი რამ ახალგაზრდა ადამიანს, რომელმაც ხალხს ამდენი სიკეთე აჩუქა."

რუბენს ბარიკელომ კარგად იცის, რას ამბობს. მისსა და სენას სამშობლოში, ბრაზილიაში, მისი უფროსი კოლეგა უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, უმთავრესად ბავშვებსა და მოზარდებს; თავის უზომო პოპულარობას იმისთვის იყენებდა, რათა საზოგადოებისა და მთავრობის ყურადღება სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენელთა პრობლემებისკენ მიემართა.

ვისაც 1994 წლის 1 მაისს, "სან მარინოს დიდი პრიზის" სტარტამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული კადრები უნახავს, არ შეიძლება არ ჩააფიქროს მანქანაში მჯდომი აირტონ სენას სახის გამომეტყველებამ: დამძიმებულმა, სევდიანმა, გულჩათხრობილმა. ხოლო ვინც სენა რბოლის დღეს ნახა, დარწმუნებულია, რომ მრბოლელთა მეფე იმ დღეს რბოლისთვის არ იყო განწყობილი. წინა დღეს, შაბათს, იმავე იმოლაში, ვარჯიშის დროს დაიღუპა ავსტრიელი როლანდ რაცენბერგერი, პარასკევს, ასევე ვარჯიშისას, ავარია მოუვიდა რუბენს ბარიკელოს - ყველაფერ ამას არ შეიძლებოდა, არ ემოქმედა ისეთ მგრძნობიარე ადამიანზე, როგორიც სენა იყო. რბოლის წინა დღეს, შაბათს, მას ინტერვიუ ჩამოართვა "ფრანკფურტერ ალგემაინეს" კორესპონდენტმა ანო ჰეკერმაც, რომელსაც ვკითხე, ადასტურებს თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს სენას იმ დღეს სტარტზე გასვლა არ სურდა.

ანო ჰეკერი: "მე ვერ დავადასტურებ, რადგან პირადად მას მხოლოდ წინა დღით, და ისიც სულ ხუთი წუთით დაველაპარაკე. მაგრამ კარგად ვიცნობ ადამიანებს, ვისაც სენასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მათგან ერთ-ერთია ავსტრიელი ფიზიოთერაპევტი იოზეფ ლებერერი, რომელსაც სენასთან ექვსი წლის თანამშრომლობა აკავშირებდა. მან მიამბო, რომ იმოლაში, პარასკევს და შაბათს მომხდარმა ავარიებმა, როცა რუბენს ბარიკელო მძიმედ დაშავდა, ხოლო როლანდ რაცენბერგერი დაიღუპა, სენაზე ძალიან იმოქმედა. ჩაფიქრებული დადიოდა, ცდილობდა, განმარტოებულიყო, თითქმის არავის ელაპარაკებოდა. ლებერერისთვის სენას უთქვამს, არ მინდა სტარტზე გასვლა, მაგრამ ამის ნებას ვინ მომცემსო... ცხადია, ძნელია იმის თქმა, გული მართლა რაღაცას უგრძნობდა თუ მის სიტყვებს მხოლოდ ჩვენ ვანიჭებთ მნიშვნელობას, რომელზეც თვითონ მას არც უფიქრია. ფაქტი ის არის, რომ სეზონის დაწყებამდე, პირველი საცდელი რბოლების შემდეგ, სენამ თქვა, მანქანები ძალიან ძნელი სამართავი გახდა და გამიკვირდება, თუ სეზონმა მძიმე ავარიების გარეშე ჩაიარაო."

მძიმე ავარიების გარეშე 1994 წლის სეზონმა მართლაც ვერ ჩაიარა. მაგრამ სენას ტრაგიკულმა სიკვდილმა "ფორმულა ერთის" ხელმძღვანელობა სერიოზულად დააფიქრა უსაფრთხოების პრობლემაზე. სულ მალე შემუშავებულ იქნა უსაფრთხოების ახალი, ძველზე ბევრად მკაცრი კოდექსი - როგორც მანქანებისთვის, ისე ტრასებისთვის. იმავე მიხაელ შუმახერს თუ დავესესხებით, სენას ტრაგედიის დადებით ასპექტად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მისი დაღუპვის შემდეგ "ფორმულა ერთი" გაცილებით უფრო უსაფრთხო გახდა. ხოლო კიდევ ერთმა გერმანელმა სპორტსმენმა, წარსულში "ფორმულა ერთის" მრბოლელმა მარკ ზურერმა სათქმელი ასე ჩამოაყალიბა: "შეიძლება, მწარედაც ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია: სენა უნდა დაღუპულიყო, რათა ბევრი სხვა მრბოლელისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა."

ბიძინა რამიშვილი:
დიდი ბრაზილიელი ავტომრბოლელის, აირტონ სენას ტრაგიკული დაღუპვის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი სიუჟეტი დავით კაკაბაძემ მოამზადა.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. მომავალ პარასკევამდე.
XS
SM
MD
LG