Accessibility links

საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდა, მაგრამ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი ჯერ ნაადრევია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფისკალურ სფეროში მიღწეულმა შედარებითმა წარმატებამ, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მატებამ, ხელისუფლებას საშუალება მისცა ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების

გაჯანსაღებაზე დაეწყო საუბარი. ის, რომ ხაზინაში რეალურმა ფულმა, და არა ქაღალდზე გაწერილმა შემოსავლებმა, იწყო შემოსვლა და ეს შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მართლაც, შთამბეჭდავია, ექსპერტებისათვის ჯერ არ არის იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტენდენციაზე ისაუბრონ. იმავდროულად, საქართველოში ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური რეალობიდან არცთუ ისე დიდი დროა გასული, რომ ყოველივე ამას სერიოზულად ემოქმედა ეკონომიკურ აქტივობაზე.

თუმცა სამეურნეო აქტივობის, ანუ ბიზნესის გამოცოცხლების, ერთ-ერთ ინდიკატორად საფინანსო ექსპერტებს წმინდა კრედიტზე მოთხოვნის გაზრდა მიაჩნიათ. საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე ფიქრობს, რომ, ამ პოზიციის მიხედვით, ზრდა ნამდვილად შესამჩნევია:

[გოგიტა ცუცქირიძის ხმა] „ეკონომიკური ზრდის ან შემცირების ერთ-ერთი მაჩვენებელი შეიძლება იყოს წმინდა კრედიტის მოცულობა საბანკო სექტორში, ანუ როგორი იყო მოთხოვნა ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან კომერციულ სესხზე. რომ ავიღოთ ტენდენციები შედარებისათვის, 1 აპრილის მდგომარეობით, შარშანდელთან შედარებით, არის ზრდა. მაგალითად, წელს არის 670 მლნ-მდე და შარშან იყო 645 მლნ. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკავშირდება „საზღვაო ბანკისათვის" ლიცენზიის ჩამორთმევას. ეს არ იყო პატარა ბანკი და სექტორის აქტივების დაახლოებით 5 პროცენტს ფლობდა და, საპროგნოზო მაჩვენებელს თუ მივიღებთ მხედველობაში, შეიძლება დამატებით 35 მლნ. იყოს რეზერვში. ანუ ეს ბანკი რომ მოქმედებდეს, წმინდა კრედიტის მოცულობა იქნებოდა არა 670 მლნ., არამედ დაახლოებით 35 მლნ-ით მეტი. ანუ, შარშანდელ პერიოდთან შედარებით, არის ზრდის ტენდენცია, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის მოთხოვნა საკრედიტო რესურსზე მაღალი იყო." (სტილი დაცულია)

მიუხედავად საკრედიტო რესურსზე გაზრდილი მოთხოვნისა, რაც, წესით, სამეურნეო აქტივობაზე უნდა მიუთითებდეს, მხოლოდ საბანკო სექტორის მიხედვით ეკონომიკური ზრდის ინდიკატორის დადგენა შეუძლებელია და აქ ეკონომიკის სხვა სეგმენტებსაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის სოციალური ფონი, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ღიად ჩამოყალიბებული და დროში გაწერილი დეტალური პროგრამის გარეშე ახალი ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. გარდა ამისა, ის ინიციატივები, რომელიც საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზებას ეხება და რითაც ხშირად გამოდის ქვეყნის პრეზიდენტი, ჯერ საკანონმდებლო აქტის ან პროექტის სახით არ არსებობს და რომც არსებობდეს, არანაირ გადაწყვეტილებას არ შეიძლება მოჰყვეს მყისიერი ეფექტი. ეკონომიკური ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ფიქრობს, რომ თუ დრაკონული ფისკალური პოლიტიკა არ შეიცვალა, ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, ქვეყანას შეიძლება სერიოზული კრიზისიც კი დაემუქროს:



[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] „ეკონომიკური ზრდის, უფრო სწორად კი, გაჯანსაღების ტენდენცია მხოლოდ ადმინისტრირების ხარისხის ამაღლებით, არსებული კატასტროფული საგადასახადო კოდექსის პირობებში, ვერავითარ კარგ შედეგს ვერ გამოიღებს, ვინაიდან ის მოსპობს ჩრდილოვან ეკონომიკას, ხოლო ტრანსფარანტულ, ნორმალურ ოფიციალურ ეკონომიკას ვერ განავითარებს და, საერთოდ, მთლიანი ეკონომიკური ნაგებობა საქართველოსი, რომელიც ისედაც თიხის ფეხებზე დგას, მთლიანად დაინგრევა. ამიტომ ჯერ უნდა იყოს მიღებული ლიბერალური საგადასახადო კოდექსი, თუნდაც ის ინიციატივები, რომლებიც პრეზიდენტმა შემოგვთავაზა - კერძო, ინდივიდუალური მეწარმეების გადასახადისაგან გათავისუფლება და ა. შ. ამან უნდა მიიღოს კანონის ძალა. იგივე ეხება საგადასახადო ამნისტიას. ამის შემდეგ უნდა განხორციელდეს მკვეთრი ადმინისტრირება. აი, ეს ორი ღონისძიება ერთდოულად უნდა გატარდეს, თორემ ეკონომეტრიკულადაც დათვლილი გვაქვს, რომ ჩვენ სადღაც სექტემბერში ველოდებით უმწვავეს ეკონომიკურ კრიზისს." (სტილი დაცულია)

ამდენად, დღევანდელ სიტუაციაში გვაქვს, ერთი მხრივ, შედარებით გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირება და, როგორც შედეგი, საბიუჯეტო შემოსავლების მატება. მაგრამ, მეორე მხრივ, ეკონომიკური სუბიექტები საგადასახადო პოლიტიკის კონტურების გამოკვეთამდე ერთგვარი მოლოდინის ტაქტიკას ირჩევენ, რაც არ შეიძლება არ აისახებოდეს სამეურნეო აქტივობაზე: არაპროგნოზირებად გარემოში ბიზნესს უჭირს პროგნოზირება და ის სერიოზული აქტივობისაგან, როგორც წესი, თავს იკავებს. ანუ ამგვარ სიტუაციაში ჯერ რაიმე ეკონომიკური გარღვევის და ზრდის შესახებ ხმამაღალი განცხადებები ოდნავ გადაჭარბებულად ჟღერს.
XS
SM
MD
LG