Accessibility links

logo-print

თბილისში თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით "ჯორჯია ტელეკომ 2004"


აჭარასთან გაჭიანურებული პოლიტიკური კონფლიქტითა და სახელმწიფო სტრუქტურათა რეფორმირებით შექმნილი არასტაბილური ეკონომიკური რეალობის პირობებში ცოტა

უცნაურადაც კი გამოიყურება საქართველოში ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის მოწყობა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო კომპანია "აი-ტი-სიმ" [ITC], 28-დან 30 აპრილის ჩათვლით, მაინც მოაწყო საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მომწოდებელთა გამოფენა.

[მუსიკა]

[ალექსანდრე ჯახუას ხმა] "პირველი გამოფენაა ასეთი კლასის საქართველოში, ანუ სატელეკომუნიკაციო ტიპის გამოფენები ჯერჯერობით საქართველოში არ ყოფილა, ეს არის პირველი ასეთი. პრინციპში, ეს მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია, ძალიან დანერგილია. რამდენიმე წელია ტარდება, დსთ-ს მასშტაბით, თითქმის ყველა ქვეყანაში და ჩვენთან არის პირველი და..." (სტილი დაცულია)

ალექსანდრე ჯახუა კომპანია "დელტაკომის" ინჟინერია და კმაყოფილია იმით, რომ, მიუხედავად ქვეყნის შიგნით არსებული არასტაბილურობისა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნესი მაინც ვითარდება:

[ალექსანდრე ჯახუას ხმა] "საქართველოში, შემიძლია ვთქვა, შედარებით სხვა ქვეყნებთან, კომუნიკაციები არის საკმაოდ განვითარებული, იმიტომ რომ აქ ლიბერალიზებულია ყველაფერი. ყველას შეუძლია გახდეს ოპერატორი, ყველას შეუძლია გახდეს სატელეფონო ოპერატორი, ინტერნეტ პროვაიდერი და ასე შემდეგ. ამის გამო, როგორც ხედავთ, ინტერესი დიდია."

[მუსიკა]

ლიბერალური პირობების გამო საქართველოში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას მზარდი ყოველდღიური მოთხოვნებიც განაპირობებს. თუმცა ეკონომიკის განვითარების დაბალი დონე და არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ბაზრის გაფართოების საშუალებას არ იძლევა. ამიტომ ქართული საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქცია არა საგამოფენო დიდმა პავილიონმა, არამედ სასტუმრო შერეტონ მეტეხი პალასის საკონფერენციო დარბაზმაც დაიტია.

"ჯორჯია ტელეკომი 2004" საქართველოში წარმოდგენილმა 10-მდე სატელეკომუნიკაციო კომპანიამ მოაწყო. მათ შორის არიან უკაბელო ინტერნეტის მიმწოდებელი ფირმები; რადიო სარელეო ხაზების აპარატურის, მძლავრი სერვერებისა და კომპიუტერული ქსელების ამწყობი კომპანიები; ასევე, ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორები და სხვა. მიუხედავად ამ მცირე და შეზღუდული მასშტაბებისა, დამთვალიერებელთა ინტერესმა ორგანიზატორთა და მონაწილეთა მოლოდინსაც გადააჭარბა. გამოფენის მესამე დღესაც კი დარბაზი სავსე იყო დაინტერესებული საზოგადოებით და დამთვალიერებლებით.

[დამთვალიერებელთა ხმა] "... ვათვალიერებთ. მაინტერესებს, უბრალოდ, როგორ ვითარდება ტექნოლოგია საქართველოში, რა დონეზე ვართ. აქამდე ასეთი არსად გვინახავს, სიახლეა ნამდვილად.

სტუდენტები ვართ კავშირგაბმულობის და იმიტომ დავინტერესდით. ვნახეთ ახალი ტექნოლოგიები, ბოლო კურსზე ვართ და კაბელებთან დაკავშირებული ინფორმაცია გვაინტერესებს."

[ისმის ხმაური გამოფენის დარბაზიდან]

კმაყოფილები დარჩნენ გამოფენის მონაწილე სატელეკომუნიკაციო კომპანიებიც, რომლებმაც უამრავი საინტერესო კომერციული წინადადება მიიღეს. ერთ-ერთ ასეთ დიალოგს მეც შევესწარი, როდესაც ინტერნეტის მომწოდებელი კომპანია სანეტის მენეჯერი სანდრო ჯინორიძე თურქულ კომპანია ჰესვიბელის წარმომადგენელთან შემდგომი თანამშრომლობის შესახებ მსჯელობდა.

[თურქი ბიზნესმენის ხმა] "ჩვენ ვაწარმოებთ ოპტიკურბოჭკოვან კაბელებს თურქეთში და ვთანამშრომლობთ ორმოცზე მეტ ქვეყანასთან და იმედი გვაქვს, რომ საქართველოშიც ვიპოვით პარტნიორს."

[სანდრო ჯინორიძის ხმა] "საინტერესოა, რასაც გვთავაზობენ. ადრე ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ შესყიდვები ამათთან არ გვქონია. იმედი მაქვს, რომ ახლა შეიძლება გამოჩნდეს რაღაც."

ამ სფეროს ექსპერტები ირწმუნებიან, რომ თუ საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო ელემენტარული საინვესტიციო გარემო ჩამოყალიბდა, როგორც სანდრო ამბობს, მართლაც გამოჩნდება "რაღაც".

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG